ავტორი:

ურთიერთბრალდებები გრძელდება - აზერბაიჯანი სომხეთს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

ურთიერთბრალდებები გრძელდება - აზერბაიჯანი სომხეთს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

3 ოქტომბრის საღამოდან და 4 ოქტომბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზიველის, ზეილიკისა და ისთისუს დასახლებებისა და თოვუზის რაიონის აღდამისა და გარალარის დასახლებების მიმართულებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

"გაცნობებთ, რომ სიტუაციის მიზანმიმართულ ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • ცნობისთვის, გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ იყო საუბარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელებში თანმიმდევრულად გავრცელებული ვიდეოები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებს ასახავს.

კერძოდ, სომხეთის საელჩოს ცნობით, "ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედრო ტყვეების სასამართლოს გარეშე მკვლელობებს, სომეხი სამხედროების, მათ შორის ქალების წამებასა და ცხედრების შეურაცხყოფას. მათივე განმარტებით, "სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს ამ და წინა პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი შემზარავი სამხედრო დანაშაულების მკაფიო შეფასებას“.

"ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული პრობლემის გახმოვანებაში შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებსა და დაწესებულებებში, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენი და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის საქმეში, მათ შორის საერთაშორისო სანქციების გამოყენებით. ამ კონტექსტში, სათანადო საერთაშორისო გამოძიება იმპერატიულია.

ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, გაზარდოს აზერბაიჯანზე ზეწოლა, აზერბაიჯანში უკანონოდ მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაუყონებლივ დაბრუნების, იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევის მიზნით”, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.