"მე წავედი, ღმერთმა იცის, რომ მენატრები" ეს სიმღერა კომპოზიტორმა ზურა მანაგაძემ საქართველ შორს, უცხო ქვეყანაში დაწერა. ქალის, სამშობლოს მიმართ ნოსტალგია მასში დიდია. ორი პროფესია აქვს, ორი ოჯახი. ხასიათით დინჯსა და გაწონასწორებულს შვილებთან ხმისთვის არ აუწევია. ამბობს, რომ გურულმა მეუღლემ ნენომ გააფიცხა.
სხვადასხვა დროს თბილისის თითქმის ყველა რაიონის არქიტექტორი გახლდათ. ბოლოს ისანი-სამგორის მთავარი არქიტექტორი იყო. ახლა კერძო კომპანია აქვს. როცა ამ ყველაფრისგან იღლება, ხელში გიტარას იღებს, ხელს ჩამოჰკრავს და დაღლაც მაშინვე ქრება. "მელიქიშვილის გამზირის", "ტირიფების" და სხვა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიმღერის ავტორი კვლავ ახალი სიყვარულით გამთბარ სიმღერებს ქმნის. მანამდე კი ჩვენ მისი ცხოვრების განვლილი გზით დავინტერესდით.
- თბილისში დავიბადე, ვერაზე, 11 სართულიან სახლში, ცირკის მოპირდაპირედ, მაშინ ყველაზე მაღალი ჩვენი ნაგებობა იყო. მთელი ბავშვობა ცირკსა და ზოოპარკში გავატარე. დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. უმაღლესი განათლება ჰქონდა, მაგრამ არასდროს უმუშავია, დიასახლისი იყო. სამწუხაროდ, დედა ადრე დავკარგე. მე და დედა სახლში მარტონი ვიყავით ხოლმე. მაშინ პატარა რადიო გვქონდა, როგორც კი ქართული ხალხური სიმღერა დაიწყებოდა, დედა აუწევდა რადიოს და ერთად ვმღეროდით. ალბათ ამის გამო შემიყვარდა სიმღერა და მუსიკალური სმენაც ჩამომიყალიბდა. 58-ე სკოლა დავამთავრე, დავდიოდი ყველა წრეზე, რაც კი არსებობდა სკოლაში: მუსიკაზე, ხატვაზე, სიმღერაზე. მოკლედ, უსაშველო განათლება მივიღე. ჩემს მშობლებს უნდოდათ, ჩემგან ვუნდერკინდი დამდგარიყო. სანამ სკოლაში მივიდოდი, ვერცხლისწყალივით მოძრავი ვიყავი, ცელქი. მივედი სკოლაში და გავზარმაცდი. გაღვიძება მეზარებოდა, იმდენი რამ მქონდა სასწავლი.
- მამაზე რას მეტყვით?
- მამაჩემი მარკშაიდერი იყო. დიდი ხანი, იმ ფილმის არ იყოს, მეც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს მარკშაიდერი. თურმე ჩვეულებრივი გეოლოგია, კაცი, რომელიც სულ მთებში დადის. ამიტომაც ვიყავით სულ მარტონი მე და დედა. მამა სულ მივლინებებში იყო. მამაჩემის ყველაფერი მომწონდა. მშრომელი კაცი იყო, მისი ხელიდან ყველაფერი გამოდიოდა. რაიონშიც მუშაობდა, ვენახს უვლიდა. მისაბაძი იყო ჩემთვის თავისი კეთილშობილებით, სისუფთავით. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის ერთგული იყო.
- გქონდათ განსაკუთრებული ტრადიცია ოჯახში?
- ჩვეულებრივი ქართული ტრადიციების მიმდევრები ვიყავით ჩვენც. ტრადიცია ის იყო, რომ კვირაში სამი დღე ნათესავები ერთად ვიკრიბებოდით. ხან ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ხან ჩვენ მათთან. დღეს ეს ტრადიცია დაიკარგა. ჩემი დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები ძალიან ახლოს არიან ჩემთან, მაგრამ ჩემი შვილები და მათი შვილები ისე ახლოს არ იცნობენ ერთმანეთს. ეს ალბათ ცხოვრების ბრალიც არის, არ ვიცი, მაშინ უფრო ლაღი ცხოვრება იყო თითქოს.
- როგორ გარიგებდნენ, რას გიკრძალავდნენ მშობლები?
- განსაკუთრებული დარიგება მათი მხრიდან არ მახსენდება. უბრალოდ, მე მათთან ვიზრდებოდი და როგორიც ვარ, მათი დამსახურებაა. ერთხელ, მახსოვს, პატარა ვიყავი, სკოლაში არც კი დავდიოდი. მორიგი წვეულების შემდეგ ბიძაჩემს სუფრაზე სიგარეტი დარჩა. სავსე კოლოფი დავინახე მაგიდაზე. დრო ვიხელთე და სანამ ჩემი მშობლები სტუმრებს აცილებდნენ, მოვიპარე. ერთი სული მქონდა, მარტო როდის დავრჩებოდი, რომ გემო გამესინჯა. დავრჩი მარტო, ამოვიღე სიგარეტი, გავიჭიმე სავარძელში და მოვუკიდე. არც ვიცოდი, რომ ჰაერი უნდა შემესუნთქა, კარგად რომ გაღვივებულიყო თუთუნი. არ ეკიდება, როგორც იქნა, მივხვდი რაში იყო საქმე. მოვწიე ერთი, ავიღე მეორე და მოვიდა დედა. სიგარეტი კი დავმალე, მაგრამ კვამლსა და სურნელს ვერაფერი მოვუხერხე. ცოტა ხანში დამიძახა და მითხრა, რისი სუნიც იდგა ოთახში, ის ძალიან ცუდია შენთვის და არ მოწიოო. ისე გარდაიცვალა დედაჩემი, არც დედასთან და არც მამასთან სიგარეტი არ მომიწევია. დღემდე არ დაუნახავს მამას ჩემს ხელში სიგარეტი. ეს მათდამი სიყვარული და პატივისცემა იყო, რიდი.
- რამდენად დამჯერი ბავშვი იყავით?
- დამჯერი ვიყავი მშობლებთანაც და მასწავლებლებთანაც. ის კი იყო, ლექსები არ მიყვარდა. ვერ ვიმახსოვრებდი. დღესაც ასე ვარ, ზოგჯერ ჩემი სიმღერების ტექსტები მავიწყდება. მე-6 კლასიდან თმაში ჭაღარა მქონდა. მახსოვს, ერთხელ, ქართულის მასწავლებელმა გაკვეთილი მკითხა. ლექსი არ ვიცოდი. მაშინ თუ გაკვეთილი არ იცოდი, კი არ ამბობდი ამას, უბრალოდ დგებოდი და თავს ხრიდი. მეც ასე მოვიქეცი. მასწავლებელმა მითხრა, შენს ჭაღარას მაინც ეცი პატივი, გაკვეთილი ისწავლე, როგორ დაგიწერო ორიანიო. თვითონ სულ შავი თმა ჰქონდა, მე კი გაჭაღარავებული ვიყავი.
სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. იქაც იყო საგანი, საზოგადოებათმცოდნეობა, რომელსაც ვერ ვსწავლობდი. პირველივე კურსზე ამ საგნის პედაგოგ სიმონ ცინცაძესთან, საქართველოში ცნობილ კაცთან, ერთ-ერთ კარგ თამადასთან მივედი და ვუთხარი, ეს საგანი არ მესმის და ვერ ვისწავლი-მეთქი. შენ დაესწარი ჩემს ლექციას და თუ არ მოგეწონება, ნუ ივლი, ისე დაგიწერ ნიშანსო, მითხრა. შევედი ლექციაზე. ის ადამიანი გარდა იმ საგნისა, ლექციაზე მოგვიყვა თავისი ქართულად გატარებული ცხოვრების საინტერესო დეტალებს. ვის შეხვედრია, რომელ პოეტებთან ჰქონდა ურთიერთობა, იმდენად საინტერესო გამოდგა ამ ადამიანის ლექციები, ყველა შემეძლო გამეცდინა ამის გარდა.
- პროფესიით არქიტექტორი ხართ, ვინ გირჩიათ, ამ პროფესიას გაჰყოლოდით?
- ბავშვობაში დავიწყე ხატვა. იმდენად კარგად ვხატავდი, მშობლებმა გადაწყვიტეს, ამ კუთხით გამეგრძელებინა სწავლა. დამთავრებული მაქვს მუსიკალური ათწლედიც. კონსერვატორიასა და სამხატვრო აკადემიას შორის გვქონდა არჩევანი გასაკეთებელი. ფილმი "აბეზარა" გახსოვთ, ალბათ. არქიტექტორის როლის შემსრულებელ თენგიზ მუშკუდიანის ტიპაჟი იმდენად მომეწონა, ის საქმეც, რასაც ის აკეთებდა, რომ ეს პროფესია ავირჩიე. თან ჩემი მეგობრის ძმა სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში ამ განხრით. ერთხელ წაგვიყვანა სასწავლებელში, მაშინ მე-8 კლასში ვიყავი. ისე მომეწონა იქაურობა, ის გარემო, ჩემთვის საინტერესო ინსტრუმენტები და ინტერიერი, რომ გავგიჟდი.
- დიდხანს იყავით მშობლების კმაყოფაზე?
- მანამ, სანამ ოჯახს შევქმნიდი. თუმცა მანამდეც მქონდა სტიპენდია. 120 მანეთს ვიღებდი ყოველთვიურად. რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე თბილქალაქმშენსახპროექტში, 90 მანეთს მიხდიდნენ ხელფასს. იმის თქმა მინდა, რომ სტიპენდია უფრო დიდი იყო, ვიდრე ხელფასი.
- პირველი ხელფასი სად დახარჯეთ?
- იქვე დავტოვე, სამსახურში. ძალიან მუსიკალური კოლექტივი შევიკრიბეთ ჩემს პირველ სამსახურში: "ცისფერი ტრიოდან" მალხაზ თავართქილაძე, დათო აბესაძე. მე მეგონა, სამსახურში მისვლისთანავე სამშენებლო პროექტს გამაკეთებინებდნენ. ცნობილმა არქიტეტორმა ლადო მესხიშვილმა გაგვზარდა, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მომცეს ნახაზები და 10 ეგზემპლარად გადახაზეო, მითხრეს. მალე მომბეზრდა, შევედი ხელმძღვანელთან და ვუთხარი, რისთვის მოვედი აქ-მეთქი. ჯერ ეს უნდა ისწავლოო, მიპასუხა. ერთი წელი ვხაზე, ეს იყო პრაქტიკა და საჭირო იყო ჩემთვის, როგორც შემდეგ მივხვდი. პირველ ხელფასს რაც შეეხება, ისეთი მუსიკალური მეგობრული ჯგუფი ვიყავით, სახლში ვინ წამაღებინებდა ფულს. პირველი ხელფასიც იქვე დავხარჯე და მეორეც. კარგად მოვულხინეთ მე-7 სართულზე.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვით? როდის მოვიდა ეს გრძნობა თქვენთან?
- სკოლის პერიოდში რამდენიმე გატაცება მქონდა, მაგრამ დღეს სერიოზულ გრძნობას ვერ დავარქმევ იმ ყველაფერს. მე-2 კურსზე შემიყვარდა ნამეტნავად ჩემი კურსელი. მაშინ გაპარვები მოდაში იყო და გავიპარეთ.
- დიდხანს მალავდით თქვენს გრძნობას?
- არა. საერთოდ, ქალები აქტიურები ხართ. თქვენ გვაძლევთ გრძნობის გამხელის სტიმულს. ქალის გამოხედვაში გრძნობ, შეგიძლია თუ არა გაუმხილო სიყვარული. თქვენ "გვაბამთ" ჩვენ და არა ჩვენ თქვენ. ესაა ჩემი დასკვნა. პირველი ქორწინებიდან მყავს ქალიშვილი თამუნა. 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად. საუბედუროდ, ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ ოჯახი. ადრეული ასაკი არ გვაძლევდა ამის საშუალებას. შვილი რომ გვეყოლა, ჩვენ თვითონ ბავშვები ვიყავით. გული სახლში არ მიჩერდებოდა, ხან რუსეთში გავრბოდი, ხან ალთას ვიყავი და ხან ბალთას. ნაადრევი ყველაფერი კარგია სიკვდილის გარდაო, ამბობენ. შეიძლება ასეც არის. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ამხელა ქალიშვილი რომ მყავს პირველი ქორწინებიდან.
თამუნა 2 შვილის დედაა, სხვათა შორის, ისიც არქიტექტორია, ჩემსავით. მისი ქალიშვილი 16 წლის არის, ვაჟი - 10-ის. მემუქრებიან, მალე შეიძლება, დიდი ბაბუაც გახდეო (იღიმის). ნენო, ჩემი მეორე მეუღლე, 4 წლის შემდეგ გავიცანი. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჩემს ცოლს ნემო შეარქვა, შეეშალა. მერე ისე მომეწონა ეს სახელი, კარგა ხანს კაპიტან ნემოს ვეძახდი (იცინის). ნენო ერქვა არსენა ოძელაშვილის შეყვარებულს და ალბათ მის მშობლებს იქიდან დაებადათ ამ სახელის დარქმევის იდეა. გურულებს უყვართ სხვანაირი, უცხო სახელები. მოკლედ, ამ გურულმა ქალმა თავბრუ დამახვია.
- ამბობენ, სიყვარულს საზრდო სჭირდება, ხუნდებაო, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არაფერი არ ხუნდება. ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვერ ვგრძნობ. ჩვენ გვყავს შვილები (ბუკა და დათო), შვილიშვილები. ახლა იმ ასაკში ვართ, შეიძლება, მეორე ეტაპი დაიწყოს შეყვარებულობის, თუ უკვე არ დაიწყო. ბავშვები დავაბინავეთ, ბუკა გათხოვდა, დათომ ცოლი მოიყვანა. ბუკამ დამიტოვა ძაღლი. ამ ძაღლისა და ჩემი ქალბატონის გარდა სახლში არავინ ვართ, რატომ უნდა გახუნდეს სიყვარული?! ბაბუა მყავდა 87 წლის და ბებიამაც იმ ასაკამდე მიაღწია. მთელი ოჯახისთვის სამაგალითო იყო მათი სიყვარული. არ გამიგია, მათ ხმამაღალი სიტყვა ეთქვათ ერთმანეთისთვის, ასე იყვნენ დედაჩემი და მამაჩემიც. ეს ტრადიცია ჩემშიც გადმოდის. ცოტა ფიცხი კი ვარ, მაგრამ ეს ჩემი გურული ცოლის დამსახურებაა, ნენომ გამაფიცხა. გადამდები ყოფილა გურულობა. თორემ მე უფრო მშვიდი კაცი ვარ, გაწონასწორებული.
- მეუღლისთვის სიმღერებიც მიგიძღვნიათ, როგორც ვიცი.
- კი, ერთ-ერთია "გიორგობის თვე".
- ეს რომელ მეუღლეს მიუძღვენით?
- ნენოს, ვინც ახლა მყავს. ხალხს ჩემს ცოლს რომ ვაცნობ, უცხოებს ვეუბნები, ეს ჩემი ბოლო მეუღლეა-მეთქი. ამ ტექსტის მერე ყველას ჰგონია, რომ 7-8 ცოლი მყავდა. მასვე მივუძღვენი "საღამო გაირინდა ზღვასთან", რომელიც მერე ბუკამ იმღერა.
- "დავბრუნდები" ვის ეძღვნება?
- ეს სიმღერა უცხოეთში შეიქმნა. 5 წელიწადი ვცხოვრობდი სხვა ქვეყანაში. საოცრად განვიცდიდი ჩემს ქვეყანასთან განშორებას. ერთი კვირის შემდეგ მეწყება დეპრესია. ამდენი წლის შედეგია "დავბრუნდები". ვის ეძღვნება, ცოტა ძნელი სათქმელია.
- საქართველოს ეძღვნება თუ ქალს, ის მაინც მითხარით?
- ქალსაც, საქართველოსაც. ციხიდან გამოსული ხალხი რომ მხვდება დღეს, მეუბნებიან, ძალიან პოპულარულია იქ ეს სიმღერაო. "მერამდენედ მესიზმრება შენი კარები, კარებს მიღმა მოლოდინით სავსე თვალები". ეს ისეთი ტექსტია, ყველას მოერგო, ყველამ მისთვის სასურველი თვალები დაინახა მასში.
- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს?
- ზუსტად ისეთივე, როგორიც მე მივიღე მშობლებისგან. წეღან გიყვებოდით სიგარეტის ამბავს. ერთხელ ნენომ მითხრა, დათუნას ბიჭებთან ერთად სიგარეტი მოუწევია სადარბაზოში, მეზობელს დაუნახავსო. ნენო ძალიან მკაცრია ბავშვებთან, მე უფრო რბილი ვარ. ერთხელ ვუთხარი დათოს მშვიდად, წყნარად, ეს არ გააკეთო-მეთქი. დამიჯერა. ძალიან ადვილი გასარკვევია, ეწევა თუ არა შენი შვილი. რბილი ხასიათიც ჭრის იქ, სადაც პატივისცემა და სიყვარულია. დღეს სპორტსმენია დათო. სახლში სიგარეტს რომ ეწევიან, ის გარეთ გადის. ხელის გულზე მყავს გაზრდილი შვილები, ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს. არც წამომირტყამს. იცოდნენ, რომ ჩემი სახელი არ უნდა შეერცხვინათ, რომ ათჯერ მეტი დაფიქრება სჭირდებათ დღემდე იმისთვის, რომ არ შემარცხვინონ. შეიძლება, ჩემი სახელი კიდეც ბოჭავთ მათ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ ჩემი სამივე შვილით.
- სიძეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მეგობრული. დავჯდები ხოლმე, ლუდი უყვართ ახალგაზრდებს. მღერიან კიდეც, სიძეებიც, შვილებიც, უკრავენ გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ერთი დიდი კონცერტია ხოლმე ჩვენთან, როცა ვქეიფობთ. თან ეს მომღერლებიც რომ შემოგვივლიან. ბესო კალანდაძე ბუკას ნათლიაა, ნენო მერაბ სეფაშვილის, ზურა კობეშავიძის და ნუგზარ ერგემლიძის შვილების ნათლიაა. მე - ირაკლი მენთეშაშვილისა და მიშა ზაქარიაშვილის შვილების. მოკლედ, ჩვენ ჩვენი "ივერია" გვაქვს.
- თან, როგორც ვიცი, ნენო არაჩვეულებრივი კულინარია.
- განთქმული, კარგადაც მღერის. ერთხელ ჭადრაკის სასახლეში გამართულ კონცერტზეც ვიმღერეთ ერთად.
- დასასრულ, შეცდომებზე მინდა გკითხოთ, თუ გამოასწორებდით რამეს, როგორ ფიქრობთ, სწორი გზით იარეთ?
- მგონი, სწორი გზით ვიარე. 13 მარტს დავიბადე. ჰოროსკოპით თევზები ვარ, გაორებული ვარ ყველაფერში. ორი ოჯახი მაქვს, ორი ბინა, ორი პროფესია, ორი სამსახური. არქიტექტურა ძალიან რთული საქმეა, ახლა ბიბლიოთეკას ვუკეთებ უნივერსიტეტს. ყველაფერს ფიქრი უნდა. ფიქრისგან რომ დავიღლები, ესკიზების კეთებისგან, ავიღებ გიტარას, ჩამოვკრავ ხელს და დაღლა მაშინვე ქრება. სავსე ვარ ამ ყველაფრით, სხვანაირი ცხოვრება ვერც წარმომედგინა.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)