ავტორი:

"კრიმინალის პრინცესას" ლაქშერული ცხოვრება, ბიზნესმენი ძმა და ნათელმირონობა პაატა ბურჭულაძესთან - როგორ ცხოვრობენ "კანონიერი ქურდის", ტარიელ ონიანის შვილები? (ფოტოები)

"კრიმინალის პრინცესას" ლაქშერული ცხოვრება, ბიზნესმენი ძმა და ნათელმირონობა პაატა ბურჭულაძესთან - როგორ ცხოვრობენ "კანონიერი ქურდის", ტარიელ ონიანის შვილები? (ფოტოები)

28 წლის გვანცა-მარია ონიანი, კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ერთადერთი ქალიშვილია. გვანცას ჰყავს ძმა, უშბა ონიანი, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია. და-ძმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა გოგონა დროს ძირითადად მოგზაურობაში ატარებს.

გვანცა და უშბა ონიანები

"კრიმინალურმა ავტორიტეტმა", 64 წლის ტარიელ ონიანმა 2021 წლის 6 ოქტომბერს ციხე დატოვა. ქართველი "კანონიერი ქურდი" სასჯელს ესპანეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. როგორც ცნობილია, "ტარომ" ქვეყანა გათავისუფლებისთანავე დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ის ისევ რუსეთში ცხოვრობს.

გვანცაზე რუსული მედია ადრე უფრო ხშირად წერდა და ჟურნალისტებმა მას "კრიმინალის პრინცესაც" კი უწოდეს. ამჟამად გვანცას სოციალური ქსელი დახურული აქვს და როგორც ჩანს, რუსული მედია მისი ახალი ფოტოების მოპოვებას ვეღარ ახერხებს.

გვანცა-მარია ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს. გვანცა ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას - საქართველოს. ინტერნეტში იძებნება ფოტო, რომელიც 2017 წელს, თბილისის მერსედეს ფეშენ-ვიკზეა გადაღებული. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: "გვანცა ონიანი Rebecca Taylor-ის ყვავილებიან კაბით, Chanel-ის ჩანთითა და Gucci ფეხსაცმელით... Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, 2017 წლის 5 მაისი, თბილისი, საქართველო..."

ინსტაგრამზე, რომელიც ამჟამად გვანცა-მარიას დახურული აქვს, მის ფოლოვერებში ნახავთ, ანუკი არეშიძესა და ნინა ზარქუას...

ცნობილია, რომ გვანცას განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულზე და სოჭში.

ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 90-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, საფრანგეთიდან ონიანი ესპანეთში გადავიდა ოჯახთან ერთად.

2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს. რუსული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა. ბი-ბი-სის ცნობით, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. ონიანის მეუღლე და უფროსი შვილი უშბა იმ დროს ესპანეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ.

უშბა ონიანი

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა და ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.

სამაგიეროდ, სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.

სპეცოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში, საქართველოს კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტარილ ონიანი რუსეთში დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, გვანცამ რამდენიმე წლის წინ ლონდონის პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა. თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა ძმისგან განსხვავებით მოგზაურობაა.

ონიანის ვაჟი, უშბა ბიზნესმენია. რამდენიმე წლის წინ მან დააარსა შპს TD Smolneft, რომელიც დაკავებულია მყარი, თხევადი და აირისებრი საწვავის და მსგავსი პროდუქტების საბითუმო ვაჭრობით. ბიჭმა უმაღლესი განათლება ასევე დიდ ბრიტანეთში - ლონდონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში (Cass Business School) მიიღო.

უშბა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ გულშემატკივარია. როგორც ჩანს, ეს ბავშვობიდან მოყვება, ონიანის ოჯახი წლები ცხოვრობდა ესპანეთში. უშბას საყვარელი სერიალია „ბრიგადა“. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს გასაკვირი არ არის.

ბიჭს ბიძის, მამის ძმის სახელი უშბა დაარქვეს, თუმცა მედიაში მას ბუბათიც მოიხსენებენ. უშბას ნათლია ცნობილი ტენორი პაატა ბურჭულაძეა. წლების წინ, პოლიტიკაში მოსულ ბურჭულაძეს, ტარიელ ონიანთან ნათესაობა რომ გაახსენეს, "პალიტრანიუსთან" ტენორმა უშბას შესახებ ისაუბრა...

პაატა ბურჭულაძე:

- ტარიელ ონიანი მე პარიზში გავიცანი. მან მთხოვა, მომენათლა მისი შვილი უშბა. ეს 20 წლის წინ იყო, როდესაც მე პარიზში გასტროლებზე ვიყავი. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნათლობა ქრისტიანი ადამიანისათვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. მე ვამაყობ ჩემი მონათლულით. უშბა არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი, რომელიც არის დღეს ლონდონში. 400-კაციან კონკურსში გაიმარჯვა სამმა, ერთ-ერთი არის ჩემი უშბა, ჩემი ნათლული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია ლონდონის ძალიან დიდ ბანკში.