საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას "ფეისბუქის" საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე ეხმიანება.
"შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი, შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.