ავტორი:

"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს... არადა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია" - ციაკო ფიფიას გულახდილი ინტერვიუ

"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს... არადა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია" - ციაკო ფიფიას გულახდილი ინტერვიუ

ახალი სატელევიზიო სეზონი "ვანოს შოუს" შემოქმედებითმა გუნდმა "ტვ პირველზე“ დაიწყო. თუმცა მანამდე იყო „მთავარი არხის“ დატოვება, რაზეც იუმორისტები საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. საჯარო პოსტი გამოაქვეყნა „მთავარმა არხმაც,“ რაზეც ვანო ჯავახიშვილმა პირადად უპასუხა... ციაკო ფიფია იუმორისტების გუნდის ერთ-ერთი წევრია, ის ჟურნალ "გზასთან" არხის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და გულნატკენია, რომ ამის გამო, ადამიანების ნაწილმა მათ მიმართ კრიტიკული კომენტარები არ დაიშურეს.

- თავს გადასარევად ვგრძნობ, რადგან მუშაობა დიდი შემართებით, დადებითი განწყობით დავიწყეთ. თან, იმ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ვინც ეკრანთან გველოდება, ჩვენი ამბავი განიცადა. ამ ტელევიზიაში იმხელა სითბო და სიყვარული ტრიალებს, რომ კომფორტულად ვართ.

- გადაცემის დახურვის მერე, ზაფხულის არდადეგების სათანადოდ გატარება, დასვენება მაინც მოახერხე?

- დიახ, რადგან სხვა ადგილასაც ვმუშაობ. მე და თათია ბავშვთა გასართობ ცენტრში ვართ დაკავებულები. ამიტომ ვერ ვიტყვი, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო. თუმცა ჩემს ბევრ თანამშრომელს, სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან დასამალი არაფერია - "მთავარზე" სამი თვის განმავლობაში (აპრილი, მაისი, ივნისი) სრულიად უხელფასოდ ვიმუშავეთ. ელემენტარულად მგზავრობის ფული გინდა ადამიანს. იმ ადგილას არც მეტრო იყო, არც ავტობუსი და არც „მარშუტკა“ მიდიოდა. ან ფეხით უნდა მისულიყავი და ან ტაქსით, ანუ ორივე შემთხვევაში ვზარალდებოდით. მიუხედავად ყველაფრისა, ხმას არ ვიღებდით, ვმუშაობდით და გადაცემები ეთერში გადიოდა. ეს ისევ ვანოს დამსახურებით ხდებოდა. ერთიანობა შევინარჩუნეთ. მხარში დგომაც ვიცით, ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან. ასევე ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები. როცა ადამიანებს პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ვმუშაობთ, ვშრომობთ, იქ ხელფასიც უნდა იყოს. როცა ხელფასი არ იყო, წლების განმავლობაში არხს გვერდით ვედექით.

- წლების განმავლობაში?

- ჰო. ხელფასი არ გვერიცხებოდა. ისე არ ყოფილა, რომ ზუსტად გვცოდნოდა, ხელფასი როდის ჩაგვერიცხებოდა, - „წიაწიად“ გვერიცხებოდა. ამ არხზე გული ძალიან დამწყდა და იქაურობა საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაგვიტოვებია. უბრალოდ გვითხრეს, რომ დაიხურებოდა „შაბათის შოუ,“ „მთავარი გოგოები,“ „მთავარი ბიჭები“ და მხოლოდ „ვანოს შოუ“ გავიდოდა, მინიმალური ადამიანების მონაწილეობით. ვანომ ეს არ გააკეთა, თავისი გუნდი ვერ გაწირა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაყურებელმა, ხალხმა უნდა დაინახოს. მართლა ჯვარს გვაცვეს, როცა გაიგეს სხვაგან გადავედით. თან ეგონათ, რომ იმიტომ გადავედით ფინანსური თვალსაზრისით, რაღაც უკეთესი შემოგვთავაზეს. ჩვენ სხვა ტელევიზიაში იმიტომ გადავედით, რომ ყველანი აბსოლუტურად უსახსროდ დავრჩით. ჩვენი გუნდი ვანომ შეინარჩუნა...

ვანო ძალიან მიყვარს. მისგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. ველოდი გუნდს არ გაწირავდა, რადგან ეს მანამდეც არაერთხელ დავინახე. ვანო ადამიანია, რომელიც არავის წირავს.

უბრალოდ ხალხის კომენტარებმა გაგვაოგნა - ძალიან განვიცადეთ. გვეწყინა, გული გვეტკინა. ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს და ყველაფერზე უარი თქვეს. ეს ასე რომ არ ყოფილა, ამის მტკიცებას აღარ დავიწყებთ. როცა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია, მაშინ კარგი ადამიანები ვიყავით, ახლა ცუდები ვართ? გული მწყდება.

- სოციალურ ქსელში, თავად „მთავარი არხის“ წარმომადგენლის საჯარო „პოსტზე“ რას ფიქრობ?

- ნამდვილად არ ველოდით, რადგან ამ ტელევიზიიდან ცუდად არ წამოვსულვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა. ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემდით და ვცემთ. შიდა სამზარეულოში რამდენიმე ადამიანს კარგად ვიცნობთ, ახლო ურთიერთობა გვაქვს, თავადაც არ ელოდნენ. არ ვიცი, რა მოხდა. არხზე სულ სხვა თანადგომას ვგრძნობდით, „პოსტში“ კი სულ სხვა რამე ეწერა. მართლა ვერ ავხსნი, ეს რატომ მოხდა. მით უმეტეს, ის ყველაფერი „ვანოს შოუს“ მართლა არ ეკუთვნოდა.