რამდენიმე დღის წინ, გაერთიანებული სამეფოში, 2015-2016 წლებში 7 ჩვილის მკვლელობასა და კიდევ 10-ის მოკვლის მცდელობაში ბრალდებული მედდის სასამართლო პროცესი დაიწყო. უმძიმესი საქმის განხილვა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. როგორც პირველი პროცესის დროს გაირკვა, 32 წლის ლუსი ლეტბიმ ნეონატალურ განყოფილებაში მოთავსებული ჩვილები სხვადასხვა მეთოდით მოკლა: ზოგ ბავშვს მან კუჭში და სისხლძარღვებში ჰაერი შეუყვანა, ზოგი კი ინსულინით მოწამლა. ლეტბიმ საავადმყოფოში მყოფი ბავშვებისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენების ბრალდება უარყო.

პროკურორმა ჩვილების მკვლელობაში ბრალდებული მედდის პირველ სასამართლო პროცესზე მისივე ჩანაწერები წარადგინა, რომელიც გამოძიებამ ლეტბის სახლის ჩხრეკისას ამოიღო. 32 წლის ლეტბი მკვლელობების სერიის ჩადენის პერიოდში წერს: "არაფერი დამიშავებია და მტკიცებულებებიც არ აქვთ, ამიტომ რატომ უნდა ვიმალებოდე?" მეორე ჩანაწერში კი სრულიად საპირისპიროს წერს: " მე საშინელი, ბოროტი ადამიანი ვარ. ისინი განზრახ მოვკალი, რადგან საკმარისად კარგი არ ვარ". ის ტექსტს ამ წინადადებით ასრულებს: "ბოროტი ვარ. მე ჩავიდინე ეს". ლეტბის ადვოკატი, ბენ მაიერსი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს და ლუსის ამ ყველაფრის დაწერისკენ შიშმა და სასოწარკვეთამ უბიძგა.
სასამართლოში ცნობილი გახდა ისიც, რომ ლეტბიმ თავისივე მოკლული ბავშვების მშობლებს სამძიმრის ბარათებიც კი გაუგზავნა. BBC-ის ცნობით, ლეტბიმ ერთ-ერთი ჩვილის მოკვლა 4-ჯერ სცადა. როგორც ირკვევა, გოგონა ნაადრევად დაიბადა და სუსტად იყო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მანამ, ვიდრე ლეტბიმ ჰაერი შეუყვანა ნაწლავებში. მოგვიანებით, მან გარდაცვლილი ჩვილის მშობლებს მიუსამძიმრა კიდეც.
"2015 წლის იანვრამდე, ჩვილთა სიკვდილიანობის სტატისტიკა ჩესტერის საავადმყოფოს ახალშობილთა პალატაში შესაბამისობაში იყო კლინიკის სხვა მსგავს განყოფილებებთან. თუმცა მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა დაღუპული ჩვილების რიცხვი. ამის შემდეგ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ პოლიციას სთხოვა დახმარება, რომელმაც სიღრმისეული გამოძიება ჩაატარა. ეჭვის საფუძველს ისიც იძლეოდა, რომ ბევრი ბავშვის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა პროკურორმა ნიკ ჯონსონმა სხდომაზე.

პროკურორმა ლეტბი კვალის დაფარვის მიზნით, საავადმყოფოს დოკუმენტების გაყალბებაშიც დაადანაშაულა და მას "მოსიარულე ბოროტება" უწოდა. მედდა პოლიციამ 2018 წელს დააკავა და ბრალი 2020 წელს წაუყენეს. სასამართლოს დასრულების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ BBC-ის ვარაუდით, შესაძლოა, ამას 3 თვე დასჭირდეს. 32 წლის მედდა მის მიმართ წაყენებულ 22 ბრალდებას უარყოფს.
წყარო: bbc
მოამზადა ანა სიბოშვილმა