ავტორი:

"ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ... ეს კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა" - დიმიტრი ტატიშვილი

"ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ... ეს კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა" - დიმიტრი ტატიშვილი

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი პროფესიულ სიახლეებზე, პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და სხვა საკითხებზე ჟურნალ "გზას" ესაუბრა და თავისი შეხედულებები გაუზიარა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- თქვენ მოწესრიგებული ადამიანი ხართ, პუნქტუალური და ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ რეპეტიციებისა და სპექტაკლების მიმართ. ქალაქში მუდმივად საცობებია და მანქანით გადაადგილებისას, ეს თუ გიქმნით პრობლემას?

- როგორ არ მიქმნის?! ვცდილობ, არსად დამაგვიანდეს. თუ სადმე მისასვლელად 20 წუთი მჭირდებოდა, ახლა სახლიდან 45 წუთით ადრე გავდივარ. მშვიდად ვერ ვუყურებ, მაგრამ ნერვებს არ ვასკდები, რადგან ვიცი, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაღაც პერიოდი უნდა მოვითმინოთ. არ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანმა დიდხანს უნდა აიტანოს, მაგრამ, როგორც ჩვენმა მერმა ბრძანა, ორი ძირითადი არტერიაა გადაკეტილი და საცობებიც ამიტომ არისო. ელემენტარული კითხვა მიჩნდება: ერთდროულად ორი რატომ გადაკეტეს, ჯერ ერთი გადაკეტილიყო და მოეწესრიგებინათ, მერე - მეორე, ასე ხომ გაცილებით ნაკლები საცობი იქნებოდა?! მეორე პრობლემა მანქანის საწვავია. გამიზნულად მინდოდა, ისეთი მანქანა მეყიდა, რომელიც დიზელზე იმუშავებდა, რადგან ეს გაცილებით ეკონომიურია. ვიყიდე, მაგრამ ახლა ჩემი მანქანის საწვავი ისე გაძვირდა, ბენზინის ფასზე მეტია. ის საწვავი, რასაც მე ვასხამ, 4.30-სა და 4.90 ლარს შორის მერყეობს. 2007 წელს თეატრში რა ხელფასიც მქონდა, დღესაც იმავეს ვიღებ. მაშინ რა დოლარის კურსი იყო, ყველას გვახსოვს და ახლა როგორია, ამასაც ვხედავთ. სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, რაღაც კონპენსირება ხომ უნდა ხდებოდეს?! მაგრამ ჩვენ ნორმალური ქვეყანა არ გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს მიტაცებული სახელმწიფოა.

- ბოლო ხანს ქვეყანაში უამრავი რუსი ეროვნების მოქალაქე შემოვიდა და მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- ძალიან უარყოფითად. არ ვიცი, დღეს გადამჭრელი ზომები რამდენად ადეკვატური იქნება, მაგრამ სავიზო რეჟიმი თავიდანვე უნდა დაგვეწესებინა. ნორმალური ქვეყანა რომ ვყოფილიყავით, ასეთივე მთავრობით, თავიდანვე უნდა დაწესებულიყო მკაცრი რეგულაციები და საზღვარზეც უნდა ყოფილიყო ფილტრი. რუსებს შეუძლიათ, ჩვენს ქვეყანაში 360 თუ 365 დღე გაატარონ, ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელსაც საქართველოს მეხუთედი აქვს ოკუპირებული, ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ. ეს უპრეცედენტო, ძალიან კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა. სხვადასხვა ციფრი მესმის, მაგრამ, როგორც ვიცი, საქართველოში დღემდე 400 ათასამდე რუსია შემოსული.

- "ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს“, "ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთო“, - ამბობთ. თქვენი აზრით, როგორია ასეთი მმართველობა? და კიდევ - გვყოლია თუ არა ოდესმე ასეთი ხელისუფლება?

- კი, გვყოლია. "ნორმალური მთავრობა“ დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ და ისინი შეძლებენ გაუძღვნენ ქვეყანას სწორი მიმართულებით. როცა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი ჯიბის იქით არაფერი აინტერესებთ და მათ ვაბოგინებთ, ვინც ახლა ბოგინობს საქართველოში, მაშინ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება. "ნორმალური მთავრობა“ გვყავდა ზვიად გამსახურდიას დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს.

- ბევრი შეგედავებათ ამ ორი ადამიანის ერთ კონტექსტში მოხსენიებისას...

- შემედავოს!.. დავიწყოთ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას არაფერი დასცალდა. დღეს "დემოკრატიული ძალებიდან“ ვერც ერთი დასაბუთებულ არგუმენტს ვერ გეტყვით, თუ რატომ იყო ზვიად გამსახურდია ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებული. მას ათას რამეს აბრალებდნენ, მაგრამ დრომ გამოავლინა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ფაქტობრივად, რუსეთის დავალებით ქართველებმა შეიარაღებული ამბოხების გზით, კანონიერი ეროვნული ხელისუფლება დაამხვეს. ეს დანაშაულია, რომ დღეს არ არიან დასჯილი ის ადამიანები, ვინც გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა. ახლაც მშვენივრად დადიან და ყელყელაობენ. ლეგიტიმური ხელისუფლების შეიარაღებული ამბოხების გზით დამხობა დასჯადია ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ეს ხალხი ჩვენთანაც უნდა დასჯილიყო.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად