პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის შესახებ ინიციატივა გამოთქვა. სიტყვით გამოსვლისას ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რეგიონში ახალი სიტუაცია შეიქმნა და ბაქო გამოვიდა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ინიციატივით. მან ასევე მხარი დაუჭირა თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის საერთო პლატფორმაც, რათა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, ამ პლატფორმაზე შეიძლება განიხილებოდეს ასევე ენერგეტიკის, კომუნიკაციების საკითხები და სხვა პრობლემები, რომლებიც სამივე ქვეყნის საერთო ინტერესში შედის.
"კარგი იქნებოდა, თავის დროზე, ჩვენ ვყოფილიყავით ამ საინტერესო ფორმატის ინიციატორები. უნდა იყოს სადისკუსიო ფორმატი, სადაც სამი ქვეყანა იპოვის შეხების წერტილებს და გრძელვადიანი მშვიდობისთვის ითანამშრომლებს. დეკლარირებულ განაცხადში რაც არის ნათქვამი, ჩვენთვის საინტერესოა, მაგრამ ამის უკან რა დგას, ჯერ არ ვიცით. ამაზე მართლა თუ დაიწყება მსჯელობა, აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც რეგიონის ცენტრალურმა ქვეყანამ, ჩვენი როლი ვითამაშოთ. სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენთვის საინტერესოა, სომხეთი და აზერბაიჯანი არა მარტო ჩვენთან, ერთმანეთთანაც თანამშრომლობდნენ და ცენტრალური როლის შესრულება შევძლოთ.
ჩვენთვის ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა, ჯერ გეოგრაფიითაა განპირობებული, მერე სხვა ფაქტორებით. შესაბამისად, ამ ნაწილში ეს ჩვენთვის საინტერესო ინიციატივაა. ეს ფორმატი ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარირების დონეზე გაჟღერდა, არ ვიცით, ამის მიღმა რა კონკრეტული დეტალები მოიაზრება, თუმცა ცალსახად საინტერესოა იმ ფონზე, როცა ვნახეთ, რომ იმავე სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე თანდათან წამყვანი როლი დასავლურმა თანამეგობრობამ გადაიბარა. ჩვენ თუ კარგი თანამშრომლობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, სადაც უნდათ, იქ შეიკრიბონ, თუნდაც - რეიკიავიკში, საქმე გააკეთონ და ვინც გინდა იყოს პოლიტიკური ცენტრი.
ჯერ დასხდნენ და რეგიონისთვის გრძელვადიანი სამშვიდობო პერსპექტივა გამოიკვეთოს. 3+3 რაც ეხება, რუსეთი სამს უკვე გამოკლებულია, ის საერთოდ არ ჩანს ამ ფორმატში, პირდაპირ იყო საუბარი სამი სახელმწიფოს დონეზე, შესაბამისად, აქ ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ სწორედ ამ სახელმწიფოებს სჭირდებათ ერთმანეთში კომუნიკაცია. დღეს სომხეთ-აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობაშია და არ ვიცით, სად გვაქვს ჩვენი სამეზობლო პოლიტიკა, ის ჩვენი პოლიტიკოსების გონების მიუვალ წერტილებშია, ქვეცნობიერის დონეზე.
ამათ ჰიპნოზიც რომ გავუკეთოთ, არ ვიცი, ქვეცნობიერიდან ამოიღებენ თუ არა, რომ ოდესმე ნაფიქრი აქვთ სამეზობლო პოლიტიკაზე. ესენი საკუთარ გეოგრაფიაზე უარს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ ჩვენ ორმხრივ რეჟიმში მაინც გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა. ორივეს ერთადაც რომ დაველაპარაკოთ და ორივემ ერთმანეთს ელაპარაკოს, არც ეგ იქნება ცუდი. უბრალოდ, საქართველოს პრესტიჟისთვის, კარგი იქნება, თუნდაც თბილისი იყოს ამაზე სამსჯელო ადგილი. თუ ასეც არ იქნა, არც ესაა პრობლემა, წავიდნენ და მართლა ანტანანარიუზე და კიდევ მონტევიდეოზე შეხვდნენ ერთმანეთს, სულ ერთია. მართალია, დეტალები არ ვიცით, მაგრამ ითქვა, ერთ-ერთი სამსჯელო საკითხი ენერგეტიკა იქნებაო.
ისაუბრონ, ეს სამივე ქვეყნისთვის საინტერესოა, ვინაიდან ირანის პერსპექტივებია, რომ სომხეთზე და მერე საქართველოზე რაღაცამ გაიაროს, ენერგომატარებლებმა ცენტრალური აზიიდან რომ გამოიაროს და ა.შ. ანუ ასეთ საკითხებზე შეიძლება იმსჯელონ. ჰიპოთეტურად, ბევრი საინტერესო რამაა, მაგრამ პრაქტიკულად, ჯერ არ ვიცით იმიტომ, რომ ჯერ არ ულაპარაკიათ. ეს ინიციატივა კარგია, დაახლოებით ის თემაა, მოდი, გავაკეთოთ კარგი რემონტი, მაგრამ ამ კარგმა რემონტმა შეიძლება რაღაცა საძაგელი, ან პირიქით, კარგი რაღაცეები მოიტანოს. ჯერ არ ვიცით, მაგრამ ის, რომ საჭიროა, ეს გასაგებია, ამაზე არავინ დავობს. მთავარია გამოვიდეს ისე, როგორც ჯობია და არა ისე, როგორც გამოდის ხოლმე. ალიევის განცხადება ევროპის არაფორმალურ სამიტზე გაკეთდა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ იქნება თურქეთის და სხვა რეგიონალური აქტორების ინტერესიც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამმა ქვეყანამ ჩვენი ინტერესები ერთმანეთთან გავიაროთ. ასე რომ, ინიციატივა საინტერესოა და ღირს ამაზე მუშაობის დაწყება.“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.