ავტორი:

იახტები, ვერტმფრენები, ჩარტერული რეისები - რა ეგზოტიკურ ხერხს მიმართავენ სამშობლოს დასატოვებლად და რომელ ქვეყნებს აფარებენ თავს ყველაზე ხშირად მობილიზაციას გაქცეული რუსები

იახტები, ვერტმფრენები, ჩარტერული რეისები - რა ეგზოტიკურ ხერხს მიმართავენ სამშობლოს დასატოვებლად და რომელ ქვეყნებს აფარებენ თავს ყველაზე ხშირად მობილიზაციას გაქცეული რუსები

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა გზით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას. სახმელეთო საზღვრებთან ათასობით ადამიანი ელოდება რიგს, რათა ქვეყნიდან გავიდეს. საგრძნობლად გაიზარდა თვითმფრინავის ბილეთის ფასებიც, თუმცა ხალხი იძულებულია, ქვეყანა ნებისმიერ ფასად დატოვოს.

ალექსეი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და IT-სფეროშია დასაქმებული, BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისმა დამსაქმებელმა კომპანიამ თანამშრომლების ქვეყნიდან გასაყვანად ერევნის მიმართულებით ჩარტერული რეისი დანიშნა და თვითმფრინავი დაიქირავა. როგორც თავად ამბობს, კომპანიის რეისი 28 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა ის ამ თარიღს არ დაელოდა და ქვეყნიდან დამოუკიდებლად გავიდა. მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ბელარუსში წავიდა, რადგან შესაძლოა, შემდეგ რუსეთის საზღვრები ჩაიკეტოს კიდეც.

მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩარტერული რეისი გააუქმეს, რადგან ბიზნეს-ცენტრში, სადაც კომპანია მდებარეობს, სამართალდამცავები მივიდნენ. ახლა დამსაქმებელი თანამშრომლებს ინდივიდუალურ დახმარებას სთავაზობს...

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ რუსები თვითმფრინავის დაქირავებით გავიდნენ ქვეყნიდან. მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

კომპანია Flight Way-ს დირექტორის - ედვარდ სიმონოვის განცხადებით, ჩარტერულ რეისებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და მომხმარებლების უმეტესობა აქამდე კერძო თვითმფრინავებით და ჩარტერული რეისებით არასდროს სარგებლობდა, მათ სასწრაფოდ სურთ ქვეყნის დატოვება.

თვითმფრინავის დაქირავების ფასი მარშრუტსა და მანძილზეა დამოკიდებული. BBC-ის მოძიებული ინფორმაციით, ერთი ფრენა 4,5-დან 10-15 მილიონ რუბლამდე აღწევს. ყველაზე პოპულარული მიმართულება კი თურქეთი და სომხეთია.

"მთელი თვითმფრინავის დაქირავება ერევნის ან სტამბოლის მიმართულებით 5-13 მილიონი რუბლია, ფასი თვითმფრინავის ტიპზე, მგზავრთა რაოდენობასა და გაფრენის თარიღზეა დამოკიდებული. თუმცა, ადამიანებს, რომელთაც არასდროს უფრენიათ მსგავსი თვითმფრინავით, ფასის მოსმენის შემდეგ თვითმფრინავის დაქირავების სურვილი ეკარგებათ. ადამიანები პანიკამ და შიშმა მოიცვა“, - აღნიშნავს სიმონოვი. განაგრძეთ კითხვა