ავტორი:

"იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე, არასოდეს მინახავს..." - მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

"იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე,  არასოდეს მინახავს..." -  მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

"ახლა ერთადერთი ისეთ როლს თუ ვითამაშებ, რომელიც ჩემს ცხოვრებას განასახიერებს. მაგრამ მგონია, რომ ფილმი ტრაგიკული გამოვა, პესიმიზმზე იქნება აქცენტი, რადგან ჩემს ცხოვრებაში იმედგაცრუება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გამართლება. სულ 10 წელი მქონდა შედარებით ბედნიერი და ისიც დანარჩენ ცუდს ვერ გადაწონის. ასეთია ცხოვრება, ხან აქეთ გადმოგაგდებს, ხან იქით გადაგაგდებს. რა უნდა ქნა? უნდა გაუძლო…” - ამბობდა ლიკა ქავჟარაძე 2011 წელს ჟურნალი “სითისთან” ინტერვიუში... ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუა, რადგან ქართული მედია, ნაკლებად იყო განებივრებული მასთან საუბრით... ეკრანზე თუ ჟურნალის ფურცლებზე მისი გამოჩენა, ყოველთვის ტკივილით სავსე იყო, რადგან საუბრობდა კარიერაზე, რომელიც ვერ გაგრძელდა და პირად ცხოვრებაზე, რომელიც არც ისე მარტივი იყო...

დღეს ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. მართალია, მას ხშირად ერთი როლის მსახიობად მოიხსენიებენ, მაგრამ ამან მის პოპულარობას ვერაფერი დააკლო... ქართულ კინოში მან განუმეორებელი მარიტას სახე შექმნა...

"ტალახის სცენის გადაღებისას ისეთი ადამიანებიც იყვნენ, კადრს მიღმა, ლიკა გენაცვალე, როგორ მიყვარხარო მუბნებოდნენ და კამერა რომ ირთვებოდა, მთელი ძალით მესროდნენ ტალახს, ავიწყდებოდათ ყველაფერი.

- ადამიანები ცხოვრებაში ასეთი სასტიკები არიან?

- როგორ არა, ძალიან სასტიკები არიან, აუცილებელი არ არის, რომ ქვა და ტალახი გესროლონ..." - ამბობდა ლიკა.

მართალია, მისთვის ცხოვრებაში ფიზიკურად არ უსვრიათ ტალახი, მაგრამ ტრაგიკული ბედის ქალი იყო, რომელიც ბოლომდე ვერ დააფასეს, ვერც კინომ და ვერც იმ მამაკაცებმა, რომლებიც მის ცხოვრებაში იყვნენ...

წლების წინ მწერალი დათო ტურაშვილი იხსენებდა...

დათო ტურაშვილი:

"სახლიდან გაკვეთილების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე გამოვდიოდი. ჯერ გავუვლიდი ჩემს კლასელს, მეგობარს და მეზობელს ლაშა ფხაკაძეს, რომელიც თავისი სადარბაზოს წინ მელოდა ხოლმე და მერე ერთად ვაგრძელებდით გზას სკოლისაკენ.

მოკლედ, იმ დილითაც ჩვეულებრივად გამოვედი სახლიდან, დავეშვი კიბეზე და მეზობელი კორპუსის კედელთან რომ უნდა შემეხვია და ქუჩაზე გადავსულიყავი, უცებ ვიგრძენი უცნაური სისუსტე მუხლებში და გავჩერდი - ჩემს წინ იდგა ლიკა ქავჟარაძე. უფრო სწორად, მე ვიდექი გაუნძრევლად მანამ, სანამ ლაშა ფხაკაძემ არ მომაკითხა, თორემ ლიკა ქავჟარაძეს ფეხი არ შეუნელებია, მე არც შევუმჩნევივარ, ისე ჩამიარა გვერდით და სადარბაზოში შევიდა. ეს ის დრო იყო, როცა ცხრამეტი წლის ლიკა ქავჟარაძეს, უკვე შესრულებული ჰქონდა მარიტას როლი კინოფილმ "ნატვრის ხეში" და ეს ფილმი, ჩვენც ნანახი გვქონდა.

მაშინ უკვე ისიც ვიცოდით, რომ ახალგათხოვილი ლიკა ქავჟარაძე სადღაც ჩვენ უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ რაც იმ დილით ვნახე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. მე რომ იმ დილით ვნახე, იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე, რასაკვირველია, არასოდეს მინახავს და ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო...

მეორე დილით, რასაკვირველია, ორივენი დავხვდით ლიკა ქავჟარაძეს და, რასაკვირველია, წინა ღამით ისიც კი გავიფიქრე, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ ფხაკაძესაც გავანდე ეს საიდუმლო, მაგრამ შუაღამისას, სანამ ჩამეძინებოდა, მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ ვცდებოდი. დილით კი, ორივენი ვიდექით ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ლიკა ქავჟარაძემ გამოიარა და სანამ ლიკა შემოუხვევდა, ლაშამ მკითხა - იქნებ მოგეჩვენაო, და პასუხის გაცემა რომ დავაპირე, სწორედ მაშინ შემოუხვია.

მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო… სკოლაში წასვლას აზრი აღარ ჰქონდა...

დილით კი ისევ იქ ვიდექით, სადაც ლიკა ქავჟარაძე უნდა გვენახა ისევ, და იმან ისე ჩაგვიარა, როგორც წინა დღეებში, მაგრამ ამჯერად (წინა დღეებისგან განსხვავებით), ლიკას უკან გავყევით. ახლაც არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ ეს რაღაც თავისთავად მოხდა, მე და ლაშა ნამდვილად არ შევთანხმებულვართ და ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ როგორც კი ლიკა სადარბაზოში შევიდა, ჩვენც უკან მივყევით. კიბეზე რომ ავდიოდით, მახსოვს, ერთი კი გავიფიქრე, რა უნდა გვეპასუხა ლიკა ქავჟარაძისთვის, უცებ რომ შემობრუნებულიყო და ჩვენთვის ეკითხა, რა გვინდოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა და ასე ჩუმად, უხმოდ ავყევით მას ბოლო, მეხუთე სართულამდე.

როგორც ჩანს, მისთვის ისეთი პატარები ვიყავით, რომ საერთოდ არ შეშინებია და ცოტა ღიმილითაც კი მოგვიხურა ცხვირწინ დიდი და მძიმე კარი. მე ცხვირი მოვიფხანე და იქვე, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ლაშამაც იგივე გააკეთა და სიგარეტი ამოიღო. ჯერ თავისთვის მოუკიდა, მერე მეც შემომთავაზა. მე ჩემი ცხოვრების პირველი სიგარეტი სწორედ მაშინ მოვწიე, მაგრამ არ მომეწონა, რადგან თავბრუსხვევა ვიგრძენი და ხველებაც ამიტყდა. არ ვიცი ამის გამო იყო, თუ ლიკა ქავჟარაძემ უთხრა თავის ქმარს ჩვენს შესახებ, უცებ ის დიდი რკინის კარი გაიღო და იქიდან ვიღაც "ვზროსლი" გამოვიდა, რომელიც ალბათ მხოლოდ ჩვენთვის იყო "ვზროსლი" და, აქ რას აკეთებთო, - საკმაოდ მშვიდად გვკითხა. მინდოდა მეთქვა, რომ არაფერს-მეთქი, მაგრამ ხველების გამო ფხაკაძემ დამასწრო და რა შენი საქმეაო, - ისე სწრაფად უთხრა იმ ზრდილობიან და სიმპათიურ ადამიანს, რომ მაშინ ისიც კი გავიფიქრე, თითო-თითო ჭიტლაყი, ნამდვილად არ აგვცდებოდა.

თუმცა, ეტყობა, მართლა ძალიან კარგი ადამიანი იყო და მაინც ბოლომდე თავი შეიკავა, და სანამ კიბეებზე ვეშვებოდით, ჩვენთვის არაფერი უთქვამს.

ჩვენ კი, აპრილის ბოლომდე, მაინც ყოველ დილით, ისევ იქ ვიდექით ხოლმე ლიკას მოლოდინში, მაგრამ ლიკას იქ აღარ გამოუვლია, და ლიკა ისეთი, როგორიც მაშინ იყო, მერე აღარასოდეს მინახავს..."

ქართული კინოს ლეგენდა, ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი ორჯერ დაოჯახდა. ერთხელ პოპულარობის პიკზე, სანდრო თაქთაქიშვილზე, რომელთანაც ერთადერთი შვილი - ლევანი შეეძინა. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა.

იხილეთ ასევე: