ავტორი:

32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი: როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი?

32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან -  გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი: როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი?

"ჩემთვის ეს ჯილდო ნიშნავს უფრო მეტ დაფიქრებას, პასუხისმგებლობას. როდესაც ცნობადობა იზრდება და ადამიანების დიდი რაოდენობა გენდობა, ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რომ ერთი სიტყვითაც კი, რაღაც ზიანი მიაყენო ადამიანების წარმოდგენებს ზოგადად განათლებასთან მიმართებაში. ამიტომ უნდა ვიყოთ სწორ პოზიციაში, სწორი მაგალითი მივცეთ ჩვენს უკან მდგომ ადამიანებს" - გვეუბნება როლანდ შავაძე, ადამიანი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

  • ეს 32 წლის, ახალგაზრდა პედაგოგი წარმოშობით ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სოფელ მეკეიძეებიდან არის. მერვე წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.

AMBEBI.GE ულოცავს მას ამ ჯილდოს და მკითხველისთვის მის ახლოს გაცნობას შეეცდება.

როლანდ შავაძე:

- მქონდა სხვა სკოლებშიც მუშაობის გამოცდილება, თავიდან ქედის მუნიციპალიტეტში დავიწყე, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, სადაც 2 წელი ვასწავლიდი. შემდეგ საზღვარგარეთ, კერძოდ, ბულგარეთში, "ერეასმუსის" პროგრამით წავედი, რადგან მაგისტრატურის კურსს გავდიოდი. ამის გამო სკოლის დატოვება მომიწია. იქიდან დაბრუნებულმა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში ვიმუშავე. მერე კი ჩვენს სოფელში გამოჩნდა ვაკანსია და ჩემს მშობლიურ სკოლაში 2018 წელს შევუდექი საქმიანობას. ...ახლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლინგვისტიკის მიმართულებით დოქტორანტი ვარ და მალე დავიცავ.

როგორც როლანდი გვეუბნება, ბაკალავრის კურსი თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დაასრულა. მაგისტრატურა ბათუმში გაიარა, თუმცა ბოლო სემესტრი, როგორც გვითხრა, "ერასმუსის" პროგრამით ბულგარეთში სწავლას დაუთმო. ის პედაგოგების ოჯახში დაიბადა. დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მამა - ისტორიკოსი.

"სხვათა შორის, დედა ჩემი დაწყებითის მასწავლებელიცაა. სოფელში, იმ პერიოდში არ არსებობდა საბავშვო ბაღი (ახლა უკვე გვაქვს), ამიტომ ჩემი პირველი სოციალიზაცია სკოლასთან მანამდე მოხდა, სანამ სკოლის ასაკის გავხდებოდი, სკოლაში დედას დავყვებოდი. სასკოლო რომ გავხდი, ისე დაემთხვა, დედას პირველი კლასელები უნდა აეყვანა და ასე გახდა დედა ჩემი პირველი მასწავლებელი. ის ახლაც მოქმედი პედაგოგია" - გვეუბნება როლანდი.

- ე.ი. კოლეგები ხართ?

- კი, მაგრამ ჩვენს სოფელში არა, რადგანაც ჩვენი ოჯახი ეკომიგრანტია. ამიტომ მშობლები წალკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, მე ჩემს სოფელში ვარ. ბავშვობაც აქ გავატარე. წალკაში რომ ჩავსახლდით, სკოლების დეფიციტი იყო, საჯარო სკოლები არ იყო ხელმისაწვდომი, სირთულეები არსებობდა. ამიტომ ბიძასთან, ხულოში დავრჩი და სკოლა ჩემს სოფელში დავამთავრე.

ასე რომ, სანამ თავად გავხდებოდი პედაგოგი, ამ პროფესიაზე ოჯახიდან უკვე ბევრი რამ ვიცოდი. მუდმივად იყო სხვადასხვა თემის განხილვა, რაც სულ მესმოდა... იმ დროისთვის ზოგადად მასწავლებლობა ძალიან რთული იყო, ანაზღაურებაც არ იყო შესაბამისი, მასწავლებლის სოციალური სტატუსი დაბალი იყო. მოკლედ, არ იყო ისეთი სასურველი პროფესია, რომ მიგებაძა... მიმაჩნია, რომ იმ სფეროს უნდა გაჰყვე, რომელშიც შინაგანი მოწოდება გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ეს პროფესია პოპულარული არ იყო, მინდოდა, მაინც რომ ამ საქმეში თავი მომესინჯა.

- ახლა რა არის ეს პროფესია თქვენთვის?

- სიამოვნებასთან ერთად, ადამიანებისთვის, ახალი თაობისთვის ცოდნის გაზიარება. პასუხისმგებლობაც არის. შეიძლება ერთმა სიტყვამაც - პოზიტიურმა, თუ ნეგატიურმა ადამიანის მთელი ცხოვრება შეცვალოს. ეს არის პროფესია, რომელიც თან სიამოვნებას განიჭებს და მუდმივად პასუხისმგებლობას გაკისრებს. სულ უნდა ყურადღებით იყო, არაფერი შეგეშალოს, სხვას ზიანი არ მიაყენო.

- სწავლების როგორი კურსი გაქვთ მოსწავლეებთან არჩეული?

- ვცდილობ, თავისუფალი მოქალაქეები აღიზარდონ. ჩემი საგაკვეთილო პროცესები ეფუძნება იმ ღირებულებებს, რასაც ზოგადად თავისუფლება ქადაგებს. მათ შორის, ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი ისე წარვმართო, რომ მოსწავლეებმა დაძაბულობა არ იგრძნონ. ნებისმიერი რამ, რაც აკადემიურად უნდა შეისწავლონ, იმაზე იყოს დაფუძნებული, რომ არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეს ვალდებულებაა. ამის საჭიროებას თვითონ უნდა გრძნობდნენ.

უცხო ენის შესწავლისას 4 უნარია გამოსამუშავებელი, რომელზეც უნდა იმუშაონ. ესაა მოსმენა, წაკითხვა, მეტყველება და წერა. მაგალითად, ინგლისურის ცოდნა ხელს იმაშიც გვიწყობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე წვდომა მარტივად გამოგვდის. საერთოდ კი მასწავლებელმა საგანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ასწავლოს, ეს დაუწერელი, მორალური ვალდებულებებია, ყველაფერს კანონში ვერ ჩაგიწერენ. ადამიანს სჭირდება ასევე უნარები, იყოს თავისუფალი, დემოკრატი, ტოლერანტი მოქალაქე. ამ ყველაფერს მორალურად უნდა გრძნობდე, საგაკვეთილო პროცესიც ისე უნდა იყოს მიმართული, რომ ეს ღირებულებები სხვასაც გაუზიარო და ამის მაგალითი თვითონაც უნდა იყო. მაგრამ თუ მასწავლებელს დამოკიდებულების თვალსაზრისით პრობლემა აქვს, ძალიან რთულია ამ ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებაში ვინმეს ხელი შეუწყოს და ეს გააღვივოს.

- მაღალმთიან სოფელში უცხო ენის მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდათ და ისიც საინტერესოა, ინგლისური ენის მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- 90-იანი ვარ, სკოლაში რომ ვსწავლობდი, მაშინ სასწავლო სისტემა ჩამოშლილი იყო. ინგლისურის ენის მასწავლებლებიც ჭირდა, მათი სიმცირე იყო. სკოლა ისე დავამთავრე, რომ ჩვენთან ინგლისური ენის პედაგოგი არ გვყოლია. რუსულ ენას, როგორც უცხო ენას ვსწავლობდი. ამიტომ, როცა ეროვნული გამოცდების დრო მოვიდა, ამბიცია მქონდა, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ამაზე კი ხელი ინგლისურის არცოდნამ შემიშალა. ჩემი რუსულიც იმ დონის არ იყო, ეროვნულ გამოცდებზე კარგი ქულა ამეღო. გადავწყვიტე, ინგლისური სრულყოფილად მცოდნოდა, რომელიც პიროვნულ განვითარებაში ხელს შემიწყობდა. მივხვდი, რომ ეს ენა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა კარს ხსნიდა და მისი დაუფლება ყველა ახალგაზრდისთვის აუცილებელი იყო. დავიწყე თბილისში რეპეტიტორთან მომზადება, შემდეგ უკვე - "ბრიტანულ ცენტრში". ამ ცენტრის დამთავრების შემდეგ კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ინგლისური ენა უკვე პროფესიად ავირჩიე. ენა სრულყოფილად უნივერსიტეტში შევისწავლე.

- სკოლაში უცხო ენის დაუფლების ინტერესს რამდენად იჩენენ?

- სანამ მასწავლებლობას დავიწყებდი, ჩვენს ხეობაში რამდენიმე ადამიანს შეეძლო ინგლისურად ლაპარაკი, დღეს ეს რიცხვი 5-ჯერ მეტია, უშუალოდ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებითაც არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. იგრძნეს ენის პოზიტიური გავლენები, თუ ენა იცი, შესაძლებელია, საერთაშორისო პროცესებში იყო ჩართული. ასე რომ, ჩვენთან სასიამოვნო ზრდაა და სოფელში ერთმანეთის კონკურენტები გვეზრდება.

- თავად რამდენი შვილი გყავთ?

- 2 შვილი მყავს - სკოლის მოსწავლეები არიან. შვილებისთვის სამწუხაროდ დრო ცოტა მრჩება, თუმცა ისინი იმ საჭიროებებს ფლობენ, რასაც მათი საფეხური მოითხოვს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს თანამედროვე სკოლის მთავარი გამოწვევა, რა არის დასაძლევი?

- საერთოდ სწავლა უნდა იყოს გააზრებული, საყოველთაო, მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ, რომ ის პრაქტიკაში გამოადგებათ. თუ ცოდნას არ ვიღებთ ისე, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ, არ მივეცით მას პრაქტიკული დანიშნულება, ასეთი ცოდნა დავიწყებას მიეცემა. ამიტომ სასწავლო პროცესი ისე უნდა წარვმართოთ, მოსწავლემ დაინახოს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მასწავლებლის მიერ არის მოწოდებული, რომ ცხოვრებაში გამოადგება. ნებისმიერი ჩვენი აქტივობა ამ სფეროში ცხოვრებასთან უნდა დავაკავშიროთ.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები და სურვილები?

- ძალიან მალე მელოდება დოქტორანტურის დაცვის პროცესი. მინდა, სამეცნიერო კუთხითაც რაღაც წვლილი შევიტანო განათლების სფეროში და ეს შესაძლებლობას მომცემს არა მხოლოდ პრაქტიკულად ვაკეთო საქმე, არამედ მეცნიერულადაც რაღაცები შევისწავლო და ჩვენ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი პრაქტიკა. საერთოდ თვალს ვადევნებ საერთაშორისო კვლევებს და ძალიან მინდა, ჩვენი ქვეყნის განათლება მოწინავეთა რიგებში ვიხილო, სადაც მოიაზრება ევროპული საგანმანათლებლო სისტემები.