ავტორი:

ქაოსი აფხაზეთში, სომეხი "კრიმინალური ავტორიტეტის" გარშემო: ვინ არის "ხელმძღვანელობასთან" დაახლოებული ტატულიანი? - "ის ყიდულობს მღვდლებს ნივებს, აფინანსებს ბჟანიას და არძიბნას ვიზიტებს"

ქაოსი აფხაზეთში, სომეხი "კრიმინალური ავტორიტეტის" გარშემო: ვინ არის "ხელმძღვანელობასთან" დაახლოებული ტატულიანი? - "ის ყიდულობს მღვდლებს ნივებს, აფინანსებს ბჟანიას და არძიბნას ვიზიტებს"

რამდენიმე დღეა, აფხაზეთში მწვავე კამათის საგანია აფხაზურ კრიმინალურ წრეებში პოპულარული სომეხი კრიმინალური ავტორიტეტისთვის, რუბენ ტატულიანისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების თემა. ადგილობრივი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა ე.წ. გენერალურ პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს, რის საფუძველზე მიანიჭა ასლან ბჟანიამ ტატულიანს 2020 წელს აფხაზეთის მოქალაქეობა...

არძინბას თქმით, ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ტატულიანმა სრულიად უკანონოდ მიიღო მოქალაქეობა... ბჟანიას მაშინდელ გადაწყვეტილებაში მოხვდა რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ალექსანდრე მირელიც (მირილაშვილი). თუმცა აფხაზეთის ე.წ პოლიტელიტამ მაშინ იმით იმართლა თავი, რომ მირელაშვილი მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი იყო და საქართველოსთან მხოლოდ ქართული დიასპორის წევრობა აკავშირებდა... თუმცა, ამჯერად, მთავარი აქცენტი ტატულიანზეა, რომელიც აფხაზების თქმით, თავს აფხაზეთის მასპინძლად მიიჩნევს, რაც მის კრიმინალურ კავშირებთან, ავტორიტეტობასა და გავლენებთან ერთად, ძალიან აღიზიანებთ აფხაზებს.

rbc.ru-ს ცნობით, ის ამჟამად სოჭის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. ასევე, აქვს ბიზნესი, თუმცა მას კრიმინალურ სამყაროში "რობსონის“ სახელით იცნობენ და 2015 წელს შაქრო კალაშოვთან ერთად, "ქურდული შეკრების" ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა გათავისუფლების პირობები უცნობია.

"აშშ-მა ის 2018 წელს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, როგორც რუსული კრიმინალური სამყაროს წევრი, რომელიც "კანონიერ ქურდებს" იურიდიული საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა" - წერს გამოცემა.

ადგურ არძინბა ძალიან დაინტერესებულია ბოლო დროს ბჟანიას მიერ უკანონოდ დარიგებული პასპორტებით და ითხოვს, სასამართლომ დეტალურად შეისწავლოს ეს საქმე, რადგან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულებიც. მისი თქმით, ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, მე-14 მუხლში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, პირდაპირი ბრძანებულებით მოქალაქეობა მიანიჭოს იმ პირებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება რესპუბლიკის წინაშე.

"ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც რაიმე საქმეში განსაკუთრებული კვალიფიკაცია აქვს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუძლია მოქალაქეობა მიანიჭოს, მაგრამ ტატულიანს მსგავსი დამსახურება ნამდვილად არ აქვს..." - ამბობს არძინბა.

როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, ტატულიანი იმდენად გაშინაურებულია ე.წ. ხელმძღვანელობასთან, რომ მისი აფხაზური პასპორტი სულაც არ არის გასაკვირი.

apsnypress.info მიმდინარე წლის მაისში, მასზე, როგორც სოჭელ მეცენატზე წერდა, რომელმაც აფხაზეთს, კერძოდ, გუდაუთისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციებს რამდენიმე ავტომანქანა და ორი ავტობუსი გადასცა. ერთი მანქანა, ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ეკლესიიდან გამოყოფილ სასულიერო პირებსაც ერგოთ.

საუბარია, სულ ხუთ ცალ "ნივის" მოდელის ავტომობილზე. ერთი ცალის ღირებულება 1 მილიონ 600 ათასი რუბლი იყო. გამოცემის ცნობით, გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ ასლან ბჟანია, ვიცე-სპიკერი აშოტ მინოსიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენელი გალუსტ ტრაპიზონიანი, დეპუტატი ლევონ გალუსტიანი, ბესარიონ აპლია და სხვები...

"ასევე იყო სასკოლო ავტობუსები, რომელიც გუდაუთის სკოლებს გადაეცა. შეგახსენებთ, რომ ტატულიანმა ადრე ბიჭვინთის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანა, გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციას კი, ორი სასკოლო ავტობუსი აჩუქა... ტატულიანის თქმით, მისი წინაპრები აფხაზეთში ცხოვრობდნენ და საჭიროდ მიაჩნია, რომ წინაპრების, ანუ თავის სამშობლოსაც, ის გაუკეთოს, რაც შეუძლია" - წერს გამოცემა.

აფხაზური ოპოზიციის მიერ ტატულიანის თემის გახმაურებას კატასტროფად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობა. ნაწილის თქმით, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ანტისომხური და ანტირუსული განწყობების გაღვივებას, რადგან ცხადია, რომ ტატულიანი აფხაზეთს საჩუქრებს უანგაროდ არ გადასცემს...

"კიდევ რამდენი საშინელება უნდა გავიგოთ, რომ გამოვიღვიძოთ... ტატულიანს აქ ბიზნეს სასათბურე პირობებს უქმნიან ადგილობრივი კრიმინალები, თუმცა ის იხდის ფულს და იმაზე მეტს, ვიდრე თავად ისინი, ანუ ხელისუფლებასთანაც მოგვარებული აქვს, უფრო სწორად, აქამდე რომ გვეგონა ბიუჯეტში ფული ტურიზმს და რუსეთის ხელისუფლებას შეჰქონდა, თურმე ტატულიანი ყოფილა მთავარი ფიგურა - ის ყიდულობს სასწრაფო დახმარების მანქანებს, სკოლებს ავტობუსებს, მღვდლებს, ნივებს. ეს რა ვიცით და რაც არ ვიცით?.. ალბათ ბჟანიას და არძინბას ვიზიტებსაც ეგ აფინანსებს" - წერს ოთარ დბარი.

"რაც ამ წლებში შეცდომები დავუშვით, სირცხვილიც აღარ ჰქვია, მაგრამ მაინც სირცხვილია, ხალხო... სომეხი კრიმინალური ავტორიტეტი, რუსულ-სომხური გავლენების გასაძლიერებლად, დიასპორის მნიშვნელობის გასამტკიცებლად, პარლამენტში მათი ინტერესების გასატარებლად, რასაც ქვეყანაში მათი გავლენების ზრდა მოჰყვა, გვყიდულობს... ხანდახან მირჩევნია, არაფერი ვიცოდე, თორემ თავის მოკვლა მინდება. ტატულიანი გვყავს ავტორიტეტად, ოღონდ სხვა მნიშვნელობით - კრიმინალური ავტორიტეტების ფულით ფინანსდება ქვეყანა. დაფიქრდით ამაზე...", - მიაჩნია ფატიმა კვეკვესკირს.