ავტორი:

5 კითხვა, რომლებიც დენტალური იმპლანტის გაკეთებამდე უნდა დასვათ

5 კითხვა, რომლებიც დენტალური იმპლანტის გაკეთებამდე უნდა დასვათ

კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, თუმცა მათ შორის კბილის იმპლანტი ყველაზე ინოვაციურ გადაწყვეტილებად მიიჩნევა. დენტალური იმპლანტი დაკარგული კბილის ადგილზე მაგრდება და მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის განსხვავება თვალისათვის შეუმჩნეველია. იმპლანტი კიდევ რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება, თუმცა ვიდრე იმპლანტის ჩასმას გადაწყვეტთ, მის შესახებ ყველაფერი დეტალურად უნდა გაარკვიოთ. ეს პროცესი რომ გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ პასუხს იმ 5 კითხვაზე, რომლებიც იმპლანტის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა დაისვას. ჩვენს კითხვებს „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი დიმიტრი გოგოლაძე უპასუხებს.

დენტალური იმპლანტის რა ტიპები არსებობს და როგორ ხდება მათი შერჩევა?

იმპლანტი წარმოადგენს ტიტანისგან დამზადებულ ჭანჭიკს, რომელიც ყბის ძვალში ინერგება. თავდაპირველად იმპლანტი ფირფიტოვანო ფორმის იყოს. მას შემდეგ იგი მუდმივად ვითარდება და იხვეწება. იმპლანტების მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ დახვეწონ და უფრო მოსახერხებელი გახადონ. დღეს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილ იმპლანტებს შორის სხვაობა უფრო ვიზუალურია, ვიდრე ფუნქციური. ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ფორმით, დიზაინით. შერჩევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია კრიტერიუმია მეტალის ანუ ტიტანის სისუფთავე, თუმცა შერჩევის პროცესში პაციენტი ნაკლებად ერევა. გადაწყვეტილებას ექიმი იღებს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, ძვლის ტიპის და ზოგადი ჯანმრთელობის საკითხებიდან გამომდინარე.

იმპლანტები ასევე განსხვავდება მასზე გვირგვინის ინსტალაციის პერიოდით. ზოგი მწარმოებელი იმპლანტის ჩასმასა და გვირგვინის ინსტალაციას შორის 2-კვირიან შუალედს ჰპირდება მომხმარებელს, ზოგი - რამდენიმეთვიანს, თუმცა ისეთი ბიოლოგიური პროცესის დაჩქარება, როგორიც შეხორცებაა, ფაქტობრივად შეუძლებელია. მე პირადად, საკუთარი და კოლეგების გამოცდილებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევ იმპლანტისა და გვირგვინის დაუყოვნებლივ, ერთდროულად ინსტალაციას ან მათ შორის მინიმუმ 3-თვიან შუალედს, თუმცა ეს საკითხი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

რა არის დენტალური იმპლანტის უპირატესობები კბილის აღდგენის სხვა მეთოდებთან შედარებით?

დღეს დენტალური იმპლანტის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, მათ შორისაა: მოსახსნელი პროთეზირება, ხიდები და სხვა. იმპლანტი კი ყველაზე თანამედროვე, დამზოგველ და ეფექტურ მეთოდად ითვლება. მაგალითად, დიდი უპირატესობაა ის, რომ მეზობელი კბილების დაქლიბვა საჭირო არაა, როგორც ეს ხიდების დროს კეთდება. თუ დაკარგული გაქვს ერთი კბილი, მის ნაცვლად იკეთებ ერთს და არა სამს.

იმპლანტის ჩასმა ძალიან სწრაფი პროცედურაა და დაახლოებით 10 წთ გრძელდება.

მისი კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ბუნებრივ კბილთან მაქსიმალური მსგავსებაა. ის ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილებს არა მარტო ვიზუალურად, არამედ იმ შეგრძნებებითაც, რასაც პაციენტი იღებს მისი უშუალო გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში. პაციენტები ყბის ძვალში იმპლანტის არსებობას ვერც კი გრძნობენ, ხოლო, მასზე მოთავსებული გვირგვინი სრულად იმეორებს კბილის ბუნებრივ კონტურს და როგორც ფუნქციურად, ასევე ესტეტიურად სრულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს.

იმის გამო, რომ დენტალური იმპლანტები არ არის დამზადებული ბუნებრივი კბილის მასალისგან, ისინი გამოირჩევიან კარიესისა და სხვა სახის დაავადებების მიმართ მდგრადობით.

აქვს თუ არა დენტალურ იმპლანტაციას უარყოფითი მხარეები?

ამ პროცედურის შედარებით უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მისი სიძვირე, ასევე გვირგვინის დამაგრებამდე არსებული შუალედი.

სამედიცინო თვალსაზრისით, ისევე როგორც ნებისმიერ ოპერაციას, დენტალურ იმპლანტაიასაც ახლავს პოსტოპერაციული რისკები. რეალურად პირის ღრუში სტერილური გარემოს მიღება შეუძლებელია. ეს ფაქტი არსებულ რისკებს უფრო ზრდის. რისკი არსებობს როგორც პოსტოპერაციული გართულების ინფექციების, ისე შეუთავსებლობის კუთხით, თუმცა შემთხვევათა 98%-ზე მეტი წარმატებით სრულდება. თუ მაინც კონკრეტულ შემთხვევაში შეუთავსებლობა გვაქვს და იმპლანტის ამოღება გვიწევს, მას მწარმოებელი გვიცვლის და გარკვეული პერიოდის შემდეგ რეიმპლანტაცია ხდება. ეს პროცედურა პაციენტისთვის უფასოდ ტარდება.

რა განსაზღვრავს იმპლანტის ფასს?

იმპლანტის ფასს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. პირველი არის თვითღირებულება ანუ ფასი, რომლითაც მას მწარმოებელი ყიდის, თუმცა მხოლოდ ამით არ უნდა განისაზღვროს ღირებულება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ექიმის კვალიფიკაცია. რაც უფრო კვალიფიციურია ექიმი, მით მეტი ფინანსური რესურსი აქვს ჩადებული მას საკუთარ განათლებაში, შესაბამისად, მისი მომსახურებაც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ექიმის. მაღალკვალიფიციური ექიმები მუდმივად ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. რეალურად, დღეს ექიმს მართლაც დიდი რესურსის ჩადება იმაში, რომ მან მიაღწიოს კვალიფიკაციას და დონეს, როდესაც იტყვის, რომ ოპერაციის ჩატარება ანუ იმპლანტის ჩადგმა მას მაღალ დონეზე შეუძლია. ეს უბრალო ჭანჭიკის დამაგრება ნამდვილად არაა.

როგორი მოვლა სჭირდება იმპლანტს?

სწორი ჰიგიენის დაცვასა და იმპლანტის მოვლას იმპლანტაციის წარმატებით დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პაციენტის მიერ რეკომენდაციების სრულად დაცვა წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლია. რაც უნდა ხარისხიანი იმპლანტი და მაღალკვალიფიციური ექიმი იყოს, იმპლანტს თუ სწორად არ მოუარა პაციენტმა, ის დიდხანს ვერ მოემსახურება. იმპლანტს სჭირდება პაროდონტოლოგის რეგულარული მეთვალყურეობა და მის მიერ დანიშნული ჰიგიენის წესების დაცვა. ეს გულისხმობს სპეციალურ ჯაგრისს, ირიგატორს.

ამ წესების შესახებ პაციენტი თავიდანვე უნდა იყოს ინფორმირებული. თუ მან წინასწარ იცის, რომ ჰიგიენის წესების სრულყოფილად დაცვას ვერ შეძლებს, კვალიფიციურმა ექიმმა იმპლანტაცია არც უნდა ჩაატაროს, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმპლანტს აუცილებლად შეექმნება პრობლემები.

სწორი მოვლის შემთხვევაში იმპლანტი მთელი ცხოვრების მანძილზე გვემსახურება.

R