ავტორი:

"ცხადია, ამაში სააკაშვილის მეგობრების კვალი გამოიკვეთება" - იაგო ხვიჩია ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებაზე

"ცხადია, ამაში სააკაშვილის მეგობრების კვალი გამოიკვეთება" - იაგო ხვიჩია ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებაზე

"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქციერებაში “უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მეგობრების კვალს” ხედავს. სანქციების დაწესების მიზეზად ხვიჩია სააკაშვილის ციხეში ყოფნას ასახელებს და ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები უკრაინაში უსაქმოდ არ სხედან.

"ომში ჩათრევის ვერსია სისულელეა. რეალური ვერსია მგონია, რომ არის ის, რაზეც ვაფრთხილებდით “ქართულ ოცნებას” - მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გვექნება პრობლემები. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფლებაში იყოს. მისი თანაგუნდელები საქართველოში მაინცდამაინც ეფექტიანად ვერ მუშაობენ, მაგრამ ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში. ისინი უსაქმოდ არ სხედან. თუ ამ პროცესიდან გამოსვლა გვინდა, რასაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, ეს იყო გასაკეთებელი. შეიძლებოდა, რომ უცებ გაჩენილიყო სანქცირებულთა სიაში ისეთი გვარები, ვისზე საჯარო სივრცეში საუბარიც არ ყოფილა? ცხადია, რომ ამაში მიხეილ სააკაშვილის მეგობრების კვალი გამოიკვეთება. განსახვევებით თბილისისგან, ეს ხალხი იქ უსაქმოდ არ იჯდება”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.