ე.წ. ციხის კადრების საქმეზე მსჯავრდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ქაშაკაშვილმა მიიღო.
როგორც ზურაბ ადეიშვილს, ასევე დავით ჭაკუას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5000-5000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულებს 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებაც.
ბრალდების მხარე მეორე ინსტანციაში სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი მსჯავრდადებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.
ცნობისთვის, მსჯავრდებულებს ბრალი პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე ჰქონდათ წარდგენილი.