ავტორი:

ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან - "ტომმა ოჯახს სპორტი ამჯობინა"

ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან - "ტომმა ოჯახს სპორტი ამჯობინა"

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) Tampa Bay Buccaneers-ის მოთამაშე, ტომ ბრედი და მისი სუპერმოდელი მეუღლე, ჟიზელ ბიუნდჰენი ბოლო კვირების მანძილზე განცალკევებით ცხოვრობდნენ და როგორც მედია იტყობინება, წყვილს განქორწინება აქვს გადაწყვეტილი.

ორივე მათგანმა ადვოკატი დაიქირავა, რათა განქორწინების პროცესი დაიწყოს და საერთო ქონების გაყოფის საკითხი მოაგვაროს.

კონფლიქტი ბრედისა და ბიუნდჰენის ოჯახში 1 თვის წინ დაიწყო, როცა "სუპერ თასის" შვიდგზის ჩემპიონმა პენსიაზე გასვლა გადაიფიქრა და ნაკრებს დაუბრუნდა.

გასულ თვეში ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუში 42 წლის ბიუნდჰენი ამბობდა, რომ აშფოთებდა მეუღლის კვლავ ნაკრებში დაბრუნება.

"ეს საკმაოდ ძალადობრივი სპორტია. ჩვენ შვილებიც გვყავს და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დრო გაეტარებინა ჩვენთან ერთად. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ საბოლოოდ, ყველამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მანაც ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებას ანიჭებს",- თქვა ბიუნდჰენმა.

45 წლის ტომ ბრედის მწვრთნელის თქმით, აგვისტოში მოთამაშემ 11-დღიანი შვებულება აიღო, რათა "პირად საქმეებს" გამკლავებოდა. თავის პოდკასტში ბრედიმ იმაზე ისაუბრა, თუ რა ძვირად დაუჯდა NFL-ში ორი ათწლეულის განმავლობაში თამაში:

"23 წელია შობა არ აღმინიშნავს და არც მადლიერების დღეს შევხვედრივარ ოჯახში. არც იმ ადამიანების დაბადების დღე აღმინიშნავს მათთან ერთად, ვინც აგვისტოდან იანვრამდე თვეებში არიან დაბადებული. ვერც დაკრძალვებს და ქორწილებს ვერ ვესწრები. ვფიქრობ, ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა ამბობ: "იცი რა? მე ჩემი წილი მივიღე და საკმარისია, დროა, ცხოვრების ახალ მონაკვეთზე გადავიდე".

თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ამ ეტაპზე მაინც პროფესია ამჯობინა დასვენებას და ოჯახურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას, რაც საბოლოოდ ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა.

წყვილს ორი შვილი ჰყავს, 14 წლის ბენჟამინი და 9 წლის ვივიენი. სპორტსმენს წინა ურთიერთობიდან კიდევ 1 ვაჟი, ჯონი ჰყავს, რომელიც 15 წლისაა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა