ავტორი:

"არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი" - ლაშა ფურცხვანიძე

"არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი" - ლაშა ფურცხვანიძე

არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი, - ასე უპასუხა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია "გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ აღნიშნული საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ბრალდებულთაგან მიმალვის საფრთხე არსებობს.

როგორც ფურცხვანიძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით სარგებლობისას განმარტა, იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ტრაგედია, პროკურორებზე წინ, პირველ რიგში მის ინტერესს წარმოადგენს.

"იმ მორალურ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი. პირველ დღესვე 35 საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა, მესამე და მეოთხე დღეს 16 საათი. არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი. პირველ რიგში ჩემი ინტერესია იქ რა მოხდა იმის გაგება, ყველაფერი მოყოლილი მაქვს რაც ვიცოდი, არ ვაპირებ კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას”, - აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.