ავტორი:

"თავიდან ეკრანზე გამოჩენას ვერ ვბედავდი... თითქოს საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა" - როგორია თათა გიორგობიანის ცხოვრება სცენის მიღმა: მომღერალი კარიერასა და პირადზე

"თავიდან ეკრანზე გამოჩენას ვერ ვბედავდი... თითქოს საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა" -  როგორია თათა გიორგობიანის ცხოვრება სცენის მიღმა: მომღერალი კარიერასა და პირადზე

ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობმა თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის... ცნობილი ბენდის მომღერალია და მაყურებელმა კარგა ხანია შეიყვარა.

როგორია თათა გიორგობიანი ეკრანს მიღმა, ამაზე AMBEBI.GE-ს ს თავად უამბობს.

- ზაფხულმა როგორ ჩაიარა?

- არაჩვეულებრივად.. "ღამის შოუს" ბენდი საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრა. ყველგან, სადაც ჩავედით, სრული ანშლაგი იყო. ტყიბულში კონცერტზე 17.000 ადამიანზე მეტი მოვიდა, თითქმის ამდენივე - წყალტუბოში. გვხვდებოდნენ, ფოტოების გადაღებას გვთხოვდნენ, საჩუქრები მოჰქონდათ, გვეხუტებოდნენ. სასწაული ემოციები იყო... ალბათ ამაზე დიდ საქმეს ვერაფერს გავაკეთებდით, უამრავი ადამიანი გავახარეთ, რაც მოტივაციას გვიზრდის, რომ ჩვენი საქმიანობა მეტი შემართებით და მონდომებით გავაგრძელოთ, ახალ-ახალი სიმღერები ჩავწეროთ და ამ ადამიანებს კვლავ ვესტუმროთ.

- ბენდში მუშაობა რას ნიშნავს შენთვის?

- არის მომენტები, როცა რაღაცას ავტომატურად ვაკეთებ, იმიტომ, რომ ამდენი კონცერტი, ამდენი მგზავრობა, ამდენი სცენა, განათება - რაღაც მომენტში მექანიკაში გადადის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ აღვიქვამ, აქ მუშაობით რამდენად დიდ ზეიმში მიწევს ყოფნა. დღეს თუ პოპულარულები ვართ, ეს დიდი ერთობლიობის ჯამია, - ბევრი კომპონენტია, რაც ამ პროდუქტს ქმნის. იმაზეც მიფიქრია, გავა წლები და ამ მდგომარეობას მეტად დავაფასებ-მეთქი... პირველ რიგში, ძალიან კომფორტულია ის გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ძალიან მნიშვნელოვანია, სამსახურში როგორი გარემოა, რა ურთიერთობებია. მადლიერი ვარ, რომ ამ ბენდის სახით კარგი მეგობრები შევიძინე. ისევე როგორც „ღამის შოუს“ პროდიუსერის, ზვიად ბლიაძის სახით, რომელიც ასევე ჩვენი ახლო მეგობარია... მუსიკალურადაც ძალიან გავიზარდე.

- მანამდე სად მღეროდი?

- ბენდში ვმღეროდი, თუმცა ეკრანზე გამოჩენას ვერ ვბედავდი, არაამბიციური ადამიანი ვარ. თითქოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ გელა გნოლიძემ გამაბედვინა და ყველანაირად, საშემსრულებლო მანერითაც ძალიან დამხვეწა. რომ არ ავეყვანე, ჩემით მის ბენდში არასდროს მივიდოდი. ის ჩემი წინა ბენდის ერთ-ერთ კერძო ღონისძიებაზე სტუმრად იყო მოსული, სადაც მნახა, მომისმინა და გუნდში მიმიწვია...

- შენ და ბაბი ერთად კარგ დუეტს ქმნით...

- მე და ბაბი მეგობრები ვართ, მეოთხე წელია, ერთად ვმუშაობთ და შეუძლებელია, სხვანაირად ყოფილიყო. ორივე ტელეწამყვანები ვართ, ასევე დაკავებულები ვართ სხვადასხვა რეკლამაში მონაწილეობით. ქალური სოლიდარობის მხრივაც ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ. ვართ თანამშრომლები და კოლეგები...

- მოკლედ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდი...

- მანამდე ბევრ პროფესიაში გამოვცადე თავი. ზოგან გამომივიდა, ზოგან - არა. ''ილიაუნიში'' ბაკალავრის კურსი ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით დავამთავრე და ამ მიმართულებითაც ვმუშაობდი.

- თუ ბავშვობიდან მღეროდი, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა მუსიკალური კუთხით რატომ არ განაგრძე?

- მუსიკა ჩემთვის ჰობი იყო, მისთვის დანიშნულება არ მიმინიჭებია. აბიტურიენტობისას სხვადასხვა საგანს მონდომებით ვსწავლობდი და მუსიკა გვერდით გადავდე, მთავარი მიზანი იყო, განათლება სხვა კუთხით მიმეღო. "ილიაუნიში“ ჩაბარების შემდეგ, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად, ვერთობოდი, ბენდში ვმღეროდი და უკვე დამატებით პროფესიაში გადაიზარდა.

- როგორც გავიგე, მაგისტრატურას ფსიქოლოგიის კუთხით გადიხარ, ე.ი. ეს დარგი გაინტერესებს...

- მაინტერესებს კი არა, აბსოლუტური განცდა მაქვს, რომ ამ სფეროში ვარ მთლიანად და ეს ყველაფერი ყოველთვის ჩემში იყო... პატარაობიდან მეგობრებიც რჩევებს მეკითხებოდნენ, სირთულეები მეც მხვდებოდა. პირად მაგალითზეც ბევრი რამ ვისწავლე. ახლა იმ სირთულეების საკმაოდ მადლიერი ვარ, ის რომ არ გამევლო, რაღაცებს ვერ დავუფიქრდებოდი, ამ დაკვირვების უნარს ვერ შევიძენდი და გამოვიმუშავებდი.

- ადამიანში, როგორც ფსიქოლოგი, პირველ რიგში რას აკვირდები და ამის მიხედვით, რა დასკვნებს აკეთებ?

- ადამიანს რომ ვუყურებ, მისგან დადებითი აურა უნდა მოდიოდეს. შეიძლება არ იყოს განათლებული, მაგრამ თუ მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს, ე.ი. მასში არის სიკეთე, რასაც ვგრძნობ კიდეც. რაღაცებს კიდევ სხეულის ენით ვხვდები. არის გარკვეული მექანიზმები, რის მიხედვითაც ადამიანი მარტივად იშიფრება. თუმცა მაინც გამოვყოფდი რამდენიმე თვისებას, - ადამიანი მიმართული უნდა იყოს პიროვნული ზრდისკენ, ეს პროცესი არასდროს უნდა შეწყვიტოს. მუდმივად განვითარებადები უნდა ვიყოთ. სამი შვილის დედამ მომწერა, - თათა, შენი გავლენით (ხანდახან სოციალურ სივრცეში მსუბუქად რაღაცებს ვწერ ხოლმე) ფსიქოლოგიით დავინტერესდი, სამი შვილი მყავს, ახლა ვაბარებ ფსიქოლოგიაზეო. გამიხარდა, რომ განვითარება არ შეწყვიტა. ამასთან, ადამიანს აუცილებლად სამართლიანობის განცდა უნდა ჰქონდეს და ოპტიმისტი უნდა იყოს. როგორი სირთულეც არ უნდა შეხვდეს, ზედმეტად სერიოზულად არ შეხედოს. იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- ცეკვასაც დიდი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში...

- ქართულ ცეკვებზე ბავშვობაში დავდიოდი, აბიტურიენტობისას ვეღარ გავყევი... მოგვიანებით ჰიფ- ჰოფზე მივედი, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარს. როდესაც ვცეკვავ, ისეთი განწყობა მაქვს, რომ მთელი ნეგატიური ენერგია ჩემგან გამოდის. ესეც ერთგვარი თერაპიაა. ძალიან მიყვარს ფიზიკური ვარჯიში, ფეხით სეირნობა, ბუნებასთან სიახლოვე. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახლობელია.

- ვფიქრობ, ხატვაც განტვირთვაა შენთვის...

- კი, განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა. თავიდან ნახატებში ტკივილი გადმომქონდა, საშინელებებს ვხატავდი. ის ყველაფერი გარეთ რომ გამოვიტანე, მივხვდი, რომ ჩემგან ნეგატივი წავიდა და ნამუშევრებში ბედნიერი ემოციების გამოხატვა დავიწყე. მინდა, რომ სამყარო ასეთი იყოს. ეს ხომ ასეც არის - თვითონ ვქმნით ჩვენს რეალობას. მეცნიერება ამბობს, რომ ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს. ნებისმიერი რამ, რაც ჩვენს ტვინში, აღქმაში შემოდის, ჩვენს სუბიექტურ ფილტრებს გადის. ამიტომ რეალობას სუბიექტურად ვუყურებთ. მოკლედ, ნებისმიერისთვის სამყარო ისეთია, როგორსაც ხედავს, როგორის დასანახადაც მზად არის.

- ბედნიერ ემოციებს გამოვხატავ ნახატებშიო. რა გახარებს?

- მახარებს სხვისი სიხარული. ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანი არ იქნება ბოროტი და ცუდს არაფერს გააკეთებს. ამიტომ, მინდა ყველა ბედნიერი იყოს, რომ ბოროტებამ აღარ იარსებოს... სამწუხაროდ, ბევრ ჩვენს ნაცნობს თუ უცნობს შერჩევითი სამართალი აქვს. ორმაგი სტანდარტები დამღუპველია. თუ არ გაიაზრე, საიდან მოგდის ეს აგრესია, ბრაზი, შური და ეს ყველაფერი თუ არ დაამუშავე, ვიღაცის მიმართ პროტესტი სულ გექნება და ხელს სხვისკენ გაიშვერ. ამ დროს ყველაფრის მოგვარების გზა ჩვენშია.

- შენ რაზე ბრაზდები?

- უსამართლობაზე. მაინც ვერ მოვახერხე, რომ არ გავბრაზდე. რამდენად გამოვხატავ ამ ბრაზს და რას ვაკეთებ იმ დროს, ეს სხვა საკითხია... უმეტესად არ გამოვხატავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბრაზი მაქვს. თუმცა ეს კარგი მოტივაციაც შეიძლება იყოს. საერთოდ ნებისმიერი ემოცია ორნაირად შეგვიძლია, გამოვიყენოთ კონსტრუქციულად და დესტრუქციულად. მთავარია, თავი არ გავაიგივოთ ჩვენს ემოციასთან. აღვიქვათ, რომ მე ეს ემოცია კი არ ვარ, ამას განვიცდი, ამიტომ ამას უფლებას არ მივცემ სისულელე გამაკეთებინოს.

- პირადი ცხოვრება პირადია... რა დოზით ახედებ იქ ადამიანებს...

- ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ერთად კარგად ვიყავით. მერე ვხედავდი, რომ რაღაც პრობლემები ცალმხრივად გვარდებოდა... ზოგადად სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს, სიყვარულით ადამიანი უნდა გაიზარდოს. როდესაც წყვილი ერთმანეთს მხარს ვერ უბამს, ერთი ჩამოეკიდება და უკან ქაჩავს, უკვე ცუდია... საერთო ტემპი ვერ ვიპოვეთ და დავიშალეთ. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ცუდ ურთიერთობას ჯობია, მარტო იყო. არ არის რთული, როცა ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ შენი შინაგანი მდგომარეობიდან არ იღებ და გააზრებული გაქვს.

- სცენაზე დგახარ, ბევრი თაყვანისმცემელი, გულშემატკივარი გყავს... როგორია შენი ემოციები და რეაქციები ამ დროს?

- ყურადღება ზრდილობის ფარგლებში, კულტურულ ნორმებში, ალბათ ყველა გოგოს სიამოვნებს. პირიქით, ვწუხდები ხოლმე, როდესაც ჩემ მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენენ და საჩუქრებს მიგზავნიან. ვცდილობ, უკან დავუბრუნო, რადგანაც თავს ვალდებულად ვგრძნობ და ვეუბნები, - ჩათვალე, რომ მაჩუქე... ზოგი საჩუქარს იბრუნებს, ზოგი - არა... ისე საჩუქრის გაცემა უფრო მიყვარს, ვიდრე მიღება.

- ყველანაირ ემოციაზე ვისაუბრეთ და სიმღერის დროს რას განიცდი?

- საოცრებაა, როდესაც ადამიანებს თავლებში უყურებ. მერე ბედნიერებაა, ამდენ ადამიანს რომ ვახარებ და საკუთარი თავის მნიშვნელოვნების განცდა მოდის, ოღონდ, ამპარტავნების გაგებით არა. ხვდები, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი ჰქონია. მაყურებელსა და შენ შორის საერთო ჯაჭვი იკვრება. ენერგიათა გაცვლა ხდება. ვინც სცენაზე დგას, ენერგეტიკული დონორია. ვინც არ არის, ვერასოდეს გახდება კარგი მომღერალი და მსახიობი. თუ პუბლიკას დადებითი ენერგია არ მიაწოდე, არაფერი გამოვა... ასე რომ, ბევრი დადებითი ენერგია უნდა გავცეთ...