ავტორი:

ირანში დემონსტრაციები გრძელდება - ამჯერად შეტაკება მოხდა თეირანის უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის (ფოტოები)

ირანში დემონსტრაციები გრძელდება - ამჯერად შეტაკება მოხდა თეირანის უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის (ფოტოები)

ირანელი გოგონას, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც 17 სექტემბერს დაიწყო, ბოლო წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის ყველაზე დიდ დემონსტრაციად გადაიქცა. აქციის მონაწილეები ისლამური სასულიერო მმართველობის დასრულებას ითხოვენ. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე, რომელიც კვირას, თეირანის ცნობილ უნივერსიტეტში გაიმართა, ირანის უსაფრთხოების ძალები სტუდენტებს დაუპირისპირდნენ.

აქტივისტებმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აქცევენ ალყაში სპეცრაზმელები შარიფის უნივერსიტეტს.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ უშვებენ უსაფრთხოების ძალები ცრემლსადენ გაზს შენობიდან სტუდენტების გასადევნად, პარალელურად, სროლის ხმაც ისმის.

მეორე ვიდეოში ჩანს, როგორ მისდევს პოლიცია ათობით სტუდენტს უნივერსიტეტის მიწისქვეშა პარკინგის ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა ათობით სტუდენტი დააკავეს. ირანის სახელმწიფო მედიამ "შეტაკებების შესახებ" ცნობები გადმოსცა და თქვა, რომ ქვეყნის მეცნიერების მინისტრი კამპუსს სიტუაციის შესამოწმებლად ეწვია.

<iframe width="320" height="481" src="https://www.youtube.com/embed/D8nussLd9AE" title="Security forces storm Sharif University to arrest students | Iran protests | October 2, 2022" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

დემონსტრაციები კვირას რამდენიმე ქალაქში გაიმართა: თეირანში, იაზდიში, კერმანშაჰში, სანანდაჯში, შირაზში და მაშჰადში. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "დამოუკიდებლობა, თავისუფლება ხალხს, სიკვდილი ხამენეის".

მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რიცხვი და უსაფრთხიების ძალების მიერ დემონსტრანტების დარბევის, ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენების შემთხვევები მზარდია, აქციები არ წყდება. ირანელ უფლებადამცველთა ჯგუფმა, რომელიც ნორვეგიაშია დაფუძნებული, განაცხადა, რომ ირანის მასშტაბით 133 ადამიანია დაღუპული მიმდინარე აქციების დროს.

ირანის უზენაესი ხელისუფლების ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მაჰსა ამინის სიკვდილმა და აქციების დარბევებმა საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ირანის მთავრობა, რომელიც თავის მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ადანაშაულებს ისლამური რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა "ზნეობის პოლიციამ" ჰიჯაბის "არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ფიზიკური ძალადობის შემდეგ კომაში ჩავარდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა