ავტორი:

"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ისტორია

"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ისტორია

დავით ზურაბაშვილი სამი წლის წინ გავიცანით, იმჟამად მისმა საქციელმა საზოგადოება აალაპარაკა. ახალგაზრდა კაცმა პაპას ცხოვრების ბოლო წლებში ოცნება აუხდინა - 80 წელს გადაცილებულ მოხუცს ზღვა პირველად ანახა. სანაპიროზე მიიყვანა, ზღვის სურნელი შეაგრძნობინა და თვალებზე სიხარულის ცრემლები მოჰგვარა...

სამწუხაროდ, ა.წ. იანვარში მოხუცი კოვიდმა შეიწირა...

"ბედნიერი ვარ, რომ პაპას ეს სურვილი ავუსრულე. ცხოვრება შრომაში ჰქონდა გატარებული, თავის თავისთვის ნაკლებად იცლიდა. სოფელს თითქმის არ სცილდებოდა... ბოლოს კარგი ძმაკაცები და მეგობრები ვიყავით და ის პერიოდი კარგ მოგონებად დამრჩა... სამწუხაროდ, წელს დავკარგეთ. არადა, ჯანმრთელი კაცი იყო. მის გარდაცვალებას არ ველოდით,“ - გვეუბნება დავით ზურაბაშვილი, ადამიანი, რომელსაც ერთი კვირის წინ კახეთში ქორწილი ჰქონდა. მისი მეუღლე გერმანიაში წარმატებული ქართველი მომღერალი, "გერმანიის ხმა“ ნათია თოდუაა. წყვილი ცოტა ხანში პატარასაც ელოდება...

დავითს ამჯერად ვრცლად სწორედ პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ. ambebi.ge დავით ზურაბაშვილს ბერლინში დაუკავშირდა.

- მე და ნათიამ საერთო სამეგობროდან გავიცანით ერთმანეთი, თბილისში ორივე ერთ-ერთ გადაღებაზე ვიყავით. პირველივე დღეს, ვნახე თუ არა, დავმეგობრდით. ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი ნათიას შესახებ, მაგრამ მასზე დიდი ინფორმაცია არ მქონდა. საერთოდ, საქართველოში ნაკლები ინფორმაცია აქვთ ხოლმე უცხოეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსებზე. ჩვენი გაცნობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი“ მიმდინარეობდა. მოკლედ, იმის მერე, როცა საერთო წრეში ვხვდებოდით, მისი სახლში გაცილება მე მიწევდა, თან, აღმოჩნდა, რომ მისი მშობლები ჩემთან ახლოს ცხოვრობენ. ისეთი დამეგობრებულ-დაძმაკაცებულები ვიყავით, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა. ეს იყო ძალიან მაგარი, სუფთა, გიჟური, სათავგადასავლო მეგობრობა. ნათია თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, ბერლინში ჩასვლა მეც მიწევდა. ჩემი ფავორიტი ქალაქია. ნათიას გაცნობამდეც ხშირად ჩავდიოდი და იქაური ატმოსფერო მომწონდა. სიმბოლურია, რომ ამ საყვარელ ქალაქში მიწევს დღეს ცხოვრება. როცა რაღაც გიყვარს, ალბათ სამყაროც მისკენ გიზიდავს...

მოკლედ, ასეთი იყო ჩვენი ორწლიანი მჭიდრო, გულწრფელი მეგობრობა, რაც დღეს ჩვენს სიყვარულს ძალიან ამყარებს.

...ერთხელაც ექსკურსიაზე ვიყავით, მერე ფილმს ვუყურებდით და თავზე დაგვათენდა... როგორღაც მეც და ნათიამაც ვიგრძენით, რომ ეს ცოტა მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა... ამას თვითონაც აღნიშნავს... მანამდე მაინტერესებდა ნათიას აზრები, მისი თვალის ფერი, მაგრამ არც დამიშვია, რომ რაიმე სხვა ურთიერთობა უნდა გვქონოდა. ამ პატარ-პატარა სიმპათიებმა, როგორც ჩანს, ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაზარდა, რაც ძალიან გვაბედნიერებს.

- და ქორწილიც ერთი კვირის წინ გქონდათ...

- კი, მაგრამ რეალურად დიდი ხანია უკვე ერთად ვცხოვრობთ. როგორც კი მეგობრობიდან სიყვარულში გადავედით. ამის მიზეზი პანდემია გახდა... მანამდე მივლინებით დანიაში ვიყავი. ბერლინში ნათიასთან დაბადების დღეზე, როგორც შეყვარებული უნდა ჩავფრენილიყავი. ჩავფრინდი და დაიწყო პანდემია. ლოკდაუნები რომ გამოცხადდა, 6 თვე ბერლინიდან თბილისში ვერ მოვფრინავდი... მაგ დროს ნათიასთან ვიყავი და იმ პერიოდიდან ერთად ვართ. ერთმანეთს კიდევ უკეთესად გავუგეთ... ქორწილის გადახდა მაშინვე გვინდოდა, მაგრამ კოვიდის გამო ვერ შევძელით. მოკლედ, ჯერ მეგობრობა, მერე სიყვარული და ბედისწერამ დააჩქარა ჩვენი დაოჯახებაც, რასაც პანდემიამ ხელი შეუწყო.

- როგორი გოგოა ნათია...

- გვერდში დგომის საოცარი უნარი აქვს. პატივისცემა არ ეშლება, თუ ვინმეს მისი თანადგომა სჭირდება, საიმედო ადამიანია, თავის საქმეს გვერდით გადადებს და დაეხმარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ასეთი პიროვნული თვისებები და შემდგომ წარმატებული მუსიკალური კარიერა და ზოგადად ის, რომ ნათია საამაყო ადამიანია. მაყურებელი, მსმენელი, ის აუდიტორია, რომელთანაც შეხვედრა უწევს, დიდ პატივს სცემს. გერმანელებს უყვართ ადამიანი, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს ემსახურება. ნათიას მუსიკალური საქმიანობის ჟანრები ბლუზი და ჯაზია...

გერმანიამ საერთაშორისო არტისტის წოდება მიანიჭა. ძალიან უკვირთ კიდეც, როდესაც მის განვლილ გზას ახლოს ეცნობიან, ამ პატარა გოგომ ამდენი როგორ მოახერხა. ნებისმიერ ადგილას, სადაც მივდივართ, მოწიწებით ხვდებიან. ვცდილობ, ყველანაირად გვერდში დავუდგე. მას გვერდში დგომა სჭირდება როგორც ოჯახისგან, ასევე გერმანიისგან და თავისი ქვეყნისგანაც. მეც მქონდა სპორტული კარიერა და ვიცი, რას ნიშნავს, როცა უცხოეთში საქმიანობ. რთულია, ამიტომ ძალიან მიხარია მისი წარმატებები.

- სპორტული კარიერა ახსენე - საკუთარ თავზეც გვიამბე...

- კი, სპორტული კარიერა მქონდა. ფეხბურთს თურქეთში ვთამაშობდი. 16 წლის ვიყავი, იქ რომ წავედი, მერე სხვადასხვა მიზეზის გამო საკმაოდ ადრეულ ასაკში მომიწია თავის დანებება. პარალელურად ყოველთვის მაინტერესებდა კერძო საქმიანობა. ფეხბურთის თამაშისასაც, როდესაც საქმე გამომიჩნდებოდა, პატარა პროექტებს ვაკეთებდი. ზოგი წარმატებული იყო, ზოგი - წარუმატებელი.

დღესდღეობით ჩემი საქმიანობის იმ ეტაპზე ვარ, რომ ძალიან კარგ საქმეს და წარმატებულადაც ვაკეთებ. რამდენიმე მიმართულებით საკუთარი ბიზნესი მაქვს. მინდა ჩემი ბრენდი საერთაშორისო გავხადო. ამ ეტაპზე საქმე სრულად საქართველოში მაქვს. ყოველ თვე მიწევს ჩამოსვლა. ბევრ რამეში ნათია მეხმარება.

- დავით, არასტანდარტული ქორწილი გქონდათ...

- კი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ველოდებით. ქორწილი რადგან პანდემიის გამო ასე გადაგვედო, გადავწყვიტეთ, ბერლინში "ბეიბიფართი" - ბავშვის სქესის გაგების ღონისძიება მოგვეწყო. ახლო მომავალში ქორწილი დაგეგმილი არ გვქონდა, ვამბობდით, - სრულად რომ ჩამთავრდება პანდემია და საშიშროება აღარ იქნება, მაშინ გავაკეთოთო. ჩვენმა პატარამ დაგვაჩქარა. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ერთ დღეს გაგვეგო ბავშვის სქესი და ქორწილიც გვქონოდა...

5 თვე ვინახავდით იმ კონვერტს, სადაც ჩვენი პატარის სქესი ეწერა. არავისთვის გვიჩვენებია, არც თვითონ გვინახავს. ამ ყველაფერს ჩვენთვის და ახლობლებისთვისაც სიურპრიზად ვინახავდით. ჯვარი ბოდბეში დავიწერეთ... ნათია სანამ გერმანიაში წამოვიდოდა, ბოდბის მონასტერში მოღვაწე დედებთან ცხოვრობდა, მათთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გათხოვდებოდა...

თელავში კი უკვე ერთ-ერთ შატოში შევიკრიბეთ, იქ, სადაც ჩვენი სიყვარულის პირველი ნაბიჯები გადავდგით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაარსი და არა დადგმული სანახაობა. ამიტომაც საბოლო ჯამში ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოგვივიდა, დასამახსოვრებელი. ქარმა დეკორაციები ცოტა კი გაგვიფუჭა, მაგრამ ყველაფერი მაშინვე შევცვალეთ, შიგნით შევიტანეთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ნათიას ძალიან უნდოდა ეს წვეულება ლამაზ გარემოში, ვენახთან ახლოს ყოფილიყო...

- მეუღლეს მეგობრებთან ერთად როგორი ცეკვა მიუძღვენი...

- კი, ცეკვა მქონა დადგმული, ნათიას ვუცეკვეთ, ნომერი ყველას მოეწონა. ამის გარდა სიურპრიზად ქსოვრელების ნომერიც მოვამზადე. "გინდ მეძინოს“ ვუმღერეთ... ცეკვა იმიტომ მინდოდა, რომ დასამახსოვრებელი დღე კიდევ გაგველამაზებინა ჩვენთვისაც და მეგობრებისთვისაც. მხიარული ცეკვა 4 ბიჭთან ერთად დავდგი. ქორწილისთვის ცეკვას რომ ვამზადებდი ნათიამ იცოდა, ქსოვრელების ნომერი კი ნათიასთვისაც და სხვებისთვისაც სიურპრიზი იყო. ნათია ულამაზეს ვერანდაზე უნდა გამოსულიყო, მე ეზოში ვიდექი. "ქეთო და კოტეს“ სცენა გავითამაშეთ. ესეც კარგი ნომერი გამოვიდა. ცოტა არასტანდარტული ქორწილი გვქონდა, თუმცა უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

იხილეთ ასევე: