ავტორი:

"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ნათლობას ეხება. როგორც ის წერს, ხშირად ეკლესიაში მიდიან წყვილები, რომელთაგან ერთი მართლმადიდებელია და სურს, მეორე ნახევარიც მოინათლოს.

მისი თქმით, ეს მარტივი არ არის და ნათლობას გარკვეული წესები აქვს.

"ძალიან ბევრჯერ მოხდა ასე: მოდის ეკლესიაში წყვილი, მათგან ერთ-ერთი მართლმადიდებელია და უნდა მეუღლის ან მომავალი მეუღლის (ძირითადად უცხოელის) მონათვლაც.პირდაპირ მთხოვს, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ თარიღი და მოვნათლოთ. ვეკითხები თავად მოსანათლს, თუ რატომ გადაწყვიტა ნათლობა. ძირითადად ან არ იცის ანდა ამბობს, რომ მის მეუღლეს უნდა ასე ანდა ამბობს, რომ საქართველოში იყო სტუმრად და ისე მოეწონა ჩვენი ხალხი, ტრადიციები, მასპინძლობა და ა.შ., რომ უნდა ბარემ ჩვენებურად მონათლოს კიდეც.

ვეუბნები, რომ ტრადიციებს და ქართულ სუფრას არავითარი კავშირი აქვს ნათლობასთან და ვეკითხები, წაუკითხავს თუ არა თავად ბიბლია ან მინიმუმ ახალი აღთქმა და იცის თუ არა, რას ქადაგებს ქრისტეს მოძღვრება, რა არის ქრისტიანობაში მთავარი ან საერთოდ რა გვწამს მართლმადიდებლებს. მპასუხობს, რომ არა, ჯერ არც წაუკითხავს, არც შეუსწავლია, არც დაფიქრებულა და არც არაფერი იცის. ამ შემთხვევაში პასუხი ეკლესიისგან არის მკაცრი, ნათელი და ცალსახა: - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ადამიანის მონათვლა. ღვთის რისხვას და სასჯელს მოვიწევთ თავზე ისიც და მეც თუ ასეთი არასერიოზულობით შევასრულებთ ნათლობას. ნათლობა თამაში არ არის. პასუხს ვაგებთ განკითხვის დღეს ნათლობის საიდუმლოს გაუფასურებისთვის.

შემდეგ ამ ადამიანს და მის მეუღლესაც ვაძლევ დავალებას: თუ მართლა უნდა ნათლობა, წავიდეს სახლში, აიღოს ბიბლია, წაიკითხოს დაკვირვებით და დიდი ინტერესით, იფიქროს, გაიაზროს, თუ კითხვები გაუჩნდება მოვიდეს, ვისაუბროთ და განვმარტოთ, დაესწროს ღვთისმსახურებას ანუ უნდა გაიგოს და იწამოს ქრისტე, როგორ მისი მაცხოვარი, შემდეგ ეს უნდა აღიაროს და დაგვიდასტუროს, რომ სწამს ქრისტეს სახარება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი მონათვლა.რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი? სულ ერთია, არა აქვს მნიშვნელობა - 3 თვე იქნება, 9 თვე თუ 3 წელიწადი. მთავარია მართალი და სინდისიერი იქნება მისი ქრისტიანული გზის დასწაყისი და ღმერთიც შეეწევა მის სიცოცხლეს.ასე რომ, ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. თავად ნუ დაისჯით თავს" - წერს ლომიძე.