ავტორი:

"100-მდე პირია დაკითხული..." - რას ამბობს თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე?

"100-მდე პირია დაკითხული..." - რას ამბობს თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე?

თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა მურდაშვილი ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საუბრობს.

  • როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე 100-მდე პირია დაკითხული, ასევე ამოღებულია დოკუმენტაცია კომპანიისგან, რომელმაც ვაკის პარკში არსებულ შადრევანში სამუშაოები შეასრულა.

"როგორც იცით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შსს-ს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები.

დაკითხულები არიან სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა, ვინც შეესწრო ფაქტს.

დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა. 100-მდე პირია დაკითხული. ვსწავლობთ ყველა იმ დოკუმენტაციას რომელიც ამოღებული იქნა სამუშაოს შემსრულებელი კომპანიისგან და საქალაქო სამსახურისგან" - აღნიშნა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.