ავტორი:

"მტრის პოზიციებთან მიიპარნენ და..." კადიროვი ამტკიცებს, რომ მისი სამი არასრულწლოვანი შვილი უკრაინელების წინააღმდეგ "სასტიკად იბრძვის" (ვიდეო)

"მტრის პოზიციებთან მიიპარნენ და..." კადიროვი ამტკიცებს, რომ მისი სამი არასრულწლოვანი შვილი უკრაინელების წინააღმდეგ "სასტიკად იბრძვის" (ვიდეო)

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კადიროვის თქმით, ჩანს, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 14 წლისაა, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. კადიროვის თქმით, ისინი არიან იმ ადგილას, სადაც ახლა "სასტიკი ბრძოლა“ მიმდინარეობს.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, 16 წლის ახმატი, 15 წლის ზელიმხანი და 14 წლის ადამი "მტრის პოზიციებთან მიიპარნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფდნენ ჩეჩენი მებრძოლების დაწინაურებას“.

ოპოზიციურად განწყობილი ჩეჩნური "ტელეგრამ" არხები წერენ, რომ ვიდეო, შესაძლოა, სულაც არ იყოს გადაღებული ბრძოლის ველზე. დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ კადრებში აღბეჭდილი ადგილები ზუსტად შეესაბამება იმ გარემოს, სადაც კადიროვის ქალიშვილმა აიშატმა ადრე ერთ-ერთ დელეგაციას უმასპინძლა.

ასე რომ, შესაძლოა, საქმე მორიგ ფალსიფიკაციასთან გვქონდეს.

რამზან კადიროვმა ოქტომბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მისი ვაჟები "უკრაინას შეებრძოლებოდნენ“. ეს იმ ბრალდებებზე საპასუხოდ თქვა, რომლის მიხედვითაც, ის ომის წინა ხაზზე უბრალო ჩეჩნებს უშვებდა და არა თავის ნათესავებს. კადიროვის თქმით, მოზარდი ბიჭების წვრთნა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი პატარები იყვნენ.

კადიროვის შვილები წვრთნის დროს

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ ზომები, რომ 15 წლამდე პირებმა არ მიიღონ საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა. უფებადამცველები აცხადებენ, რომ 15 წლამდე მოზარდის საომარ მოქმედებებში მონაწილეობა სამხედრო დანაშაულია.

წყარო: ekhokavkaza

მოამზადა: ანა სიბოშვილმა