ავტორი:

"ამ საშინელებამ 1984 წელს თბილისის ზღვაზე დატრიალებული ტრაგედია გაგვახსენა... მაშინაც წყალში დენის არსებობით სამი ბიჭი დაიღუპა, ისინიც 55-ელები" - ამბავი 80-იან წლების თბილისიდან

"ამ საშინელებამ 1984 წელს თბილისის ზღვაზე დატრიალებული ტრაგედია გაგვახსენა... მაშინაც წყალში დენის არსებობით სამი ბიჭი დაიღუპა, ისინიც 55-ელები" - ამბავი 80-იან წლების თბილისიდან

ვაკის პარკში მომხდარმა გაუგონარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ადამიანები 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობენ. სოციალური ქსელიც სავსეა სამძიმრის ტექსტებით...

13 ოქტომბრის ტრაგედიამ თბილისელების გარკვეულ ნაწილს, 80-იან წლებში თბილისის ზღვაზე მომხდარი ტრაგედია გაახსენა, რომელსაც 18-19 წლის სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

"ამ საშინელებამ, რაც მოხდა, ყველას 1984 წელს თბილისის ზღვაზე დატრიალებული ტრაგედია გაგვახსენა. მაშინაც წყალში დენის არსებობით სამი არაჩვეულებრივი ბიჭი გარდაიცვალა, ჩემი სკოლელები, ისინიც 55-ელებია, ჩემი პარალელური კლასელი კახა ჩხაიძე, მისი ძმა გოგიტა და გოგლიკა ჩოგოვაძე. ერთმანეთის საშველად ხტებოდნენ იახტიდან წყალში და… 19-20 წლის ბიჭები ვიღაცის უპასუხისმგებლობას შეეწირნენ... არც მახსოვს, მაშინ ვინმე თუ დაისაჯა. ალბათ არა, თორემ გამახსენდებოდა, არ ვიცი…

ახლაც გამიახლდა ის საშინელი განცდა და სულის შემხუთავი ტკივილი… ანგელოზივით ბავშვი… ღმერთო ჩემო... მთელი ჩემი ბავშვობის მოგონებებით სავსე ვაკის პარკში ასე მგონია, ვეღარასოდეს შევალ… არადა, სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი ნუცასთან, ჩემს შვილიშვილთან ერთად, როგორ მომეწონა, ერთი სული მქონდა ბოლომდე როდის დამთავრდებოდა… ეს რამხელა ტრაგედია დატრიალდა,“ - წერდა ფეისბუქის პირად გვერდზე ინტერნეტმომხმარებელი მარიამ გელაშვილი.

AMBEBi.GE მარიამ გელაშვილს დაუკავშირდა.

- მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ამ ენით აუწერელი და ყოვლად სულის შემძვრელი ფაქტის გამო, რაც გუშინ თბილისში მოხდა. ნამდვილად არ არსებობს სიტყვები, რითაც შეიძლება, გადმოსცე ეს ტრაგედია და ანუგეშო ოჯახი. შემიძლია ვთქვა, რომ აქ მხოლოდ დუმილი შეიძლება და მეტი არაფერი... თუმცა ოჯახს ვუსურვებ, რაღაცნაირად გაძლიერდნენ და როგორმე გადაიტანონ ეს ტრაგედია... ამ ყველაფერს, რაც გინდა, ის დავარქვათ, უბედური შემთხვევა, ბედისწერა, ვიღაცის უპასუხისმგებლობა - ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. პატარა გოგონას ვეღარ დაიბრუნებს ვეღარც ოჯახი და ვეღარც საზოგადოება... ასეთი ფაქტები კანონზომიერად, სამართლებრივად, როგორც საჭიროა, ისე უნდა შეფასდეს, რომ სამომავლოდ მსგავსი უბედურება აღარ მოხდეს...

...თუმცა ცხოვრების მანძილზე მაინც ხდება, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვძებნოთ მიზეზი, რატომ ხდება ეს ყველაფერი... უბედურ შემთხვევას ვერაფერს უზამ, მაგრამ ვიმეორებ, საჭიროა, მიზეზების რეალური შეფასება.

- როგორც პოსტში წერთ, 13 ოქტომბრის ტრაგედიამ თქვენ 80-იან წლებში თბილისში დატრიალებული უმძიმესი ამბავი გაგახსენათ...

- იმდენად ემოციურად ვიყავი, რომ "ფეისბუქზე" ეს პოსტი დავწერე. შემდეგ კომენტარებში ვნახე, რომ ამ უბედურების შემდეგ, აბსოლუტურად ყველას, განსაკუთრებით ჩემს თაობას, იგივე ემოციები გაუჩინა. გაახსენდათ 38 წლის წინ მომხდარი საშინელი ამბავი... ეს ჩვენი თაობისთვის ენით აუწერელი ტრაგედია იყო. იმ პერიოდში ასეთი არნახული ტრაგედიები არც თუ ხშირად ხდებოდა. ამიტომ ის ყველაფერი ბომბის გახეთქვას ჰგავდა. ვერ გადმოგცემთ როგორი უბედურება იყო და ემოციურად რას განვიცდიდით. ერთ დღეს სამი არაჩვეულებრივი ბიჭის სიცოცხლე წავიდა და თითქოს ჩვენთვის ბავშვობაც დასრულდა... სიცარიელის გრძნობა გაჩნდა...

- რეალურად რა მოხდა?

- მაისის თვე იყო. ხუთმა ბიჭმა, ძალიან ახლო მეგობრებმა, - ვახო დუჩიძემ, გიგი ხაბეიშვილმა, გოგლიკა ჩოგოვაძემ და ძმებმა კახა და გოგიტა ჩხაიძეებმა გადაწყვიტეს, ერთი დღე თბილისის ზღვაზე გაეტარებინათ და იახტით გაესეირნათ. კახა ჩხაიძე ჩემი პარალელური კლასელი იყო და მათ შორის ყველაზე უმცროსიც (თუმცა ისინიც ჩვენზე ერთი წლით დიდები იყვნენ). თბილისის ზღვაზე ასულები ზღვაში იახტით შევიდნენ. ნაპირს მოსცილდნენ თუ არა, იახტა გაჩერდა, რაღაც წინააღმდეგობა გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ნაპირზე ჩამოწყვეტილი ყოფილა დენის კაბელი, რომლის ბოლო წყალში იყო ჩაგდებული. კაბელში დენი გადიოდა... ბიჭები უყურებდნენ იახტას და ფიქრობდნენ, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო, მერე იახტის ქვეშ შეცურება გადაწყვიტეს... როგორც გადმოცემით ვიცი, ჯერ გოგლიკა გადახტა, რომელსაც მალევე შეეტყო, რომ რაღაც დაემართა. ამან ბიჭებში დაბნეულობა გამოიწვია. მეგობრები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა და წყალში საშველად ზედიზედ ხტებოდნენ. იახტის გემბანზე მხოლოდ სტრესისგან და შოკისგან გაშეშებული ვახო დუჩიძე დარჩა. 4 ბიჭი კი დენით გამავალ წყალში აღმოჩნდა... ძმები ჩხაიძეები და გოგლიკა ჩოგოვაძე იქვე დაიღუპნენ, ვერ უშველეს, გიგი ხაბეიშვილი კი სასწაულებრივად გადარჩა.

კახა ჩხაიძე, მისი ძმა გოგიტა და გოგლიკა ჩოგოვაძე

- როგორც ვიცი, ის სოლიკო ხაბეიშვილის შვილია და დღეისათვის ცნობილი კარდიოლოგი...

- კი, ნამდვილად ასეა. თუმცა იმ დღის შემდეგ, როგორც ვიცი, მასაც და ვახოსაც სერიოზული მკურნალობა და ფსიქოლოგიური დახმარებ, სტრესიდან გამოყვანა დასჭირდათ, რადგანაც მომხდარი საშინელი ტრაგედია იყო... ენით აუწერელი რამ ხდებოდა ჩხაიძეების ოჯახში... ორი შვილი დედამ ასე დაკარგა. გოგლიკა ჩოგოვაძე ცნობილი ოჯახის შვილი გახლდათ. მისი მამა გოჩა ჩოგოვაძე იმ პერიოდში დიპლომატიურ სამუშაოზე საფრანგეთში იმყოფებოდა... მიცვალებულები ჭავჭავაძეზე, გვერდი-გვერდ შენობებში იყო დასვენებული. არ მავიწყდება როგორი გადავსებული იყო მთელი ჭავჭავაძის გამზირი ხალხით და ყვავილებით... იყო სიჩუმე, არნახული სიჩუმე, ყურებს რომ გატკენდა ისეთი... გაირინდა გარშემო თითქოს ყველა და ყველაფერი... ...პოსტში დავწერე, არ მახსოვს, ვინმე თუ დაისაჯა-მეთქი. თუმცა მერე მეგობარმა მითხრა, ვიღაცები დასჯილან. ვინ იყვნენ ისინი, ან რატომ იყო ის კაბელი ისეთ მდგომარეობაში, ეს ნამდვილად არ ვიცი. შესაბამისად, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. გუშინდელი ტრაგედიის მერე - წყალში დენი, ბავშვი, ისევ 55-ე სკოლა - ყველაფერი იმდენად ემოციურად ამოტივტივდა გონებაში, კიდევ უფრო დაგვიმძიმა განწყობა... ჩემი პოსტის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მარიტას ტრაგედიამ ძალიან ბევრს გაახსენა 80-იანი თბილისის ის ტრაგედია და ზუსტად 1984 წელი...

მარიამ გელაშვილი

- არადა, ყველასთვის საყვარელი ვაკის პარკი როგორი მძიმე ამბის მომსწრე აღმოჩნდა...

- ვაკის პარკი ჩემთვის ჩემი ლამაზი ბავშვობის რაღაცნაირი ნავსაყუდელია... ოჯახის შექმნამდე ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი. მთელმა ჩემმა ბავშვობამ იქ გაიარა. ვაკის პარკი და მრგვალი ბაღი ჩვენთვის ლამაზი ოცნების ადგილი იყო. ახლაც, ძალიან ხშირად ვცდილობ, ჩემი შვილიშვილი წავიყვანო ხოლმე იქ. ბოლოს ისეთი კმაყოფილი ვიყავი, ისეთი ლამაზი იყო პარკი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ვამბობდი, ეს დიდი შადრევანიც რომ გაახლდება და გაიხსნება, როგორი მშვენიერი სანახავი იქნება გარშემო-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ტრაგედია ყველაფერს გააუფერულებდა. ძალიან გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი.

...რაღაცნაირად კანონზომიერებას ვერ ვპოულობ, რატომ ხდება ასეთი რაღაცები. ეს ანგელოზივით ბავშვი რატომ დაიღუპა?! აი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოხატო... კიდევ ვიმეორებ, მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ყველანი საქმეს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ...