ავტორი:

"კვარაცხელია?.. ბრავო!" - ხვიჩას მშობლების ემოციები, აღფრთოვანებული სპალეტი და ოსიმენი - ფეხბურთელი, რომელიც ქართველებს "ნაპოლიში" ხვიჩას შემდეგ, ყველაზე მეტად უყვართ

"კვარაცხელია?.. ბრავო!" - ხვიჩას მშობლების ემოციები, აღფრთოვანებული სპალეტი და ოსიმენი - ფეხბურთელი, რომელიც ქართველებს "ნაპოლიში" ხვიჩას შემდეგ, ყველაზე მეტად უყვართ

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრის გაოცებას აგრძელებს და მისი ყოველი თამაში იმის მტკიცებულებაა, რომ ნეაპოლელმა ფანებმა "კვარადონა" და "კვარავაჯო" დამსახურებულად უწოდეს - ის ამ სახელებს მოედანზე ამართლებს.

"ჩემპიონთა ლიგაზე" მორიგ მატჩში ხვიჩამ ფანებს შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა და ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული, როგორც ამბობენ, "კვარაშოუ" მოაწყო. კვარაცხელიას "ნაპოლი" დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდა და ანგარიშით - 4-2 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთიც გოლი გაიტანა. ამჯერად ხვიჩამ 11-მეტრიანი დარტყმა შეასრულა.

  • გარდა ამისა, მატჩის მიმდინარეობისას უხვად იყო "კვარასგან" მომენტები, რომლებიც გულშემატკივარს ყველაზე მეტად უყვარს - მოწინააღმდეგის ელეგანტურად მოტყუება და ის, რის გამოც ამბობენ, რომ "კვარა ფეხბურთს ხატავს."

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ფეხბურთელი, რომელიც ალბათ, ქართველებს "ნაპოლის" რიგებში, კვარაცხელიას შემდეგ, ყველაზე მეტად უყვართ - ვიქტორ ოსიმენი. მან თავისი ქცევით ნამდვილად დაიმსახურა შექება და ფანების, განსაკუთრებით კი ქართველების გული მოიგო. უკვე რამდენიმე თამაშია, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გამომუშავებულ 11-მეტრიან დარტყმებს გუნდში მატეო პოლიტანო ასრულებს, ქართველები კი ამის გამო განაწყენებულნი იყვნენ და სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარებით მოითხოვდნენ, რომ პენალტი ხვიჩას შეესრულებინა - ეს დღეც დადგა. პოლიტანო "აიაქსთან" არ თამაშობდა და ყველა მოელოდა, რომ 11-მეტრიანს ვიქტორ ოსიმენი შეასრულებდა, მან კი ბურთი აიღო და ქართველ თანაგუნდელს დაუთმო. ხვიჩამაც დარტყმა ზუსტად შეასრულა.

და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რისი მოსმენაც ძალიან გვიყვარს - როგორ სკანდირებენ მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილი ფანები ხვიჩას გვარს. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მაშინ, როცა მთელი საფეხბურთო სამყარო "კვარას" ნიჭით აღფრთოვანებას არ მალავდა და არაერთ პოსტს უძღვნიდა, არაამქვეყნიურს უწოდებდნენ, მატჩის შემდგომ :"კვარამ" კომენტარი ჩვეული თავმდაბლობით გააკეთა.

  • "პირველ რიგში, მინდა გამარჯვება მივულოცო ბიჭებს, ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ამ სტადიონზე თამაში, რადგან აქ ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა, რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, წინ "სერია ა"-ს თამაშები გველოდება და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს და ძალიან კარგ განწყობაზე ვართ", - თქვა კვარაცხელიამ.

კითხვაზე, სურს თუ არა მომავალშიც 11-მეტრიანის შესრულება, კვარაცხელიამ ასე უპასუხა:

გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეასრულებს პენალტს, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ და კონკრეტულ მომენტში თუ რომელიმე ფეხბურთელი მზად იქნება დარტყმის შესასრულებლად, მან უნდა დაარტყას.

ხვიჩა კვარაცხელია გუშინ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმაც შეაქო.

"ასეთი მატჩები გიტაცებს და გიპყრობს. რაღაც მომენტში თავბრუ დამეხვა, თვალებში ვარსკვლავები წარმომესახა. პლეი-ოფში გასვლა ბიჭების დამსახურებაა, გამიმართლა, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი. გულშემატკივრები ამაყობენ.

ხანდახან თამაშის დეტალებში სრულად "ჩატვირთული" ვარ. ვწვრთნი ფეხბურთელებს, რომლებმაც დღეს საღამოს რაღაც შესანიშნავი შექმნეს, მოედანზე ის აჩვენეს, რისი ნახვაც ნეაპოლელ ქომაგებს სურთ.

კვარაცხელია? უნდა აღვნიშნო დაცვის დასახმარებლად მისი უკან ჩასვლა, მოწინააღმდეგეებს საჯარიმომდე მისდევდა. დაცვაში კარგად იმუშავა. ბრავო", - თქვა სპალეტიმ.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი "ნაპოლის" წარმატებას ასეთ პოსტერს უძღვნის:

იხილეთ ასევე:

ეს კი ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებისა და ძმის რეაქციაა "კვარას" მიერ გატანილ გოლზე: