"ჩვენ შეგვიძლია საფრთხე სარგებლად ვაქციოთ. რუსების მასობრივი გადმოსვლა პატარა, პოლიტიკურად დასუსტებულ, არაკონსოლიდირებული საზოგადოების მქონე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. თუ პროცესს ჭკვიანურად ვმართავთ, სავსებით შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში დადებითი შედეგები და სარგებელიც კი მივიღოთ", - ასე ეხმაურება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას "საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი ლაშა ძებისაშვილი.
რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ და როგორ უნდა ვმართოთ პროცესი?
- საქართველოსკენ დაძრული რუსების დიდი ნაწილი მართლა გმობს რუსულ აგრესიას უკრაინაში, ხოლო მთლიანობაში ეს მასა გაურბის ომს - მას არ უნდა რუსული ჯარის შევსება, რაც უდავოდ კარგია. ეს მასა აუცილებლად შეავსებდა რუსული არმიის რიგებს არა მარტო უკრაინის ფრონტზე, არამედ ჩვენს წინააღმდეგ მომართულ ქვედანაყოფებსაც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში, რაც სამხედრო საფრთხეს გაგვიზრდიდა. ანუ კარგია, რომ არ ავსებენ რუსული არმიის რიგებს.
მოდი, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ლოგიკაშიც გავერკვიოთ - ამ ხალხს დეზერტირებს რომ ვუწოდებთ, ამით რა პოზიციას გამოვხატავთ? მივიჩნევთ, რომ ჯარში უნდა წასულიყვნენ?! აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰუმანიტარული პრინციპი არავის გაუუქმებია და გვინდა თუ არა, მაინც ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული სამყარო იქცევა - ანუ უნდა მიიღო ის, ვინც ომს გაურბის. მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, რომ რუსებთან ერთად გადმოდიან რუსეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც აქ მცხოვრები ქართველების ნათესავები არიან.
- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამ პროცესისგან სარგებლის მიღება?
- მობილიზაციის გაგრძელება და რუსეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესება, რაც უკვე თვალსაჩინოა, ოსებსა და აფხაზებს აიძულებს ან შეეწინააღმდეგონ მოსკოვს, ან გამოიხედონ თბილისისკენ. ოფიციალურ პირებს ამის გაკეთებას ხალხი დაასწრებს. ჯერ ოკუპაციის ხაზის გადმოლახვას დაიწყებენ ყველა მხრიდან, რომელსაც რუსები ვერ აკონტროლებენ, ხოლო თუ კრემლმა მაგრად მოუჭირა ხელი (განსაკუთრებით, ოსებს), საოკუპაციო ხაზის გადმოლახვა უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს. რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, პირდაპირი ანალოგიაა, ადრე საუკუნეებში ხალხთა დიდი გადასახლებისა. პირველი ტალღა ომით არის გამოწვეული, ხოლო ცოტა ხანში ეკონომიკური მიგრაცია დაიწყება და რაც მთავარია, ძირითადი ბიზნესების და სხვა საქმიანობის გადმოტანა. აქამდე უმეტესად აიტი-სფერო გადმოვიდა, მომავალში სხვაც გადმოვა.
- როგორ წარმოგიდგენიათ, რუსების მასობრივად შემოსვლა 3-მილიონიან ქვეყანაში ეთნიკურ სურათს არ შეცვლის?
- ეს ნამდვილად არის პრობლემა. უცხო ხალხის დიდი მასა ეთნიკურ სურათს ცვლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პროცესი შეუქცევადი გახდება, ორ კვირაში აუცილებლად მივუახლოვდებით 90-იანი წლების ნიშნულს, როდესაც საქართველოში 300-400 ათასამდე რუსი ცხოვრობდა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ საქართველოში 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 3 მილიონი ვართ, თანაც გადინების დიდი დინამიკით.
დღეს საქართველოში უკვე გვყავს 200 ათასი რუსი. 140-მილიონიანი რუსეთისთვის ეს დიდი დანაკარგი არ არის, 3-მილიონიანი საქართველოსთვის კი ნამდვილი კატასტროფაა, გამოდის, ჩვენ შორის ყოველი მეათე კაცი რუსი იქნება. ესე იგი, პრობლემა მხოლოდ იმით კი არ შეგვექმნება, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში სხვა, პარალელური კულტურის საზოგადოება შეიქმნება, არამედ ეკონომიკასაც, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას დიდ ტვირთად დააწვება. შორს არ წავალ და შეგახსენებთ, რომ თუ ადრე ბინას 500 ლარად იქირავებდით, დღეს იმავე ბინას 500 დოლარზე ნაკლებად ვეღარ ნახავთ.
სურათი ერთი შეხედვით მძიმეა, მაგრამ პროცესზე მკაცრი კონტროლი დაწესდება, თანაც ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ეკონომიკური კი არა, საზოგადოებრივ-კულტურული ინტერესებიც დაცული იქნება, ყველაფრის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება შეიძლება. კარგი იქნება, თუ ამას ხელისუფლება ითავებს, თუ არადა, საზოგადოებამ უნდა მისცეს ბიძგი და დაიწყოს პრობლემის მოგვარება. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა ამ ხალხისგან.
თუ გვინდა, რომ აქ არ დარჩეს, ასეთ შემთხვევაში უნდა შევიმუშაოთ ისეთი პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ერთი წლის შემდეგ არ ექნებათ აქ დარჩენის საშუალება - არ მივცეთ ბინადრობის უფლება და ეკონომიკური საქმიანობის საშუალება. თუ მიგვაჩნია, რომ აქ უნდა დავტოვოთ, მაშინ დღესვე უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ უზრუნველვყოთ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილად, ხოლო მათი შვილები ქართული კულტურულ-პოლიტიკური სივრცის ორგანულ ნაწილად ვაქციოთ.
დიახ, მათგან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები უნდა მივიღოთ და არა პარალელური ჩაკეტილი სივრცეების წარმომადგენლები, სადაც ქართველ საზოგადოებასთან კონტაქტი მინიმუმამდე იქნება დასული. და კიდევ ერთი - ეს პროცესები ასევე უნდა გავიაზროთ ევროპული სივრცის ახალი მოწყობის კონტექსტში, საიდანაც ჩვენ ვერ ამოვვარდებით თუნდაც იმ უტიფარ და უვიც ქართველთა მტკიცებით, რომლებიც დღეს თავიანთ გუშინდელ კრემლისტურ პოზიციას ვითომ ნეიტრალური და პროქართული განცხადებებით ნიღბავენ, არც რუსეთი გვინდა და არც ამერიკა-ევროპაო. ეს ხალხი, მინიმუმ, უვიცია და როგორც წესი, რუსისტი მავნებელი, ან "სავოკი", ან ალტინფოელი ზომბია...წაიკითხეთ სრულად