ავტორი:

"გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული" - თბილისში, მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი, განსხვავებული ბაღი და საზამთროები "ჰამაკებში" (ფოტოები)

"გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული" - თბილისში, მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი, განსხვავებული ბაღი და საზამთროები "ჰამაკებში" (ფოტოები)

ამ ოჯახის ახლოს გაცნობის შემდეგ, ქართული ანდაზები მახსენდება - "სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია“ და "ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა." დიახ, ამ ამ გონიერმა ხალხმა თბილისში, სულ რაღაც 90 კვადრატ ფართობზე, საოცარი ბაღი გააშენა, სადაც იმდენი მოსავალი მოჰყავთ, რამდენის მოყვანაც 900 კვადრატზეა შესაძლებელი.

პირადად მე საქართველოში ვენახზე გაშვებული ნესვი და საზამთრო არ მინახავს. პირველად მათთან ვნახე. კორპუსის ბინიდან კერძო სახლში გადმოსულმა ახალგაზრდა ოჯახმა ამ მცირე ფართობზე მართლა საოცარ შედეგს მიაღწია. ოჯახის დიასახლისი, თეა სამადაშვილი-ედიშერაშვილი, "პალიტრამედია ჰოლდინგის" თანამშრომელია, ის ჟურნალ "გემრიელიას“ პასუხისმგებელი რედაქტორია.

კულინარიაში შემთხვევით მოხვდა და დღეს უკვე გამოცდილი კულინარი და კონდიტერია. ის ახლა ჩვენი სტუმარია:

- კორპუსში ვცხოვრობდით, პატარ ბინა იყო, ვეღარ ვეტეოდით და საკუთარ სახლში გადმოვედით. საკუთარი ეზოს ფასი არაფერია. თავიდან ყვავილებით დავინტერესდი, რადგან ყვავილები სულ მიყვარდა. ეს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. თუმცა რომ ვთქვა, ბაღი და მიწის დამუშავება მიზიდავდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. ეს ბესოს, ჩემს მეუღლეს უყვარს და ამ საქმეს ზოგადად ძალიან აქტიურად მიჰყვება.

კახეთში თავისი მეურნეობა აქვს... მოკლედ, კარგა ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მიწასთან ურთიერთობა შემეყვარებინა. აქ გადმოსვლისთანავე ახალი ხეხილი ჩავყარეთ. საერთოდ, დიდ ყურადღებას ვაქცევ ბავშვების კვებას. ვცდილობ, პროდუქტი ბაზარში გლეხებისგან შევიძინო. ბესომ მოიფიქრა, - მოდი, აქვე დავთესოთ ბოსტნეულიო, მაგრამ ნიადაგი არ ვარგოდა. ამიტომ მთლიანად შევცვალეთ, ამაღლებული კვლები გააკეთა მულჩირებით. მიწა საკმაოდ ამოითხარა, სადაც ტყის მიწა ჩაიყარა, მაგრამ ბაღი მაინც პატარა გამოვიდა.

მოდი, გახეივნებაც გავაკეთოთ და ფართობს მოვიგებთო. ბევრი რამ, რომელმა კულტურამაც ამის საშუალება მოგვცა, ხეივანზე გავუშვით, მათ შორის, ნესვი, საზამთრო... კიტრი კი, ღობეზე. რაც ბავშვებს სჭირდებათ და ბაღში შეიძლება გვქონდეს, ყველაფერი გვაქვს. ზამთარშიც გარკვეული მწვანილი გვაქვს და შესაძენად გასვლა არ გვიწევს.

ისე, ეზოში პანდემიის პერიოდში მეტად გავაქტიურდით. ამ ყველაფერს უფრო მივაქციეთ ყურადღება.

- კვლებში რა პრინციპით გაქვთ ბოსტნეული დათესილი?

- შერეული სახეობები გვაქვს, მაგალითად, სტაფილოსთან უნდა იყოს ოხრახუში. თურმე ისინი ერთმანეთს ეხმარებიან სარეველებთან, მავნებლებთან, მწერებთან ბრძოლაში. მოკლედ, ეს მცენარეები ერთმანეთისთვის სანიტრები არიან. არ ვწამლავთ ქიმიურად, მათ ზრდაში არანაირად არ ვერევით. გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული. კარტოფილიც კი მოვიყვანეთ.

- ასეთ მცირე ფართობზე?

- კარტოფილი ნამჯაზე მოვიყვანეთ, ნამჯა სინესტეს უნარჩუნებს. ხშირი მორწყვა არ სჭირდებოდა, არც გამარგვლა და გათოხნა უნდა. ეს ექსპერიმენტი ერთ კვალზე გავაკეთეთ და ძალიან მოგვეწონა, მშვენიერი კარტოფილი მოვიდა. მას მერე პატარა კვალს სულ ვთესავთ, რომ ახალი კარტოფილის სეზონზე ეს პროდუქტი გვქონდეს. წლის მარაგისთვის კი კარტოფილი ბესოს კახეთში მოჰყავს.

- მორწყვისა და სარეველას გამარგვლის საკითხი როგორ გაქვთ გადაწყვეტილი?

- ჩვენს ბოსტანს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა არ სჭირდება. ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ მულჩირება და წვეთოვანი სისტემა, რომ მუდმივად და ხელით არ მოგვერწყა. წვეთოვანი სარწყავი სისტემა ძალიან კომფორტულია, ვისაც აქვს იმის საშუალება, თავიდანვე რომ ჩაყაროს ეს მილები, სადაც წყალი გადის და წვეთ-წვეთად, ძალიან ხარისხიანად ირწყვება, კარგ საქმეს გააკეთებს. უბრალოდ, ონკანი უნდა გახსნა და მთელი ბაღი თავისით ირწყვება.

ეს ყველაფერი წყლის დაზოგვის მიზნითაც კარგია, ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. რაც შეეხება გამარგვლას და გათოხნას, მსგავსს არაფერს ვაკეთებთ. სარეველა აქა-იქ თუ ამოდის. როგორც გითხარით, მულჩი თავიდანვე, კვლების შიგნით გაკეთდა. ორმოები ამოითხარა, ნიადაგი შეიცვალა.

ბესომ ჭაჭა და ნამჯაც ჩაყარა იქ. უბრალოდ ის არის, რომ გაზაფხულზე ამ კვლებზე ახალი მიწის დამატება სჭირდება.

- თქვენს ჰაერში დაკიდებულ საზამთროებსა და ნესვებზე რას გვეტყვით?

- საზამთრო და ნესვი ხეივანზეა გაშვებული. შემდეგ ჰამაკივით კეთდება, სადაც ისინი ისმევა, ჰამაკები კი მყარად მაგრდება. იმის გამო, რომ სასუქს არ ვაწვდით, დიდები არ იზრდება, ამიტომ ჰამაკები თავისუფლად უძლებს. დიდი ზომისები არ არის, მაგრამ ხარისხიანი მოსავალი მოდის. ასევეა ნესვიც.

- მოკლედ, თუ სწორად მივუდგებით ამ საქმეს, მინიმალურ ფართობზეც შეიძლება ოჯახისთვის საჭირო სასარგებლო პროდუქტის საკუთარ ეზოში მოყვანა...

- ასეა. მთავარია, რომ სწორი დაგეგმარება მოხდა, მანამდე სწორი ინფორმაცია შეგროვდა საიმისოდ, რა როგორ გაკეთებულიყო. ყველაფერი ხომ ცოდნიდან, განათლებიდან მოდის. დღეს იმისთვის, რომ რაიმე სფეროში ცოდნა მიიღო, ამის დიდი საშუალებაა. მერე საკუთარი ექსპერიმენტის შედეგებიც გიგროვდება. ვინ იცის, რამდენი მცენარის თესლი აქვს ჩემს მეუღლეს ნაყიდი, მაგრამ მათგან რაღაც ამოვიდა და რაღაც არა. ესეც გამოცდილებას გიგროვებს. გვინდა, რომ მიწასთან ურთიერთობა ბავშვებმაც შეიყვარონ.

- მოკლედ რჩევების გაცემა სხვებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის თავისუფლად შეგიძლიათ...

- ყველას ვთხოვ ხოლმე, ჩვენი ბაღის ნახვის შემდეგ თუ რაიმე გაინტერესებთ, არ მოგერიდოთ, გვკითხეთ, გაგიწევთ კონსულტაციას. ჩვენი ცოდნა შეიძლება არ არის დიდი, მაგრამ იმისთვის მზად ვართ, რაც ვიცით და რაც გამოვცადეთ პრაქტიკაში, სხვებს გადავცეთ და გავუზიარებთ.

- თეა, თქვენ ცოდნას და გამოცდილებას, ადამიანებს საკუთარი რეცეპტების სახით კულინარიაშიც უზიარებთ. ამას ჟურნალ "გემრიელიას“ საშუალებით აკეთებთ. საერთოდ, როდის და როგორ დაინტერესდით ამ დარგით და ეს ცოდნა სად დააგროვეთ?

- ეს ცოდნაც გამოცდილებამ, დრომ და საქმის სიყვარულმა მოიტანა. ჟურნალისტობა მინდოდა. უცხო ენების სპეციალისტი ვარ. კულინარია ჩემგან შორს იყო. სკოლაში შრომას და კულინარიას მამიდაჩემი გვასწავლიდა და გამწარებული მყავდა, არც ერთი გაკვეთილი არ ვიცოდი. ახლა ამბობს, ვინ მოიფიქრებდა, ასეთი კულინარი თუ დადგებოდიო?! ეს ინტერესები, უკვე მაშინ გაჩნდა, როცა გავთხოვდი. ამ სფეროში ჩემი ასე აქტიურად ჩართვაში წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის. კარტოფილი, ან კვერცხი, რომელსაც ვუმზადებდი, თუ დამეწვებოდა, საყვედურს კი არა, სტიმულს მაძლევდა. ერთ ღამეს ტორტის ბისკვიტი 4-ჯერ ჩამივარდა. ის კი პროდუქტებზე ჩადიოდა მაღაზიაში და ამოჰქონდა.

კონდიტერია უფრო მაინტერესებს და მიყვარს. ვგიჟდები ცომის დამუშავებაზე, მასთან ურთიერთობა ჩემთვის ჩვეულებრივი თერაპიაა. ახლა ყველაფერი მაქვს, ტექნიკურად სამზარეულოს ინვენტარით და ტექნიკით კარგად ვარ აღჭურვილი. ასე რომ მიყვარს და ასეთ გულს და ენერგიას ვდებ მასში, ალბათ, შედეგიც ამიტომ მაქვს. ზოგადად პერფექციონისტი ვარ. ჩემი სტილია - ყველაფერი, ან არაფერი. ეს არც ისე კარგი თვისებაა და ცოტა მაწუხებს. ყველაფერი ლამაზი მიყვარს, ჩემთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, კერძებში, დესერტებშიც რაც არ უნდა გემრიელი იყოს, თუ არ მომეწონა ვიზუალურად, იმას არ მოვამზადებ.

ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. თავიდან ჰობი იყო. ახლა უკვე ჩემი საქმეა და შემოსავლის წყაროც. ეს არის საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ. ამ კუთხით აქტიურობაში, მიგნება-მიგნებაში, ექსპერიმენტებში აზარტშიც შევედი. მერე კონდიტერიაში რამდენიმე ტრენინგიც გავიარე იტალიელებთან, ფრანგებთან. ამ ყველაფერმა კი საყვარელი საქმე მაპოვნინა.

- აღმოჩენები კონდიტერიაში მართლაც გაქვთ და საოცარია თქვენი ნუგა...

- კი, შევქმენი შოკოჰოლიკი. ვამზადებ არტიზანულ ტკბილეულს - ტრიუფელებს, ბომბონებს, ნუგას, სამომავლოდ გარკვეული გეგმებიც მაქვს. მაქვს ეზოში ცალკე მდგომი საწარმოც - სურსათის უვნებლობა მას ასე ეძახის, სადაც ყველანაირი სანიტარული ნორმის დაცვა ხდება. მოკლედ, ამ ყველაფერს მარტო ვმართავ და მარტო ვმუშაობ..

ნუგის რეცეპტის დახვეწას და შემუშავებას 4 თვე მოვანდომე. იმ პერიოდში ნორმალურად ღამეც არ მძინებია, ექსპერიმენტებს ვატარებდი. ტექნიკურადაა რთულად მოსამზადებელი და დროც უნდა.

- რას ურჩევდით დამწყებ კულინარებს?

- ადამიანის ჯანსაღ, გემრიელ, სასარგებლო კვებას როგორც ხელოვნებას, ისე უნდა შევხედოთ. შესაბამისად, ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას ვჭამთ. აჯობებს, ჩვენით ვაკეთოთ კერძები და გარეთ იშვიათად ვიკვებოთ. ჩემთვის ბავშვები არიან პრიორიტეტები და ამ ყველაფრის წარმოებაც ამიტომ დავიწყე, მინდოდა, ყველაფერი ჯანსაღი ეჭამათ. იმას, რასაც ჩემს შვილებს არ ვაჭმევ, სხვებსაც არ შევთავაზებ.

- ბოლოს რამდენიმე რეცეპტიც გაგვანდეთ...

- თათარა: 1 ლ. ბადაგი 2 ჭ. ფქვილი შაქარი გემოვნებით ცივ ბადაგში გავხსნათ ფქვილი კარგად, დავდგათ ქურაზე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. გემოვნებით დავამატოთ შაქარი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30 წთ. თან გამუდმებით ვურიოთ. ცხელი თათარა ჩავასხათ ღრმა ჭურჭელში და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. მომზადების დრო 35-40 წთ.

გოგრის ფუნთუშები:1 ჭ რძე, 3 სკ კარაქი, 4 ჭ ფქვილი, 1 ჭ შაქარი, 1 დიდი კვერცხი, 0,5 ჭ. გოგრის პიურე, 2 ჩკ მშრალი საფუარი, მწიკვი მარილი.

მომზადება: თბილ რძეში ჩავაგდოთ კარაქი და დავაცადოთ გადნობა. ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი. დავუმატოთ კვერცხი, გოგრის პიურე და თბილი რძე და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად. შემდეგ მოვაგუნდაოთ ცომი, მივცეთ მრგვალი ფორმა, გარშემო შემოვახვიოთ ბამბის ძაფი ისე, რომ სეგმენტებად დაიყოს და არ ჩაიჭრას ბოლომდე.

დავაწყოთ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და კიდევ ერთხელ ამოვაფუოთ. ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს მიიღებს.

გამოცხობის შემდეგ, ფრთხილად მოვხსნათ ძაფი, მომზადების დრო 1,5-2 სთ. 8 ფუნთუშა ღუმელში

გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით 5 კარტოფილი, 30 გრ კარაქი, 5 კ გახეხილი ყველი, წიწაკა (სურვილით) მარილი, 1 კ ზეთი, 5 ფირფიტა ბეკონი. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და გამოვაცხოთ ღუმელში 30 წთ. შემდეგ გამოვიღოთ, ცოტა შევაგრილოთ და დანით გავჭრათ ისე, რომ კარტოფილის მთლიანობა არ დაირღვეს. კოვზით ამოვიღოთ გული, ჩავჭყლიტოთ კარაქში, დავუმატოთ მარილი და გახეხილი ყველი. კარგად ავზილოთ და ისევ გამომცხვარ კარტოფილში ამოვავსოთ. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ბეკონი ან შემოვახვიოთ და გამოვაცხოთ 20 წთ. 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მომზადების დრო 1 სთ. 2-3 ულუფა