ავტორი:

მომავალ თაობაზე ზრუნვის კიდევ ერთი ნაბიჯი „ნიკორასგან“ - კომპანიამ რეგიონების სკოლებს წიგნები და ტექნიკა ჩაუტანა

მომავალ თაობაზე ზრუნვის კიდევ ერთი ნაბიჯი „ნიკორასგან“ - კომპანიამ რეგიონების სკოლებს წიგნები და ტექნიკა ჩაუტანა

„ნიკორა“ მომავალ თაობაზე ზრუნვას აგრძელებს. ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც სოფლებში სკოლების საჭირო წიგნებითა და ტექნიკით მომარაგებას გულისხმობს, კომპანია იმერეთში, სოფელ ვახანსა და გურიაში, სოფელ ზოტს ესტუმრა.

სკოლებს პერსონალური კომპიუტერები და ბიბლიოთეკების გასაახლებლად თანამედროვე ლიტერატურა გადაეცა, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკანცელარიო ნივთებით დასაჩუქრდნენ, ხოლო მასწავლებლებს „ნიკორა“ თავისი წარმოების პროდუქტებით გაუმასპინძლდა.

ერთ-ერთი სკოლა, რომელსაც „ნიკორა“ პროექტის ფარგლებში ესტუმრა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა „ნიკორას“ ემოციური დახვედრა მოუწყვეს კომპანიის მიმართ მადლიერების გამოსახატად. როგორც სკოლის დირექტორი, ნანა ინასარიძე გვიამბობს, საჩუქრები მოსწავლეებს ძალიან გაუხარდათ, მით უფრო, რომ ბევრ მათგანს სასწავლო პროცესში ისინი მართლაც აკლდა და სჭირდებოდა.

„ჩამოგვიტანეს პერსონალური კომპიუტერები, რომლებიც მართლა სასიცოცხლოა ჩვენთვის და გვჭირდებოდა; ასევე, ახალი ბიბლიოთეკა, ბავშვებზე ასაკობრივად გათვლილი წიგნები, რომლებიც ძალიან საინტერესო და გამოსადეგია. ბევრი რესურსი გვაკლია, რომელიც მოსწავლეებს სჭირდება და ყველაფერი, რაც ჩამოგვიტანეს, ძალიან გამოგვადგება. ბედნიერი დღე იყო ჩვენთვის, პირველად მოხდა ასეთი რამ და უღრმესი მადლობა „ნიკორ ას“, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას,“ - აღნიშნა ვახანის საჯარო სკოლის დირექტორმა.

კიდევ ერთი სკოლა, რომელსაც „ნიკორა“ ესტუმრა, სოფელ ზოტში მდებარეობს, სადაც კომპანიამ ასევე სასწავლო პროცესისა და განვითარებისთვის საჭირო ნივთები ჩაიტანა. სკოლის დირექტორის ზაზა ანთაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური რესურსები უკვე გააჩნდათ, ახალი კომპიუტერები საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს.

„კერძო სექტორის მხრიდან ჩვენი სკოლისათვის პირველი ასეთი დახმარებაა და ძალიან კარგია, მივესალმებით. კომპანიას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი სოფლის, მოსწავლეების, მშობლების და ჩვენი კოლექტივისაგან. როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება, მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება,“ - აღნიშნა ზაზა ანთაძემ.

პროექტის ფარგლებში „ნიკორა“ ასევე ესტუმრება რაჭა-ლეჩხუმში სოფელი წესისა და მცხეთა-მთიანეთში სოფელი ჟებოტას საჯარო სკოლებს. როგორც კომპანიებში განმარტავენ, სკოლების დასაჩუქრება სამომავლოდაც გაგრძელდება და ეტაპობრივად შეირჩევა სოფლები, მათ შორის მაღალმთიანი, სადაც დამატებითი სასწავლო რესურსები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

განათლების დახმარება და დაფინანსება „ნიკორას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია ახალგაზრდა თაობას ეხმარება. მეოთხე წელია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების 4-4 სტუდენტი „ნიკორას“ სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს. წელს კი კომპანიამ განათლების ხელშეწყობის პროექტი გააფართოვა და სკოლებიც მოიცვა.

NS