ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
"ყირიმის ხიდის აფეთქება სპეცოპერაციაა", - განაცხადა წყარომ გამოცემა „უნიანთან“ საუბრისას.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე დილით ძლიერი ხანძარი 06:07 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია.

რუსული მედიის ინფორმაციით კი, ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია.
"დღეს, მოსკოვის დროით 06:07 საათზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხარეს ყირიმის ხიდის საავტომობილო გზის ნაწილზე, სატვირთო მანქანის აფეთქება მოხდა, რამაც მატარებლის შვიდი საწვავის ავზის აალება გამოიწვია. მატარებელი ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა“, - აცხადებენ რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

ცნობისთვის, ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.