ავტორი:

"შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს" - რას წერს ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე?

"შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს" - რას წერს ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, ასევე დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი.

გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში წერია, რომ თავდაპირველად სწორედ ამ ორმა ელექტროშემდუღებელმა დაარღვია უსაფრთხოების ნორმები.

  • კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

ამის შემდეგ "გრინსერვის +"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

ჟურნალისტი ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"დეტალურად და მარტივად გავაანალიზოთ ვერსია, რომელიც წარმოგვიდგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გავეშვათ კასკადის სხვა ნაწილებს. განვიხილოთ კონკრეტულად ამ საბედისწერო შადრევნის საკითხი.

რა გვითხრა გამოძიებამ: 2022 წლის 26 აგვისტოს ,,გრინსერვის +" და მერიას შორის ვაკის პარკის ამ კონკრეტულ შადრევანთან დაკავშირებით ამოიწურა საკითხი. გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მერიამ თქვა, ყველაფერი წესრიგშიაო, მომწონსო და ჩაიბარა. ამის შემდეგ გადის თითქმის ერთი თვე. 22 სექტემბერს, როცა შადრევანი დასრულებულიცაა და ჩაბარებულიც, მერიის ჩინოვნიკი, კერძოდ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იბარებს ან ურეკავს "გრინსერვის+" მენეჯერს და ეუბნება: ელექტროძრავიდან წყლის შავი ფერის მილები რომ გამოდის, არ მოგვწონს ეგრე და თეთრად, უჟანგავით შეფუთეთო. ამას ეუბნება არა დირექტორ ლაშა ფურცხვანიძეს, არამედ მის მენეჯერს - ა.მ-ს. ეს მენეჯერი წავიდა და თავის უფროს ლაშა ფურცხვანიძეს უთხრა, შავი ფერის მილების თეთრად შეფუთვას გვთხოვენო.

ფურცხვანიძემ უთხრა, კარგი, დაუკავშირდი ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანიის "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელს, კონკრეტულ პირს და მას შეუკვეთეო. აქ ცოტა ბუნდოვანია, რას ნიშნავს წარმომადგენლისთვის შეკვეთა? კომპანიას შეუკვეთა თუ წარმომადგენელს? ეს არ ჩანს გამოძიების განცხადებაში. განვაგრძოთ. "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელი ადგა და ორი ელექტროშემდუღებელი დაიქირავა. მივიდა ეს ორი კაცი ვაკის პარკში. ელექტროძრავს მოხსნეს ცხაური, მილებზე თეთრი კონსტრუქცია დაამაგრეს და დახურეს ცხაური. ამ ცხაურსა და ბეტონს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, იზოლაცია დაირღვა და ამან გამოიწვია ბავშვის სიკვდილი.

ამის მერე ვინც ელექტროშემდუღებლები უშუალოდ დაიქირავა, ანუ ,,ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელმა დაიკიდა ეს ამბავი და არ შეამოწმა, როგორ გააკეთეს საქმე მუშებმა. თავის მხრივ, დაიკიდა ,"გრინსერვის +" საქმეთა მწარმოებელმაც. ამის მერე ლაშა ფურცხვანიძე ადგა და მერიის გარემოს დაცვის სამსახურს წარუდგინაო შესრულებული სამუშაო. ოღონდ წარუდგინა შემოწმების გარეშეო, ინსპექტირების გარეშეო. სამსახურის უფროსის მოადგილემაც ეს სამუშაო ჩაიბარა ინსპექტირების გარეშეო. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერმა გამოიწვია ბავშვის სიკვდილიო. ეს გვითხრა გამოძიებამ.

  • ისე, საინტერესოა. ერთ დილით გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს უცებ გაეღვიძა და თვითონვე გადაწყვიტა შავი მილების თეთრად შეფუთვა? ზემოთ არ იკითხა? ასე თავისით ადგა და შეცვალა დასრულებულ პროექტში დეტალები? ან შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? სინამდვილეში ნეტა ვის არ მოეწონა ეგ შავი მილები?

ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი რომ დამთავრდა, ამის შემდეგ, უკვე ოქტომბერში, კალაძე მივიდა და გახსნა შადრევანი. მეორე დღეს შადრევანში ბავშვს დენმა დაარტყა და დაიღუპა.

დავუბრუნდეთ 22 სექტემბერს, როცა მუშები ვაკის პარკში მივიდნენ, იმუშავეს და, როგორც გამოძიებამ გვითხრა, უსაფრთხოების ნორმები დაარღვიეს. ესე იგი, რა გამოდის - 22 სექტემბრიდან მოყოლებული ვაკის პარკში სასიკვდილო დენი გადიოდა და შეიძლებოდა, ყოველ წუთს ვიღაც მოეკლა? ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ მთელი ეს ამბები ორი მუშის ბრალია.

დავუჯეროთ გამოძიებას და დავუშვათ ასეთი შესაძლებლობა: ყველაფერი წესრიგში იყო და... ჯანდაბა! რომ არა ორი ელექტროშემდუღებლის ეს საბედისწერო შეცდომა, არაფერიც არ მოხდებოდა, დენი წყალზე არ გადავიდოდა და ბავშვიც ცოცხალი იქნებოდა. ოკ. ვირწმუნოთ ეს ვერსია. არ გამოვრიცხავ. შეიძლება, მართლაც ასე მოხდა... მაგრამ რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს ვაკის პარკის შადრევანში? ამის დამამტკიცებელი ვიდეოც გამოჩნდა და კიდევ ერთხელ ავტვირთავ! როგორ მოვიქცეთ ახლა - მაშინაც ეს ორი მუშა იყო დამნაშავე? მაშინ რა ხდებოდა შადრევანში ?არ ვიცი.

●რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების სხვა ეპიზოდებს. ის უკავშირდება 26 აგვისტომდელ პერიოდს. შეგახსენებთ სწორედ 26-ში გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ამ ნაწილს სხვა დროს შევეხები", - წერს სანაია.

ნახეთ ასევე: