ავტორი:

"მორიგი პროვინციული სპექტაკლი არაპროფესიონალი მსახიობებით" - რისთვის სჭირდება "ქართულ ოცნებას" "განდეგილები" და რა მიზანი დგას პროცესებს მიღმა?

"მორიგი პროვინციული სპექტაკლი არაპროფესიონალი მსახიობებით" - რისთვის სჭირდება "ქართულ ოცნებას" "განდეგილები" და რა მიზანი დგას პროცესებს მიღმა?

ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულ „ქართული ოცნებიდან“ განდგომილ ოთხეულს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. მოძრაობა "ხალხის ძალა" ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, დავით კაჭარავას, დაჩი ბერაიასა და ზაალ მიქელაძის წყალობით ცხრაკაცა გახდა, თუმცა ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან. საკანონმდებლო ორგანოში „ოცნებას“ ახლა უკვე 75 წევრი ჰყავს, რაც საკმარისი არ არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

პარლამენტში პასიურობით გამორჩეული დეპუტატები, ამტკიცებენ, რომ ისინი სიმართლის სალაპარაკოდ განუდგნენ „ოცნებას“ და მათ ქვეყანა ომში ჩათრევისგან უნდა იხსნან. როგორც ოპონენტები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ანტიამერიკული ფლანგის გაძლიერება სერიოზულად გადაწყვიტა.

  • პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა დაიშალა, მაგრამ ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება მისმა წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.

რას ემსახურება "ოცნების" ამგვარი გაყოფა და რა პოლიტიკური მიზანი დგას ამ პროცესების მიღმა, ამაზე AMBEBi.GE-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

"მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ადრეც მითქვამს, რომ ეს ჯგუფი გაიზრდებოდა როგორც ცენტრში, ისე - რეგიონებში. თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც უნდა ყოფილიყო კონკურენტი როგორც "პატრიოტთა ალიანსისთვის", ისე "ალტინფოს“ ჯგუფისათვის. თითქოს ორივე ამ გუნდს კურთხევა ხელისუფლებიდან ჰქონდა მიღებული, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაწყდა შექმნილიყო ისეთი გუნდი, რომელიც ეჭვს და კითხვის ნიშნებს არ ტოვებდა და რომელიც გამოცდილი და გადამოწმებული იყო როგორც პოლიტიკურად, ისე სხვა ინტერესების მხრივ.

ამიტომაც, თავის დროზე, როცა ეს ოთხეული გამოვიდა და დაიწყო საუბარი, ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა, ეს პირველ ყოვლისა, იყო მინიშნება იმაზე, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა მოზიდვა უნდოდათ "ოცნებისგან" გამოყოფილი სანდო გუნდისთვის. ჩნდებოდა ალბათობა, რომ დღეს თუ ხვალ, ეს გუნდი უნდა გაძლიერებულიყო, ამასთანავე, იგივე პროცესები უნდა წასულიყო რეგიონებში, რათა სტრუქტურულად ყოფილიყო გაფანტული.

რეგიონებში ეს ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნელ-ნელა იქაც ის პროცესი განვითარდება, რაც ცენტრშია, ანუ შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში (მათ უკვე აქვთ თავისი ტელევიზია) ინტენსიურ საქმიანობას დაიწყებენ. ეს უფრო მეტად შიდა მოხმარებაზეა გათვლილი, ანუ იმ ელექტორალური ბაზის ათვისება უნდათ, რომელიც ანტიდასავლურია.

აქ მეორე მომენტია: დღევანდელი "ქართული ოცნების დეპუტაციას ალბათ უნდა, 2024-ის პროპორციულ არჩევნებში ისევ იყოს სიაში. დღევანდელი დეპუტაციიდან სიაში გამსვლელ ადგილზე ყველა ვერ მოხვდება, ამიტომ გაჩნდა ალტერნატიული პარტია, რომელიც, მართალია, „ოცნების“ სატელიტია, მაგრამ ცალკე, დამოუკიდებლად წარადგენს სიას, ანუ იქ გაჩნდება უკვე თავისუფალი ადგილები. ამ 9 დეპუტატს დაემატებიან ექსპერტები, რომელთაც ასევე ექნებათ პრეტენზია კენჭი იყარონ მომავალ არჩევნებში.

ვვარაუდობ, რომ ეს ჯგუფი ახალი დეპუტატებით მეტად აღარ გაიზრდება. რადგან საზოგადოებაში მწიფდება აზრი, რომ აუცილებელია იყოს კოალიციური მთავრობა, აგერ, გვთავაზობენ ამ ვარიანტს. ამასთან, ოპოზიციაში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, თითქოს უკვე გარანტირებული უმრავლესობა აქვს კოალიციას - „ქართულ ოცნებას“ პლუს „ხალხის ძალა“. მათ ერთი წელი კიდევ სჭირდებათ მოთელვა, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს იქნება ჯგუფი, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. „ოცნება“ ამაში თუ დარწმუნდა, მაშინ, სავარაუდოდ, ის ბარიერის დაწევაზე არ წავა, დატოვებს 5%-იან ბარიერს იმიტომ, რომ ოპოზიციიდან ბარიერის გადალახვის შანსი ჯერჯერობით მხოლოდ ენმ-ს აქვს და შესაძლოა, ამ ეტაპზე გარკვეული პრეტენზიები ჰქონდეს გახარიას პარტიასაც, დანარჩენები ალბათ ვერ დაძლევენ. ასეთი ვითარება თუ შეიქმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა - "განდგომილები" 5%-იან ბარიერს თუ გადალახავენ (და ალბათ გადალახავენ), პარლამენტში "ოცნებასთან" ერთად შექმნიან კოალიციურ მთავრობას, ამისთვის კეთდება ეს, მეტი არაფრისთვის.

ყველაფერი ახლა დამოკიდებულია იმაზე, როგორ, ან რა ტემპით განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი და რა შედეგებით დასრულდება ის, რა პროცესები წავა თავად რუსეთში, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. დღეს საქართველოს საზოგადოებაში სტაბილურობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია შიში რუსეთისადმი, იმაზე, რომ ეს ომი რამენაირად არ გადმოვიდეს ქვეყანაში. ამიტომ საზოგადოებას ურჩევნია შეეგუოს არსებულ ვითარებას, რადგან დიდი ხიფათის მოლოდინი აქვს, მაგრამ თუ ეს შიში მოიხსნა, ანუ ომი დასრულდა, მაშინ ეს პროტესტი, რომელიც დღეს საკმაოდ ძლიერია მოსახლეობაში, გადმოიღვრება ქუჩაში და ძალიან ახიფათო ვითარება შეიქმნება ქვეყანაში“, - პროგნოზირებს ექსპერტი.

  • როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ამომრჩევლის შენარჩუნება - "ქართულ ოცნებას" არ უნდა არანაირი ამომრჩევლის დაკარგვა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანტიდასავლური სეგმენტიც შეინარჩუნოს და - პროდასავლურიც.

"ესენი ბოდვას ასაღებენ სიმართლედ და ამას აჭმევენ ხალხს. ეს არის საკმაოდ ბანალური თამაში, ასე იქცევა "ქართული ოცნება", მას ხომ არ აქვს ფასეულობითი არჩევანი. ერთადერთი ფასეულობა, რაზეც ეს დაჯგუფება დგას, არის ძალაუფლება.

ეს არის მორიგი პროვინციული სპექტაკლი არაპროფესიონალი მსახიობებით, რომელსაც იძულებული ვართ, ვუყუროთ. მათი ერთადერთი პრინციპია, ძალაუფლებისთვის ყველაფერი გააკეთონ. თვეების განმავლობაში მათ რუსულ არხებს უყურეს და ეგონათ, რუსეთი იგებდა ომს, ემზადებოდნენ ტრაქტატი-2-ზე ხელის მოსაწერად, შესაბამისად, მთელი მათი პროპაგანდისტული ხაზი იყო ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ყველაფერი „ომი გინდათ“ პროპაგანდაზე ააგეს, რომ დასავლეთი გვითრევს ომში და ჩვენ არ შევყვებით და ა.შ. კოლაბორაციონალიზმის ზღვარზე გადიოდნენ და ამაში დიდი ინვესტიცია ჩადეს, შექმნეს საკმაოდ სერიოზული ელექტორალური სეგმენტი, რომელიც დაარწმუნეს, რომ დასავლეთი მართლა ომში გვითრევს და ახლა ამ აქტივს ხომ არ დაკარგავენ? ახლა ხედავენ, რომ რუსეთს რაღაც კარგად ვერ მისდის საქმე, ისევ შეიძლება დაგვჭირდეს დასავლეთისთვის ერთ ადგილზე კოცნა და ეს ელექტორალური სეგმენტი, რაშიც ამხელა ფული ჩაათხლიშეს, არ ემეტებათ, ამიტომ ახლა გადასხეს იქ დესანტი, ეს შიდაპარტიული ტაქტიკური თამაშია, რომელიც ამ ელექტორალურ სეგმენტზე იმუშავებს.

ამათ ჯერ კიდევ სჯერათ, რომ რუსეთი ომს იგებს, მაგრამ რაღაც რომ იყოს, მანევრის საშუალება გაიჩინეს. ამათ ის რიტორიკაც აქვთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ევროკავშირი, პლუს ამას, ლანძღავენ კიდეც მათ, რასაც უხარისხოდ ასრულებენ. ბიძინა ივანიშვილის მიზანია ამომრჩევლის შენარჩუნება - "ქართულ ოცნებას" არ უნდა არანაირი ამომრჩევლის დაკარგვა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანტიდასავლური სეგმენტიც შეინარჩუნოს და - პროდასავლურიც" - ამბობს გია ხუხაშვილი.