52 წლის აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უფასოდ ისწავლის. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს. ნონა მარტიაშვილი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მანამდე ის ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად მუშაობდა. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ კი ყველა საქმე მიატოვა და უნდა, აქტიური სტუდენტი იყოს.
52 წლის სტუდენტს ორი შვილი ჰყავს. მისმა ვაჟმაც ახალციხის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. გოგონა კი ახალციხის უნივერსიტეტში მეორე კურსელია, იმავე ფაკულტეტზე, სადაც დედამ ჩააბარა.
"საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლობს ჩემი გოგონა. რუსული სკოლა აქვს დამთავრებული და სისტემატიურად მიწევდა, რომ დავხმარებოდი პირველ კურსზე სწავლის დროს. ეს გახდა მოტივაცია ჩემთვის, მეც ჩამებარებინა ამავე ფაკულტეტზე. მას ვთხოვე, ჩემთვის ეთხოვებინა კონსპექტები, რომლითაც ემზადებოდა. ვმუშაობდი, მაგრამ ხანდახან გადავხედავდი ხოლმე და ასე გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მაღალი ქულები ვერ ავიღე, მაგრამ უფასო ფაკულტეტია, სახელმწიფო აფინანსებს და შესაბამისად, უფასოდ ვისწავლი. ყველაზე მეტად ისტორიის ჩაბარება გამიჭირდა, რადგან იმ ასაკში ვარ, რომ თარიღები ცოტა რთულად დასამახსოვრებელია.
უცხო ენად რუსული ჩავაბარე, თუმცა წელიწადნახევრის წინ დავიწყე ინგლისური ენის სწავლა რეპეტიტორთან და უკვე საშუალო დონეზე ვფლობ. აქამდე ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად ვმუშაობდი. ახლა ხელმძღვანელობას ყველაფერი უნდა გადავაბარო, ყველაფერი მივატოვო და სასწავლებლად წავიდე ახალციხეში. იქ ახლა ჩემი გოგონა და დედამთილი ცხოვრობენ", – ამბობს ნონა მარტიაშვილი.
ფოტო: edu.aris.ge