ავტორი:

"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?

"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?

სოციალურ ქსელში ლევან თედიაშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. თამარ მოლაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარული მოჭიდავის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერდა და იქვე აღნიშნავდა, რომ თედიაშვილი მარტო, "ყველასგან მიტოვებული" იყო.

ასევე განხილვის საგანი გახდა მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო. ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ ფოტო, რომელიც მოლაშვილმა გამოაქვეყნა, რეალურად ფილმ "ბრაიტონიდან" იყო ამოღებული, სადაც ლევან თედიაშვილი თამაშობს. როგორც გავარკვიეთ, ფოტო ნამდვილად ახალია და ცნობილი სპორტსმენის სახლშია გადაღებული.

როგორია რეალურად ლევან თედიაშვილის მდგომარეობა და რამდენად შეესაბამება სოცქსელში გავრცელებული ამბავი რეალობას, ამის გასარკვევად AMBEBI.GE მოჭიდავის შვილს, ბესარიონ თედიაშვილს დაუკავშირდა:

"რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა რომის პაპზე მეტი კათოლიკე რატომ გამოდის? წერენ რაღაცეებს და ამ დროს, საქმის კურსში არ არიან. არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, შეისწავლოს საკითხი, მოვიდეს ჩემთან, მივიდეს ადგილზე... ხალხი სიტუაციას შორიდან აღიქვამს. ვინც მიცნობს, იცის, ჩვენს ოჯახში რაც ხდება, ვინც არა და, წერს იმას, რაც უნდა - წერენ, ლევან თედიაშვილი მიტოვებულია, არიქა, ვიღაცამ უნდა მიაქციოს ყურადღება, მთავრობის წევრები უნდა მივიდნენ, დაელაპარაკონო... იქნებ მეც მკითხონ რამე, როცა რაღაც სჭირდება, მე ვუვლი მამაჩემს და ვიღაცეები შორიდან გამოდგებიან და ამბობენ, უი, მოუვლელი და უპატრონოა ეს კაციო. აქ ცოტა სხვა სიტუაციაა, არაა ყველაფერი სააშკარაოზე და სამსჯელოდ გამოსატანი.

ლევანს დიაბეტი აქვს, უკვე მესამე წრეზე გაუკეთეთ ფეხის თითების ამპუტაცია. მას ასევე აქვს ნევროლოგიური პრობლემებიც... ნოდარი (კირკიტაძე - პირი, რომელიც გავრცელებულ ფოტოზე ლევან თედიაშვილთან ერთად არის გადაღებული) ძალიან კარგი კაცია, დაველაპარაკე და ყველაფერს მიხვდა, ბოდიშიც მომიხადა. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, სანამ რამეს დაწერს, მე მკითხოს, ეს ხომ ოჯახის შეურაცხყოფაა? არავის ვთხოვ მიმიხედოს მამაჩემს, მაქვს იმის თავი, თვითონ მივხედო და ვუვლი კიდეც.

ახლა ვუყურებ და მეცინება, იმაზე ატეხეს სკანდალი - როგორ მისცეს დემნა გვასალიას საპატიო მოქალაქეობაო. ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს? ადამიანი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი პირველია და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული, ზის მთელი თბილისი და განიხილავს, როგორ მისცეს ეს წოდება, ისიც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ. იმავე სიტუაციაში ვართ ახლა ჩვენც - ლევანზე გადაიტანეს აქცენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე მიტოვებულია და უპატრონოო, ვიღაცეები მიდიან, ვითომ გული რომ შესტკივათ და ვიშვიშებენ. დავჯდე და თავი ვიმართლო, თუ რა გავაკეთო? ვინც ჩახედულია, იცის ჩვენი სიტუაცია, ყველას ხომ ვერ გავაკონტროლებ, ვინ რას წერს ინტერნეტში? ცალკე მეგობრები მირეკავენ, თუ ნახეო, აქეთ დედაჩემი ნერვიულობს, რა ვქნა, ყველას ვდიო, თუ რა გავაკეთო?!

მამაჩემს პრობლემები აქვს, ექიმები რეკავენ, სავადმყოფოშიც არ ჩერდება, მას სახლიც აქვს, კარიც, უბრალოდ, აქ არ მოდის, სხვასთან ცხოვრობს, ჩვენთან არ ჩერდება, ძალით ხომ არ დავაკავებ, იქ უნდა, სადაცაა და მორჩა. არც კლინიკაში ჩერდება, არც - სახლში, წამლებსაც არ სვამს, ურნაში ყრის და ოპერაციის მერე სულ ერთი და იგივე პრობლემა მაქვს, სად გამიჩერდება, სად შემიძლია მივიყვანო. ეს იცით, როგორი ძნელია? შორიდან განსჯა ადვილია, ყველა მორალისტობს...