ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპერსნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს. როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ბავშვი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სახლში დღეს გაეწერა.
კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი "ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
ბავშვის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა კლინიკის ექიმმაც. "ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მისი თქმით, ბავშვი აპარატიდან მოხსნეს და მან თავის მშობლებთან კომუნიკაცია შეძლო.
ექიმის განცხადებით, ყველაზე რთულმა 24-მა საათმა ჩაიარა, თუმცა გართულებების საშიშროებები ჯერ კიდევ რჩება და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
"ამ წუთისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა. შემოდის კონტაქტში. თავის მშობლებს უკვე დაეკონტაქტა. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა 24 საათის - ის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო - ანოქსიური დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა," - განაცხადა დავით ციბაძემ.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.