ავტორი:

"რემდესივირმა" ისეთი პაციენტები გადაგვირჩინა, სადაც პროგნოზი ძალიან პესიმისტური იყო" - რას ამბობს ცერცვაძე კოვიდის სამკურნალო პრეპარატებზე?

"რემდესივირმა" ისეთი პაციენტები გადაგვირჩინა, სადაც პროგნოზი ძალიან პესიმისტური იყო" - რას ამბობს ცერცვაძე კოვიდის სამკურნალო პრეპარატებზე?

"რემდესივირი“ სიცოცხლის გადამრჩენია, ისეთი პაციენტები გადაგვირჩინა, სადაც პროგნოზი ძალიან პესიმისტური იყო. ვფიქრობ, ბევრი COVID გადატანილი პაციენტი ამ სიტყვებში თავის თავს ამოიცნობს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ საქართველომ პირველმა, ან ერთ-ერთმა პირველმა დანერგა COVID-ის სამკურნალო ყველა ის ახალი მედიკამენტი, რომელიც დღეს სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტად ითვლება, თუმცა მაშინ ამ მედიკამენტების მიღების გამოცდილი პრაქტიკა არ არსებობდა და ამის გამო, ბევრი კრიტიკისა და წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ.

"მაშინ, გამოცდილება პრაქტიკულად არ არსებობდა, ათეულობით მედიკამენტი გადიოდა კლინიკურ კვლევებს და სწორი არჩევანის გაკეთება იოლი არ იყო, გინდათ პროფესიული ალღო დაარქვით, გინდათ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ მოვახერხეთ და საქართველოში უმოკლეს დროში დაგვენერგა სწორედ ის მედიკამენტები, რომლებმაც შემდგომში გაამართლეს და სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებად იქცა. ეს არის - „პაქსლოვიდი“, „რემდესივირი“, "ტოცილიზუმაბი“, მონოკლონური ანტისხეულები, „ბარიციტინიბი“ და სხვ.

ასე მაგალითად, იყო მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიყენეთ მაშინ, როდესაც კლინიკური კვლევები ჯერ არ იყო დამთავრებული და შესაბამისად, ოფიციალური რეკომენდაცია არ არსებობდა. ამაზე კრიტიკაც შეგვხვდა, თითქოს ექსპერიმენტს ვატარებთ. 2021 წელს ბრიტანელებმა დადეს დიდი კლინიკური კვლევის შედეგები და ნახეს, რომ „ტოცილიზუმაბი“ კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფებში 24%-ით ამცირებს სიკვდილობას. ამის შემდეგ „ტოცილიზუმაბი“ უმოკლეს დროში დაიტაცეს და მსოფლიო დეფიციტიც კი შეიქმნა. ასევე დიდი ბრძოლა მოგვიწია „რემდესივირზეც“. სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს მედიკამენტი არაეფექტიანია და ტყუილად ვაძლევთ პაციენტებს. არადა, დღეს ეს მედიკამენტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული მარეგულირებლებისა და ინსტიტუციების (ჯანმო-ს ჩათვლით) მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადია. სწორედ „რემდესივირმა“ გადაგვირჩინა სულ ცოტა რამდენიმე ათასი COVID ავადმყოფი! მათ შორის ასაკოვანი და უმძიმესი თანმხლები დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები. „რემდესივირი“ სიცოცხლის გადამრჩენია, ისეთი პაციენტები გადაგვირჩინა, სადაც პროგნოზი ძალიან პესიმისტური იყო. ვფიქრობ, ბევრი COVID გადატანილი პაციენტი ამ სიტყვებში თავის თავს ამოიცნობს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ მედიკამენტ „პაქსლოვიდს“, სპეციალისტის თქმით, დროული გამოყენების შემთხვევაში 89%-ით ამცირებს დამძიმებისა და გარდაცვალების რისკებს, ადამიანს კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ ტესტი დროულად გაიკეთოს და ვირუსი გამოავლინოს.

"პაქსლოვიდზე“, ჩვენ განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებდით. საქართველომ მოახერხა და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში და პირველმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემოიტანა ეს მედიკამენტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ძვირი ღირდა. მახსოვს თავის დროზე მაშინდელმა მინისტრმა, ქ-ნმა ეკატერინე ტიკარაძემ ძალიან იყოჩაღა. ხელშეკრულება მაშინ გაფორმდა, როდესაც ეს მედიკამენტი ჯერ კიდევ კლინიკურ კვლევებს გადიოდა და ოფიციალურ გაყიდვაში არ იყო. აქაც ჩვენი სტრატეგია სწორი აღმოჩნდა და „პაქსლოვიდი“ ერთ-ერთმა პირველებმა მივიღეთ.

"პაქსლოვიდი“ ტაბლეტირებული პრეპარატია, რომელიც სწორი და დროული გამოყენების შემთხვევაში 89%-ით ამცირებს დამძიმებისა და გარდაცვალების რისკებს. მოქალაქეს მოეთხოვება მხოლოდ ერთი რამ - როგორც კი სიმპტომები ექნება, პირველივე დღეებში გაიკეთოს სწრაფი ტესტი. შედეგი აიტვირთება ელექტრონულ ბაზაში, ნახავს ოჯახის ექიმი, დაგიკავშირდებათ და გირჩევთ გჭირდებათ „პაქსლოვიდი“ თუ - არა.

გაიდლაინის მიხედვით, „პაქსლოვიდი“ ენიშნება 60 წელს გადაცილებულ პირებს და მათ, ვისაც დამძიმების და გარდაცვალების მაღალი რისკები აქვს. დანარჩენ პაციენტებს კი ძირითადად მხოლოდ დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობა სჭირდებათ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.