ავტორი:

რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით: რა ვერსიებზე წერს მედია - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?

რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით: რა ვერსიებზე წერს მედია - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?

რამდენიმე დღეა, უკრაინის ქალაქებს რუსეთი ირანული დრონებით, ე.წ. შაჰიდებით უტევს. მათ თვითმკვლელ დრონებსაც ეძახიან. ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები სამიზნეს ეჯახებიან და ფეთქდებიან. ეს რუსეთის საჰაერო იერიშების უკვე მეორე ტალღაა, რომელთა სამიზნეც უმთავრესად უკრაინის ინფრასტრუქტურაა.

თვითმკვლელი შაჰიდების საშუალებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპნენ და დაშავდნენ სამოქალაქო პირები. ე.წ. კამიკაძე-დრონებით თავდასხმას შეეწირა ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი...

საინფორმაციო სააგენტო reuters - ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მათი იერიშის მიზანი უკრაინის სამხედრო და ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანება იყო, რისთვისაც შეტევა მაღალი დამიზნების იარაღით განხორციელდა.

რუსეთმა, ირანული დრონებით შეუტია უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაევის საზღვაო ტერმინალს, რის შედეგადაც, დაზიანებულია მზესუმზირის ზეთის საცავები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ კვირა საღამოდან მოყოლებული, რუსეთის 37 დრონი გაანადგურეს, რაც შეტევაში ჩართული დრონების დაახლოებით 85%-ია.

meduza.io-ს ცნობით, ირანი რუსეთს უფრო მეტი რაკეტისა და დრონის გადაცემას დაჰპირდა. ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება რუსეთსა და ირანს შორის, 6 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც, ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამად მოჰბერი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებთან და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ირანს მეტი დრონი და ირანული ბალისტიკური რაკეტები სთხოვეს, რომელთაც მეტი სიზუსტე აქვთ. საუბარია, Fateh-ისა და Zolfaghar-ის სარაკეტო სისტემებზე, რომელთა მოქმედების არეალი 300-დან 700 კილომეტრამდეა. მათთან ერთად, რუსეთმა Shahed 136-ის დრონების მიღების სურვილიც გამოთქვა. შეთანხმება უკვე მიღწეულია.

Shahed 136

გამოცემის ცნობით, ირანული დრონები, ახლო აღმოსავლეთის გარეთ პირველად გამოიყენეს. მანამდე, დასავლეთი და ისრაელი მუდმივად ადანაშაულებდნენ ირანსა და მის მოკავშირეებს რეგიონში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანი, ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული დელეგაცია სულ ცოტა ორჯერ ჩავიდა ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების სანახავად.

CNN-ის სატელიტური ფოტომასალის მიხედვით, რომელიც ივნისშია გადაღებული, რუსეთის დელეგაცია, თეირანის სამხრეთით მდებარე კაშანის აეროდრომში იმყოფებოდა, რაც აშკარად მიანიშნებდა, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების Shahed-191-ისა და Shahed-129-ის გადასაცემად ემზადებოდა.

Shahed-191

რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს? - ამის შესახებ დასავლურ მედიაში არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, სანქცირებული ირანი, რომელსაც ამერიკა და დასავლეთი შეზღუდვების თითქმის ყოველდღე უზრდის, მიიჩნევს, რომ ახლა შეუძლია, რუსული ნავთობისა და გაზის პროდუქტების სხვა ქვეყნებში ტრანზიტისთვის მთავარი ჰაბი გახდეს.

ამის შესახებ, ირანულ სააგენტო Shana-სთან საუბრობს ადგილობრივი მეჯლისის (პარლამენტის) კომისიის წარმომადგენელი ენერგეტიკის მიმართულებით, ალიზერა ვარნასერი. მისი თქმით, ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ადგილობრივი ნავთობისა და გაზის საბადოებზე სამუშაოების გაფართოებას, წარმოების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან, რუსეთის ფედერაცია, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია და ამასთანავე, აქვს ირანის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი სხვადასხვა ენერგეტიკულ სექტორში.

vestikavkaza.ru -ს ცნობით, 13 ოქტომბერს, Minneft Iran-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, აჰმედ ასაზადემ, რუსული ენერგეტიკის კვირის ფარგლებში გამართული ფორუმისას არაოფიციალურად ისაუბრა გაზპრომის შესაძლებლობებზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ ირანის გავლით, შეიძლება ლურჯი საწვავი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პაკისტანში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოხვდეს.

კიდევ ერთი ვერსიით, ირანი სამხრეთ კავკასიაში გავლენებისთვის იბრძვის და სწორედ ამისთვის სჭირდება რუსეთთან ურთიერთობის დათბობა... დასავლური მედიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის კიდევ ერთი გამწვავების შემდეგ, რეგიონში ახალი მოთამაშე შემოდის - ირანი, რომელიც ცდილობს გაურიგდეს რუსეთს.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ირანის ინტერესებზე წერს რუსული მედიაც. vz.ru-ს ცნობით, ირანი რუსეთს დიდი კავკასიური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, თუნდაც იმაში, რომ კონფლიქტის ფარგლებში, ირანი სომხეთს უჭერს მხარს, პარალელურად კი, რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ რაიმე საფრთხის ან პროვოკაციის შემთხვევაში, ის მზად არის პასუხი გასცეს მეზობელ სახელმწიფოს.

"ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ირანი ან ამერიკის, საფრანგეთის ან სხვა დასავლელი აქტორების წინააღმდეგ მიდის, თუმცა, სომხეთის მიმართ, რუსეთის მხრიდან გამოჩენილი ფრთხილი პოზიციის ფონზე, ის ცდილობს სომხეთის ინტერესები დაიცვას და ამავდროულად, მოსკოვს აჩვენებს, რომ ამ კავკასიურ რესპუბლიკაზე უსაფრთხოების კონტროლი თავად შეუძლია აიღოს... ამიტომ, სურს მას თუ არა, ახლა ის რუსეთის მოკავშირეა", - წერს გამოცემა.