ავტორი:

"სხვა სპორტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც" - გიორგი ასანიძის შვილის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე და ორი ოქროს მედალი: კახი ასანიძე მამის გზაზე

"სხვა სპორტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც" - გიორგი ასანიძის შვილის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე და ორი ოქროს მედალი: კახი ასანიძე მამის გზაზე

კახი ასანიძე U23-ის ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანთა შორის წარმატებით გამოვიდა. კახიმ ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოპოვა. ის ოქროს მედლებს აკვრასა და ორჭიდში დაეუფლა.ჩემპიონატი ალბანეთში მიმდინარეობს.

"გილოცავთ! პირველი ოქროს მედლები ალბანეთიდან! კახი ასანიძე - U23 ევროპის ჩემპიონია!" - ვკითხულობთ ძალოსნობის ეროვნული ფედერაცის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • კახი ასანიძე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელის, გიორგი ასანიძის შვილია.

Ambebi.ge-ს არქივში ინახება ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან, სადაც ის სხვა საკითხებთან ერთად ოჯახსა და შვილებზეც საუბრობს.

"ოჯახი ბევრი წლის წინ შევქმენი, 1995 წელს, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი. ჩემი მეუღლე თეა კოტუა ოჩამჩირიდანაა, ერთმანეთს ვიცნობდით, შეგვიყვარდა და შეუღლება გადავწყვიტეთ. გვყავს ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი - ქალიშვილი. კახიმ და საბამ, მამის გზა აირჩიეს, ორივე ძალოსანია და ძალიან პერსპექტიული სპორტსმენები. ბევრი შრომა მოუწევთ. ვერავინ იტყვის, გახდებიან თუ არა ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ ვიცი, ანგარიშგასაწევი ძალად იქცევა ორივე... მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, სხვა სპორრტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც.

გოგონები სწავლობენ, უფროსმა - მარიამმა იურიდიული დაამთავრა და მაგისტრატურაში სწავლობს, კახიც სწავლობს, ტყუპები - სალი და საბა კი აბიტურიენტები არიან. ძნელია, შვილები გამოვყო და მათზე, როგორც სპორტსმენებზე, ცალკე ვისაუბრო. გუნდში ყველა ჩემი შვილია და ყველას წარმატება ერთნაირად მახარებს. თუ სენტიმენტალური კუთხით მივუდგებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მღელვარებაა, როცა შვილის გამოსვლას უყურებ. ალბათ ჩემზე ისე არ განვიცდიდი, როგორც შვილებზე. თუ მოინდომებენ, წარმატებულები იქნებიან", - ამბობდა გიორგი ასანიძე.