თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"მე თუ მკითხავთ საერთოდ არ უნდა გადადგეს, ერთი იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება არ ვიმსახურებთ ეგეთ ადექვატურ დამოკიდებულებას მსგავსი ხალხისგან და მეორე, იმიტომ რომ მან, ეგ ტვირთი და ტრაგედია/ტკივილი, იმ ორი ავტოგოლივით უნდა ატაროს მთელი ცხოვრება, რადგან მისი ტვირთი და პასუხისმგებლობა არ ესმის.
რამდენი ადამიანია გარდაცვლილი და დასახიჩრებული ჭავჭავაძეზე მისი ხუშტურებით შეცვლილი მოძრაობის შედეგად, ის არ დაგავიწყდეთ.
დღეს პირველად, ბევრი მოვინდომე საკუთარი შვილებისთვის რომ მომეტუებინა, თუ რატომ არ უნდა წამეყვანა სკოლაში ვაკის პარკის გავლით" - წერს ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ლაზარე "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობს. ახლახან გავრცელდა სასიხარულო ინფორმაცია, რომ მოზარდი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც იაშვილის კლინიკაში იყო, უკვე შინ გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.