აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა.
მისი განმარტებით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას - "ეს იყო არასწორი შეფასება, რომლის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა".
"ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო "დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
"არა მგონია, რომ ის მას გამოიყენებს“, - უპასუხა ბაიდენმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ლიდერი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს.
"ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში“, - დასძინა ბაიდენმა.
"არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე, თითქოს ეს რაციონალური რამ არის. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება მოხდეს, არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება და შეიძლება არმაგედონით დასრულდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.
კითხვაზე, რა არის წითელი ხაზი შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის და ხომ არ დაავალა პენტაგონსა და სხვა უწყებებს, რომ განესაზღვრათ, როგორი იქნება პასუხი, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავს, ბაიდენმა უპასუხა :
"იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლო იქნება საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებდით ან რას არ გავაკეთებდით“.