ავტორი:

"ბირთვული საბრძოლო ძალები შეტევისა და მტრის სტრატეგიული ობიექტების განადგურებისთვის სრულ მზადყოფნაშია“ - იარაღს კიმ ჩენ ინიც "აჟღარუნებს"

"ბირთვული საბრძოლო ძალები შეტევისა და მტრის სტრატეგიული ობიექტების განადგურებისთვის სრულ მზადყოფნაშია“  - იარაღს კიმ ჩენ ინიც "აჟღარუნებს"

სეულისა და ტოკიოს ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ, კვირა დილით, ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეა კი ამბობს, რომ მათი სარაკეტო ტესტირება იმიტირებული გამოცდის ნაწილი იყო, რომელიც სამხრეთ კორეის პოტენციურ სამიზნეებზე ბირთვული თავდასხმისთვის მზადყოფნას უჩვენებს.

ტაქტიკური ბირთვული დანაყოფების წვრთნებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. KCNA (ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია) იტყობინება, რომ წვრთნებში გამოყენებულ ბალისტიკურ რაკეტებს იმიტირებული ბირთვული ქობინი ჰქონდათ. მათივე მტკიცებით, ეს წვრთნები ომის შეკავების მესიჯია.

KCNA-ს მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ოპერაციების წვრთნების სერიამ აჩვენა, რომ ქვეყნის "ბირთვული საბრძოლო ძალები შეტევისა და დანიშნულ დროში მტრის სტრატეგიული ობიექტების განადგურებისთვის სრულ მზადყოფნაშია“.

თავად ლიდერი კიმ ჩენ ინი კი აცხადებს, რომ მას არ სურს მტრებთან დიალოგი და ძალის ჩვენებას ამჯობინებს: "მიუხედავად იმისა, რომ მტერი კვლავ დიალოგსა და მოლაპარაკებებზე ლაპარაკობს, ჩვენ არაფერი გვაქვს მათთან სალაპარაკო და არც ამის საჭიროება გვაქვს“, - ამბობს ის.

მიდლბერის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების პროფესორმა ჯეფრი ლუისმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის განცხადებები სარაკეტო პროგრამაში პროგრესზე მიუთითებს. "აღსანიშნია ის, რომ ეს არა თავად რაკეტების, არამედ იმ დანაყოფების გამოცდაა, რომლებიც მათ გაუშვებს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს სისტემები უკვე განლაგებულია“,- თქვა ჯეფრი ლუისმა "ტვიტერის" პოსტში.

ექსპერტების თქმით, ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, დაახლოებით 20-30 ახალი ბირთვული ქობინი შექმნა, უმეტესად, საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებით.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა