ავტორი:

"რუსის კაცები აქ "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან და ჩვენ ომში გვიშვებენ" - ბჟანიას განკარგულება სამხედრო გაწვევის დაწყებაზე და აფხაზების საყოველთაო მღელვარება

"რუსის კაცები აქ "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან და ჩვენ ომში გვიშვებენ" - ბჟანიას განკარგულება სამხედრო გაწვევის დაწყებაზე და აფხაზების საყოველთაო მღელვარება

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევის შესახებ ბრძანებას პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინტერნეტგვერდი abkhaz-auto.ru-ს ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

"ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებსაც აქამდე სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ, უწყებას მიიღებენ. განკარგულების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს, ქალაქებისა და რეგიონების ადმინისტრაციებს აფხაზეთის მოქალაქეების გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაევალათ..." -წერს აფხაზური გამოცემა Апсныпресс.

რამდენიმე დღის წინ, ბჟანიას დავალებით, აფხაზეთში სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების რეკომენდაციების შესამუშავებლად სპეციალური კომისია შეიქმნა. 26 სექტემბერს ასლან ბჟანია ქალაქებისა და რეგიონების ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც ამ მიმართულებით მათ მიერ განხორციელებული აქტივობებით დაინტერესდა.

21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, შეეხება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას. სოხუმში მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია არ შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა, რომ კრემლი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მობილიზებას უკრაინასთან საბრძოლველად.

ბჟანიას დღევანდელ განკარგულებას აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე კრიტიკა და მღელვარება მოჰყვა. ნაწილის თქმით, შორს არ არის ის დრო, როდესაც მოსახლეობაში ისეთივე პროტესტი დაიწყება, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში - "ეს ჩვენი ომი არ არის!"

"გთხოვთ, ვინმემ განმიმარტოთ - ეს გაწვევა მათაც ეხებათ, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს?.. არც რემბო ვარ და არც ბეტმენი, ხელში იარაღი არასდროს მჭერია და საერთოდაც, მიმაჩნდა, რომ მე და ჩემს თანატოლებს, უკრაინის ტერიტორიაზე არაფერი გვესაქმება" - წერს ინტერნეტმომხმარებელი არტურ ადლეიბა.

"სრულიად შესაძლოა, რომ ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული სამხედრო გაწვევა იყოს, რომ არა ის სახიფათო ვითარება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ ჩვენს ქვეყანაში განვითარდა. მოდით, ვაღიაროთ, ჩვენი ბავშვები, ისინი ვისაც პატრონი არ ჰყავთ, ვისი მამები და ოჯახის წევრები საჯარო უწყებებში არ მუშაობენ, გავლენიანი ნათესავები არ ჰყავთ, არც ფული აქვთ და არც "კანონიერი ქურდი" ჰყავთ საახლობლოში, რომელიც გადარეკავს და ამ პრობლემას მოაგვარებს, ისედაც მიჰყავდათ ჯარში. ისინი უძლებენ იმ პირობებს, რაც ჩვენს არმიაშია. ზოგი სპეციალური სწავლებით რუსეთშიც წაუყვანიათ, მაგრამ ოჯახი არ ნერვიულობდა, იცოდა, რომ შვილი დაუბრუნდებოდა... ახლა კი რა ხდება?..

ბჟანია, არძინბა და აშუბა ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. ამიტომ ყველა პანიკაშია. ხედავენ რაც ხდება რუსეთში, ლარსზე, რუსეთის სხვა საზღვრებზე და ეშინიათ, რომ მათი შვილებით არ მოხდეს ამ დეზერტირების შევსება... არ მჯერა, რომ ახლა ეს ახალწვეულები აფხაზეთში დარჩებიან და აქ მიიღებენ სამხედრო გამოცდილებას. თუ ახლა არ ამოვიღებთ ხმას, მერე უკვე გვიანი იქნება იმის გარკვევა, სად უშვებენ ჩვენს შვილებს... " -წერს ნუგზარ ჯიკირბა.

"ამბობენ, რომ სრულიად მოუმზადებელი ხალხი გაუშვეს ომში... ათასობით ადამიანი, საქართველოში, ფინეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში გაიქცა, რუსი კაცები და ახალგაზრდები აფხაზეთში "ხავერდოვანი სეზონით" ტკბებიან, ბიზნესისთვის ადგილებს ათვალიერებენ და ჩვენი შვილები ომში გავუშვათ, რატომ?!.." - კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი ოლესია ჩაჩხალია.