ავტორი:

"მენატრებიან, მალე შევხვდებით და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები: გოგი გელოვანის, ვახტანგ ნინუას, იაკობ ტრიპოლსკისა და სხვათა ამბები

"მენატრებიან, მალე შევხვდებით და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები: გოგი გელოვანის, ვახტანგ ნინუას, იაკობ ტრიპოლსკისა და სხვათა ამბები

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ვინც ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, უამრავ ძველ თბილისელთან უწევდა ურთიერთობა. დღევანდელი ჩვენი სტუმარიც, ნაღდი, კოლორიტი თბილისელი ბატონი ნესტორ ჭილაძე გახლავთ. მან წლები გაატარა მარჯანიშვილის თეატრში, იმ ოქროს თაობასთან ერთად, რომელმაც ქართული თეატრი უმაღლეს მწვერვალამდე აიყვანა. ბატონი ნესტორი "პლეხანოვზე" ცხოვრობს და ძალიან ამაყობს ამით.

- ბატონო ნესტორ, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც ოქროს წლები გაატარა, ოქროს ადამიანებთან ერთად.. იქნებ გაიხსენოთ ის წლები, როცა მარჯანიშვილის თეატრში მიხვედით დირექტორად..

- მე, ალბათ, მეორე ცხოვრება დავიწყე, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში მივედი სამუშაოდ. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, რუსთაველის თეატრიდან ჩხარტიშვილი გადმოიყვანეს და მე და ჩხარტიშვილი ერთად ვმართავდით თეატრს. ჩემი მოღვაწეობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო სადადგმო ნაწილის გამგეობით და ძალიან მალე მთავარ ადმინისტრატორად გადამიყვანეს. ამ თეატრში იყო მსახიობთა რაღაცნაირი შერწყმა. ერთმანეთზე უფრო ნიჭიერი ხალხი მოვიდა იმ პერიოდში.

ტაბლიაშვილმა დადგა "ანტონიუსი და კლეოპატრა“. ეს იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც ცნობილი იყო მთელ საქართველოში და მთელ იმჟამინდელ საბჭოთა კავშირში. ამის შემდეგ დაიდგა "მედეა“... შემდეგ შემოვიდა დუმბაძე, როგორც ავტორი და მისი რამდენიმე ნაწარმოები დაიდგა. ეს იყო ისეთი დონის სპექტაკლები, რომ მაყურებელი გამუდმებით, ორი - სამი თვით ადრე ყიდულობდა ბილეთებს, რომ მოხვედრილიყო თეატრში.

ჩემს კაბინეტში ბევრი იუმორისტული ამბავი გადამხდა თავს, რომლის უშუალო მონაწილე გახლდით. ჩემს მეგობრებს, მართლაც რომ უნიკალურ მსახიობებს, შევარქვი "შემოდგომის აზნაურები“. ესენი გახლდნენ: იაკობ ტრიპოლსკი, ედიშერ მაღალაშვილი, გოგი გელოვანი, გუგულა ლაფერაძე, გოგი ტატიშვილი, ტარიელ საყვარელიძე და ჩვენი დასის გამგე ნოდარ მახათელი და განუმეორებელი ვახტანგ ნინუა.

- დარწმუნებული ვარ, არაერთი სასიამოვნო მოგონება გაკავშირებთ მათთან...

- ნამდვილად. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი ნუნუ ხეთერელი გათხოვდა, რომელიც, რუსთავის თეატრის მსახიობს თაზო ქვარიანს გაჰყვა. ნუნუმ დაგვპატიჟა, წავედით, თუმცა ნინუა ჩვენთან ერთად არ იყო. კარგი დრო გავატარეთ და დილით კაი მთვრალები წამოვედით. მოვედით თეატრში, წავიდა მოგონებები, - რა კარგი ქორწილი იყო და ასე შემდეგ. თან სპექტაკლია დანიშნული, რომელშიც ზოგი თამაშობს, ზოგი - არა. საღამოს ჩვეულებრივ გაიღო კარი და - ეს ჩემი "შემოდგომის აზნაურები“, უცებ მომივიდა თავში ასეთი რამ და ვუთხარი, - დაიწყეთ "მრავალჟამიერის" სიმღერა-მეთქი - ცარიელ სუფრაზე როგორო... მოკლედ, ხათრი ვერ გამიტეხეს და ამათი "მრავალჟამიერის“ ფონზე, დავურეკე ვახტანგ ნინუას და ვუთხარი, - რუსთავში ვართ, თაზო ქვარიანის ოჯახში, გვაკლიხარ და სასწრაფოდ ჩამოდი-მეთქი! - ბიჭო, ღამის 12 საათზე სად უნდა წამოვიდეო - მიპასუხა, თუ ფული არ გაქვს, მე მოგცემ, რომ ჩამოხვალ-მეთქი...- ვის უნდა მკვდარო, შენი ფულიო... მოკლედ, შევთანხმდით და მაშინვე გავთიშე ტელეფონი. ამათმა ატეხეს ყაყანი, მკითხაობდნენ, - წავა, არ წავაო... საბოლოოდ დავიშალეთ. ღამის ოთხის ნახევარია და სახლში ზარია, მეუღლემ ვიღაც ქალი გკითხულობსო. ვახტანგ ნინუას მეუღლე მირეკავს, - ნესტორ, ვახტანგი წავიდა რუსთავში, არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არისო? თითქოს მე არ გამეგზავნოს, ისე ვუთხარი - რა უნდა ღამის 3 საათზე რუსთავში, ვერ დაეტევა სახლში - მეთქი...თურმე, მეორე ხაზით მისმენს ვახტანგი, რომელიც უცებ აფეთქდა, - ჩათვალე, ხვალ მკვდარი ხარ, მოხვალ თეატრში, საიდანაც გაგასვენებენო! მთელი ერთი თვე ამ ამბავზე იცინოდა მთელი თეატრი...

კიდევ ერთ ამბავს მოვყვები: სამსახურში მივიღეთ გოგონა, რომელსაც სკოლა ახალდამთავრებული ჰქონდა, მისი მოვალეობა თეატრში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი იყო. საოცარად ლამაზი ხმა ჰქონდა. ერთ დღესაც, მირეკავს, - ბატონო ნესტორ, არავინ რეკავს თეატრში და წავალ თუ შეიძლება შინო. - კი, შვილო, მაგრამ მანამდე რაღაც მინდა გთხოვო-მეთქი. ვუთხარი, დაერეკა სამ მსახიობთან და ეთქვა ერთი და იგივე ტექსტი: რომ მოხიბლული იყო მისით, როგორც მსახიობით, უყვარდა და დაენიშნა პაემანი... გადაირია, რას მეუბნებით, ბატონო ნესტორო... საბოლოოდ დავითანხმე, პირველად დავრეკეთ გოგი გელოვანთან, გოგიამ რომ გაიგონა ასეთი რამ, კი, გენაცვალეო, შეგხვდებიო... და მარჯანიშვილზე, ყოფილი უნივერმაღის წინ დავანიშნინე შეხვედრა. ამის შემდეგ ვახტანგ ნინუასთან დავარეკინე და მას უნივერსიტეტის წინ დავუთქვით შეხვედრა და ბოლოს კუკური ლაფერაძესთან დავრეკეთ და მას ამჟამინდელ მე-9 საავადმყოფოს წინ ვთხოვეთ მოსულიყო. მეორე დღეს სამსახურში რომ მოვედი, მაშინვე ჩემი კაბინეტიდან გადავწიე ფარდა და რას ვხედავ, უნივერმაღთან გოგია გელოვანი დადის წინ და უკან. ვუყურე, ვუყურე და ბოლოს გავედი, - რაშია საქმე - მეთქი, - არაფერიო. ვთხოვე უნივერსიტეტთან გამომყევი, რაღაც საქმე მაქვს-მეთქი და წავედით, ნინუა, ეს ორმეტრიანი კაცი დგას უნივერსიტეტთან, ისედაც ნერვებზე იყო მოშლილი და აშკარად არ ესიამოვნა ჩვენი დანახვა, ვთხოვეთ, გაგვყოლოდა მე-9 საავადმყოფოსთან. ლაფერაძეც თავის მანქანით დგას და ელოდება ამ ბავშვს. რომ არავინ მოვიდა, რა ექნა, წამოვედით უკან. იმ დღეს არავის არაფერი დასცდენია ჩემთან. გავიდა რამდენიმე დღე და კუკურა ლაფერაძე შემოვიდა და მეუბნება, - ბიჭო, ამას წინათ ერთმა ბავშვმა დამირეკა, რაღაც საოცარი ხმა ჰქონდა, პაემანი დამინიშნა და არ მოსულაო. აი, იმ დღეს, თქვენ რომ გნახეთ, ერთი საათი ვიდექი და ველოდე და შენ ხომ არ გამიკეთეო?! - მე რა, ქალივით დავიწყე ლაპარაკი - მეთქი? - შევიცხადე... დამიჯერა... გავიდა დრო, ერთ დღესაც გავიხედე და ჩემთან მოვიდა ძალიან კარგი კაცი, ბონდო მესხი, ძალიან ინტელიგენტი და კულტურული ადამიანი, რომელმაც ჩემს ბიჭებთან ერთად თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა. საღამოს 11 საათზე ყველა ერთად მივედით რესტორანში. შუა ქეიფისას გამახსენდა ეს ჩემი ოინი და მივუტრიალდი იუბილარს და ხმამაღლა ვეუბნები, - ბატონო ბონდო, მე მაქვს თქვენთან შეკითხვა, აი, შენ როგორც მამაკაცს, 16 წლის გოგონამ პაემანი რომ დაგინიშნოს, წახვალ-მეთქი? - "როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ ვიკადრებ, მაგ ასაკის ქალიშვილი მყავსო... აქ არიან ადამიანები, რომლებიც 16 წლის ბავშვს "სვიდანიას“ უნიშნავენ - მეთქი. წაუხდა სამივეს ხასიათი, ბოლოს კუკურამ თქვა, - მართალია მაგ ამბავი და ახლა ნესტორს გავყვები შინ და მოვკლავო... ნინუას და გელოვანსაც ძლივს აკავებდნენ... მეორე დღეს უნდა გენახათ რა ხდებოდა მარჯანიშვილის თეატრში, ვასო გოძიაშვილმა მთლიან კოლექტივს მოსდო ეს ამბავი და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცინოდა ყველა.

- როგორც ვიცი, ახლო მეგობრობა გაკავშირებდათ იაკობ ტრიპოლსკისთან...

- იაშამ, ძალიან კარგი მოლხენა და სიმღერა იცოდა. ბევრს ვერ სვამდა. სუფრასთან ცოტას დალევდა და მერე იპარებოდა. სადაც უნდა წაეყვანათ, დიღომსა თუ მანგლისში, გაპარვას მაინც ახერხებდა. მერე ჭკუა იხმარეს, ზამთარში ხან ქურთუკს ჩაუკეტავდნენ კარადაში, ხან ფეხსაცმელს გახდიდნენ და მალავდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქეიფის ბოლომდე დარჩენილიყო. ის კი მომენტს ნახავდა და მაინც იპარებოდა. გაიხედავდნენ, ქურთუკი ადგილზე ეკიდა, ფეხსაცმელიც იქ იყო, მაგრამ კაცი აღარსად ჩანდა. მის სახლშიც ხშირად ვიკრიბებოდით.

ერთ დღეს, იაშა სახლში გულშეღონებული მივიდა, მეუღლეს უთხრა, - ცუდად ვარ, წნევა გამისინჯე, ფეხები დამისივდაო. არადა, აი, რაში იყო საქმე: იმ დღეს, სცენაზე რომ გავიდა, საგრიმიოროში შევედი და თავისის ნაცვლად, ჩემი ორი ზომით პატარა ფეხსაცმელი დავუტოვე, თან ბამბები ჩავუტენე... და წავედი შინ. (ერთნაირი ფეხსაცმელი გვქონდა). იაშას ფეხი რომ არ ჩაეტია, თქვა, - ნესტორი იხუმრებდაო. ჩაყო ხელი და ბამბები ამოიღო. მისთვის ამით "დასრულდა” ჩემი ხუმრობა. როგორღაც ჩატენა ფეხი ორი ზომით პატარა ფეხსაცმელში, შედეგად კი ცუდად გახდა. გვიან, შინ დავურეკე, საყვედურით ვუთხარი, ჩემი ფეხსაცმელები რატომ წაიღე, უკან დამიბრუნე - მეთქი, გადაირია, მეგონა, - შენ გამიკეთე... ამ ამბიდან, დიდი დრო გავიდა. ერთხელაც წლების მერე, მეხუმრა და მაგის მერე გავუმჟღავნე, რომ წლების წინ მიზანმიმართულად ვატარე ორი ზომით პატარა ფეხსაცმლით...

საოცარი ხალხი იყო, საოცარი ადამიანები, რა დასანანია, რომ დღეს არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის... თითოეული მენატრება და ალბათ მალე შევხვდებით ერთმანეთს და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს.

თეატრი საოცარი ორგანიზაციაა. აი, სცენა ხომ არის და იქ ფარდა კიდია, როცა ეს ფარდა იხსნება, სასწაული ხდება. არსებობს სცენის მტვერი და ფარდის მტვერი, მათი შეზავება არის სუნამო და ამ სუნამოს რომ იყნოსებ, დამთავრებულია, ამის იქით ვეღარსად წახვალ...

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი