გუშინ, პრაღაში, სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.
"ვიმედოვნებ, თანდათანობით ვუახლოვდებით მშვიდობას" - ამ ფრაზით მიმართა ალიევმა აზერბაიჯანულ მედიას შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ძალზე დასაფასებელია შარლ მიშელის მუშაობა ამ კუთხით, რადგან იქამდე მისი ინიციატივით, ბრიუსელში რამდენჯერმე ჩატარდა სამმხრივი შეხვედრა.
"ყოველ მომდევნო ჯერზე სულ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან" - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ეს ყველაფერი სომხურ პოლიტ-ელიტასა და ოპოზიციაში რეგიონის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად აღიქვეს.
ალიევის თქმით, ბოლო შეხვედრა თავისი მნიშვნელობით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. თუმცა, მთავარია, რომ "სამშვიდობო პროცესი დაიძრა".
გუშინვე, დახურულ კარს მიღმა ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი შორის, დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერ არ გავრცელებულა.
სომეხი ანალიტიკოსების მოსაზრებით, სომხეთმა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ძალიან ბევრი წააგო და ახლა ფაშინიანმა არ უნდა გადადგას ნაბიჯი - "ყველაფერი მშვიდობის სანაცვლოდ!".
მათივე თქმით, ფაშინიანი-ერდოღანის შეხვედრა კარგია ორი ქვეყნის ურთიერთობის ორგანიზებისთვის, თუნდაც ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, თუ ეს მოსკოვის ინიციატივით არ იქნება ორგანიზებული.
თურქი პოლიტოლოგი, ტოღრილ ისმაილი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში ამბობს, რომ ერდოღანსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა უფრო ადრე, 15-16 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის გამო გადაიდო.
"ევროკავშირი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებაში იჭრება და თამაშიდან რუსეთის ჩამოშორებას ცდილობს, რაც არასამართლიანი ნაბიჯია. ისინი ცდილობენ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კონკრეტულად ბრიუსელში მოეწეროს და არა მოსკოვში, ეს მათთვის დიპლომატიური გამარჯვება იქნება" - ამბობს გასანოვი.
რუსი ექსპერტის, კამრან გასანოვის შეფასებით, როდესაც სომხეთთან ლაპარაკობს თურქეთი, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი აცნობს მეორე მხარეს თავის პოზიციას და გამოსავლის პოვნის თავისებურ ხედვას.
"უკრაინასა და დასავლეთს უკრაინის გარშემო მოლაპარაკებები არ სურთ. ახლა კი, ევროკავშირი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებაშიც იჭრება და თამაშიდან რუსეთის ჩამოშორებას ცდილობს, რაც არასამართლიანი ნაბიჯია. ისინი ცდილობენ, სომხეთსა და აზერბიაჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კონკრეტულად ბრიუსელში მოეწეროს და არა მოსკოვში, ეს მათთვის დიპლომატიური გამარჯვება იქნება" - ამბობს გასანოვი.
რუსი ექსპერტის შეფასებას მწვავედ ეხმაურებიან სომხეთში. ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი წლების განმავლობაში კონფლიქტის მოგვარებას, მშვიდობიანი გზით ამოწურვას კი არა, მის დროში გაწელვას ცდილობდა, ამის ხარჯზე კი, იმყარებდა პოზიციებს სომხეთში და სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც.
"გასაგებია რუსი პოლიტოლოგის შფოთვა. მათი ოკუპანტური პოლიტიკა, სხვა ქვეყნების ჩაძირვის ხარჯზეა აგებული. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, სომხეთმაც გაიღვიძა და რუსული გემი იმ მიმართულებით გაუშვა, რასაც უკვე მთელი ცივილიზებული მსოფლიო აკეთებს. დაგვანებეთ თავი, ჩვენი გადასაწყვეტია რას ვიზამთ, მეზობელთან, მტერთან, მეგობართან!" - ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი მარატ ბაღდარასიანი.
"კარგი ის არის, რომ მსოფლიოს ახალი წესრიგი რუსეთის გარეშე განიხილება. ამის დასტური ნენსი პელოსის ერევანში ვიზიტი, გუშინდელი პრაღის ოთხმხრივი შეხვედრაა, რასაც იმედია, სხვებიც მოჰყვება... დანარჩენი, როგორც ყარაბაღის საკითხის დარეგულირება, ასევე, სამომავლო გეგმები, ახალი პარტნიორების მუშაობისა და დიპლომატიის საკითხია. სომხეთი ვერ იქნება აგრესორი ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელი და მისი ვასალი, ეს არის მთავარი მიღწევა" - წერს ანალიტიკოსი არმან საფარიანი.