ავტორი:

"ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი არ იყო... " - ქართველი ფორვარდის სიყვარულის ამბავი, ასრულებული ოცნება და "საჩუქარი" სახელად შაი

"ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი არ იყო... " - ქართველი ფორვარდის სიყვარულის ამბავი, ასრულებული ოცნება და "საჩუქარი" სახელად შაი

ბუდუ ზივზივაძის თამაში საქართველო-მაკედონიის მატჩზე დასამახსოვრებელი იყო ქართველი ქომაგებისთვის. მართალია, რიგით მეორე გოლის ავტორი კვარაცხელია გახლდათ, მაგრამ თავად ხვიჩამაც აღნიშნა, რომ ეს გოლი ზივზივაძეს ეკუთვნოდა.

ჩემი რესპონდენტი ბუდუს მეუღლე ნინი კვერნაძე გახლავთ. სწორედ ის გვიამბობს ქართველი ფორვარდის სპორტულ აღმასვლაზე, მის კარიერაში არსებულ სირთულეებზე, ოჯახზე, სიყვარულზე, შვილზე...

- ნინი, ბუდუ მატჩის შემდეგ ემოციებს ხშირად გიზიარებთ?

- შეძლებისდაგვარად მიზიარებს, ხშირად თამაშს თავადაც ვესწრები.

- მაკედონიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, იმ დღის ემოციები როგორი იყო?

- ეს დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ბუდუმ ნაკრებში საუკეთესო თამაში ჩაატარა. სტადიონზე ვიყავი, მაგრამ იქ მისი ნახვა ვერ მოვახერხე. თამაშის შემდეგ მთელმა ოჯახმა სასტუმროში ვნახეთ, მივულოცეთ. იქ ძალიან ბევრი ადამიანი გახლდათ შეკრებული, ფოტოებს იღებდნენ, საერთო სიხარული იყო და ამის ნახვა ჩემთვის - ძალიან სასიამოვნო.

- როდესაც თქვენთან მარტო დარჩა, თავად ამ დღეზე რას ამბობდა?

- სიმართლე გითხრათ, მარტო ვეღარ ვნახე (იცინის): მალე გაემგზავრა.

- აღსანიშნავია მისი ქცევა, როდესაც საგოლე პასი კვარაცხელიას ჩააწოდა.

- ამით თავადაც ძალიან ამაყი იყო და სინანული იმის გამო, რომ თავად არ გაიტანა, ნამდვილად არ ჰქონია.

- იგივე ჟესტი თურმე კვარაცხელიასგანაც ახსოვდა.

- დიახ, ეს საზღვარგარეთ თამაშის დროს მომხდარა.

- მიამბეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო, ბუდუსთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ.

- ეს ამბავი 4 წლის წინ მოხდა. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით. როგორც დღეს არის, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა.

- ბუდუმ როგორი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა?

- რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია.

- სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

- თავად? მისთვის სიურპრიზების მოწყობა გჩვევიათ?

- სანამ ოჯახს შევქმნიდით, იყო შემთხვევები, როცა თამაშზე დასასწრებად მისთვის მოულოდნელად მივდიოდი. ბუდუს თამაშზე სხვა ქალაქში ჩავსულვარ. როცა "ტორპედოში" გადავიდა, მაშინ მე თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ ქუთაისში აბსოლუტურად ყველა თამაშზე ჩავდიოდი. ეს მისთვის დიდი სტიმული იყო.

- ხელის თხოვნა, ოჯახში მოსვლით, ტრადიციების დაცვით გქონდათ?

- არა. ბუდუ უნგრეთში რომ წავიდა, გადავწყვიტეთ, მეც მასთან ერთად წავსულიყავი.

- ქორწილი გქონდათ?

- არა, მაგრამ ვგეგმავთ.

- ეს დღე როგორი წარმოგიდგენიათ?

- გრანდიოზული და ხალხმრავალი წვეულებები ჩვენი სტილი არ არის. ამ დღეს ვიწრო წრეში აღვნიშნავთ, მოკრძალებულად, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

- დღე, რომელიც თქვენი 4-წლიანი ურთიერთობიდან გამორჩეულად გახსოვთ, რომელია?

- ჩვენი პირველი ერთობლივი დასვენება. ბათუმში წავედით და იმ პერიოდში ძალიან გამორჩეული და ბედნიერი დღეები გვქონდა.

- კამათის შემდეგ პირველ ნაბიჯს რომელი დგამთ?

- ხან როგორ ხდება და ხან როგორ, რთული სათქმელია, გააჩნია, ვინ არის დამნაშავე. პირველი ნაბიჯის გადადგმა არც მე მიჭირს და არც მას. ძალიან იშვიათად ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუმცა ამას მივეჩვიეთ, ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. შესაბამისად, კამათიც თითქმის არ გვაქვს.

- როგორც ვიცი, ნაკრების წევრებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ფეხბურთელების მეუღლეებიც მეგობრობთ?

- რა თქმა უნდა, ვმეგობრობთ, თუმცა ეროვნული ნაკრების წევრი ფეხბურთელების ცოლებთან მეგობრობა ცოტათი ჭირს, რადგან ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებით. სადმე თუ გადავიკვეთებით, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უნგრეთში ახლო ურთიერთობა უმეტესად უკრაინელებთან გვაქვს. უნგრეთში თამაშობს ჩვენი უახლოესი მეგობარი გიორგი ბერიძე. როდესაც ბუდუ "უიპეშტში" გადავიდა, გიორგის თანადგომა ამ დროს მნიშვნელოვანი იყო.

- სანამ ბუდუ "ფეჰერვარიდან" "უიპეშტში" იჯარით გადავიდოდა, კარიერაში ცოტათი რთული პერიოდი ჰქონდა. ამ დროს როგორ გაიხსენებთ?

- ნამდვილად ასე იყო, "ფეჰერვარში" საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენის საშუალება არ ჰქონდა, სათამაშო დროს არ აძლევდნენ და ამის გამო იმედგაცრუებული იყო. ბუდუ საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანია, ცუდ ემოციას არასდროს გვიჩვენებს. საქმესა და ოჯახს ერთმანეთისგან მიჯნავს. "უიპეშტში" პირველსავე თამაშზე გოლი გაიტანა. ახლაც "ფეჰერვარშია", ახლაც თითქმის იმავე სიტუაციაშია, არ აძლევენ სათამაშო დროს, და ისევ წამოსვლაზე ფიქრობს.

- ამ გუნდთან კონტრაქტი როდის უსრულდება?

- კონტრაქტი მალე უსრულდება, ნახევარი სეზონი დარჩა. იჯარით წასვლა აღარ მოუწევს, კონტრაქტს სხვა გუნდთან გააფორმებს. ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. როდესაც პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით გაიტანა, ამბობდა, რომ ეს მისი ოცნების ასრულება იყო.

- როგორია ხოლმე მისი განწყობა, როცა ნაკრების შეკრებაზე მოდის?

- ძალიან უხარია. ახლა ამბობდა, დადებითი ენერგიით და ემოციით დავიმუხტებიო. ახლა გიბრალტარშია, 2 დღეში თამაში აქვს. ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოში იქნება.

- ერთი გოგონა გყავთ. მიამბეთ, ბუდუ როგორი მამაა?

- ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამაა, შეუძლია, ბავშვს ისე მოუაროს, როგორც თავად ვუვლი, საკვების მომზადება, ბანაობა, პამპერსის გამოცვლა... ყველაფერი ეხერხება. შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში შაი ბუდუსთან ისე დავტოვო, არ ვინერვიულო....წაიკითხეთ სრულად