ავტორი:

"დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ვიდეო, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს" - ვინ არის ულამაზესი ზუგდიდელი მოცეკვავე, რომლის ვიდეოს ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს

"დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ვიდეო, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს" - ვინ არის ულამაზესი ზუგდიდელი მოცეკვავე, რომლის ვიდეოს ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ანუკა ჩიქოვანის შესრულებული ქართული ცეკვა გავრცელდა, რომელსაც რეკორდული ნახვა და აღფრთოვანება მოყვა... ანუკა ჩიქოვანი ზუგდიდში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ოთხი წლის შვილი, დანარჩენზე კი უფრო ვრცლად თავად გვესაუბრა...

- დავიბადე 1998 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში... ხელოვნება პატარა ასაკიდანვე მხიბლავდა, განსაკუთრებით კი ქართული ხალხური ცეკვა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ბაბუას - ომარ ჩიქოვანს. იგი "აფხაზეთის" სახელმწიფო ანსამბლში მოღვაწეობდა, ასევე ქორეოგრაფი გახლდათ. უსაზღვროდ შეყვარებული იყო თავის საქმიანობაზე. მისმა ღვაწლმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია, რამაც შექმნა ის ყველაფერი, რაც დღეს შინაგანად ჩემში ცოცხლობს. მახსოვს, როგორ მასწავლიდა ბაბუა ცეკვის ანბანს და როგორ ვეჯიბრებოდით მე და ჩემი ძმა ერთმანეთს, თუ რომელი აჯობებდა და დაიმსახურებდა შექებას კარგად შესრულებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიყავი ამ სფეროში.

თურმე თავიდანვე კარგად ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა მთელი ჩემი ცხოვრება. ბაბუას სურვილი და ჩემი უდიდესი მოთხოვნა იყო დამეწყო პროფესიონალურად ცეკვის შესწავლა, რადგან ბაბუასთან ვერ ვახერხებდი შორი მანძილის გამო სიარულს. თანაც ბაბუა თვლიდა აუცილებელი იყო ქალს ესწავლებინა ჩემთვის ცეკვა, რადგან სათანადო შედეგი მქონოდა. 2009 წელს 11 წლისა მიმიყვანეს ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იმედში”, რომლის ხელმძღვანელები არიან - ლევან ფიფია და ნანა შანავა. ამ ანსამბლმა არაერთი თაობა აღზარდა, რომლებიც დღეს ანსამბლის და ქორეოგრაფების სიამაყე არიან. მეც ვამაყობ, რომ ამ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, სადაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო ოთხი წელი გავატარე...

- თქვენი ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ გარეგნობით და ცეკვით გამორჩეული ხართ...

- მინდა აღვნიშნო რომ არ გამოვირჩეოდი სხვა მოსწავლეებისგან. პირიქით შეიძლება ითქვას, მათზე სუსტი ვიყავი. თუმცა იმდენად ძლიერ მინდოდა ეს ყველაფერი და ოღონდაც ჩემს ქორეოგრაფს საქებარი სიტყვები ეთქვა, შემეძლო საათობით ვმდგარიყავი სარკის წინ და დამემუშავებინა თითოეული ნაკლი, რაზეც ქორეოგრაფი მიმითითებდა. ამ გამოცდილებით, ვიტყოდი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და შრომა აუცილებლად დაფასდება! დიახ, ხშირად მსმენია, რომ გამორჩეული სტილი მაქვს. ყველანაირად ვცდილობ არ ვიყო ერთფეროვანი და მოსაწყენი. მეც ინდივიდუალური შესაძლებლობის და სტილის მოცეკვავეებს განსაკუთრებულად ვაფასებ და თვალს ვადევნებ, რადგან სიახლეების მოყვარული ვარ. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, მე არაფერი მეთქმის, ეს ხალხის აზრია, მათი ხედვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინდივიდუალური გემოვნება გვაქვს, უმეტესწილად ხალხიდან დადებით რეაქციებს ვიღებ. ეს ყველაფერი თან მახარებს, თუმცა იმის მაგივრად, რომ სიამაყით ვივსებოდე, შინაგანად ძალიან ვპატარავდები და თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან არ ყოფილა შემთხვევა კმაყოფილი ვყოფილიყავი ჩემი შესრულებით... მუდმივად ვებრძვი ჩემს თავს, რომ ბევრად კარგი შედეგი დავდო. შეიძლება გარეგნულად არ ჩანდეს ასე, მაგრამ შინაგანად როგორც ვგრძნობ და არის, იმას ვამბობ.

- დღეს ხელოვანისთვის საქართველოში რთული პერიოდია... ბევრი დაბრკოლებები შეგხვდათ?

- კოვიდ პანდემია თითოეული ადამიანისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო, განსაკუთრებით ხელოვანებისთვის. ჩვენ სრულიად სხვა განზომილებაში ვიმყოფებით, როდესაც ჩვენს საყვარელ საქმეს ვემსახურებით. ეს პერიოდი იყო უდიდესი სტრესი, შიში იმისა, რომ ვკარგავდი ჩემს მთელ ნაშრომს, რაც კი მიკეთებია. დრო დამჭირდა როგორც მოცეკვავეს, ენერგია აღმედგინა და სათანადო ფორმაში მოვსულიყავი. ასევე როგორც ქორეოგრაფმა დავკარგე ბავშვების ის ნაკადი, რომლებშიც უდიდესი შრომა მქონდა ჩადებული. იგივე გამოიარა თითქმის ყველა ქორეოგრაფმა თუმცა მადლობა უფალს, ყველაფერს ვუმკლავდებით და ისევ ისეთი შემართებით ვემსახურებით ჩვენს საამაყო საქმიანობას. ქართველ ხალხს უდიდესი საგანძური გვხვდა წილად, რასაც ქართული ქორეოგრაფია ჰქვია! სამწუხაროდ საქართველოში არ ფასდება, არ ექცევა სათანადო ყურადღება, რასაც განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდნენ. ეს კი ჩვენ ყველაზე მეტად გვტკივა.

- დღეს სად მოღვაწეობთ?

- 2018 წლიდან დღემდე ვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მამულში”. ანსამბლს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ფესტივალსა თუ კონკურსში. ანსამბლი "მამული" თავის მოვალეობას საკმაოდ ღირსეულად და წარმატებით ასრულებს. ზოგადად ქორეოგრაფობა ძალიან რთულია. ამდენ ბავშვთან, მშობელთან ურთიერთობა. ყველას სხვანაირი მიდგომა და გაგება სჭირდება. ამ ყველაფერს კი შეძლებისდაგვარად ვუმკლავდები. ვასწავლით ბავშვებს სწორ ხედვას, კულტურას, დისციპლინას, ქცევის ეტიკეტს, თუ რა და როგორ შეშვენის ხელოვან ადამიანს... ვასწავლით მეგობრობას განურჩევლად და სიყვარულს, შრომისმოყვარეობას და დამსახურებულად მიღებას იმისა, თუ რას იმსახურებს. ზუგდიდში ვცხოვრობ, მაგრამ ზუგდიდში უფრო რთულია სამსახურის შოვნა. თუმცა პირველი ნოემბრიდან ვიწყებ მოღვაწეობას ჩემს ქალაქში, სადაც დიდი სიყვარულით ველი ჩემს ახალ მოსწავლეებს.

- გვიამბეთ როგორ გადაიღეთ ვიდეო, რომელმაც ნახვების და აღფრთოვანების რეკორდი მოხსნა?

- მოცეკვავე პოეტივითაა, ჩვენთვის მუზა მთავარია. როდესაც მუზა მოდის, ისეთი რამის შექმნაა შესაძლებელი, რასაც მაგალითად ერთი წუთის წინ არ იფიქრებდი და არც მოგაფიქრდებოდა, რომ ეს გაგეკეთებინა...მინდა აღვნიშნო, რომ ცეკვა ქართული სწორედ ამ ჩანაწერში შევასრულე პირველად ყოველგვარი დამუშავების გარეშე. ვიქტორ დოლიძის უმშვენიერეს კომპოზიციას ვუსმენდი. სწორედ ამ კომპოზიციამ დამაინტერესა, თუ რამდენად სწრაფად და კარგად შევძლებდი ქართული კლასიკის შესრულებას. არ მეგონა თუ ამდენ გამოხმაურებას და მოწონებას დაიმსახურებდა ჩემს მიერ შესრულებული ქართული ცეკვა. პირიქით, დიდხანს ვორჭოფობდი დამედო თუ არა, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს. ქართული ცეკვა ყველაზე რთული ცეკვაა იმ ცეკვებს შორის, რაც კი შემისრულებია.