სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც ბერლუსკონი პუტინთან განახლებულ ურთიერთობაზე ჰყვება და უკრაინაში შეჭრას ამართლებს - 20 ბოთლი არყისა და იტალიური ღვინოს ამბავი

სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც ბერლუსკონი პუტინთან განახლებულ ურთიერთობაზე ჰყვება და უკრაინაში შეჭრას ამართლებს - 20 ბოთლი არყისა და იტალიური ღვინოს ამბავი

იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-ს გამოქვეყნებულმა ხმოვანმა ჩანაწერმა, რომელშიც 86 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი პუტინთან "აღდგენილი“ ურთიერთობის შესახებ ლაპარაკობს, დიდი ხმაური გამოიწვია. აუდიოჩანაწერში ბერლუსკონი ამბობს, რომ პუტინმა, წინა თვეში, დაბადების დღეზე მას 20 ბოთლი არაყი და "ძალიან თბილი წერილი“ გაუგზავნა.

პოლიტიკოსის ოფისმა CNN-თან დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა და დააკონკრეტა, რომ ის პარლამენტის პალატაში ბერლუსკონის "Forza Italia" პარტიის შეხვედრაზე ფარულად ჩაიწერეს. "Lambrusco-ს (იტალიური ცქრიალა ღვინო) რამდენიმე ბოთლი და არანაკლებ თბილი წერილი გავუგზავნე საპასუხოდ“,- ამბობს ბერლუსკონი ჩანაწერში. მან ისიც აღნიშნა, რომ პუტინთან ურთიერთობა განაახლა. ის ტრაბახობს, რომ პუტინმა მას ნამდვილი მეგობრების სიაში, რომელიც 5 ადამიანისგან შედგება, ნომერ პირველი უწოდა.

პუტინი და ბერლუსკონი. 2015 წ.

ბერლუსკონის პარტიის სპიკერმა უარყო პუტინის და ბერლუსკონის კონტაქტი ამჟამად და თქვა, რომ ყოფილი პრემიერი პარლამენტარებს "ძველ ისტორიას, მრავალი წლის წინანდელ ეპიზოდს უყვებოდა“.

არადა, ირკვევა, რომ პუტინმა და ბერლუსკონიმ უკრაინის ომზეც ისაუბრეს. ხმოვან ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, როგორ ამბობს ბერლუსკონი, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყების ნებისმიერი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, რამაც უკრაინელი ხალხის აღშფოთება გამოიწვია.

ბერლუსკონი ხმოვან ჩანაწერში უკრაინას ადანაშაულებს ომის დაწყებაში:

"2014 წელს, მინსკში, უკრაინასა და დონბასის ორ ახლადშექმნილ რესპუბლიკას შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხმებოდნენ. უკრაინამ ეს ხელშეკრულება 1 წლის შემდეგ ჯოჯოხეთში მოისროლა და ამ ორი რესპუბლიკის საზღვრებს თავს დაესხა. სამხედრო დანაკარგები ორივე რესპუბლიკამ განიცადა. მას შემდეგ, ორივე რესპუბლიკა პუტინს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა", - ასე მოუთხრობს პარლამენტარებს ბერლუსკონი რუსეთ-უკრაინის ომის გამომწვევ მიზეზებზე.

"პუტინი ნებისმიერი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, რომელიც უკრაინაში შეჭრისკენ უბიძგებდა და ამიტომ სპეცოპერაციის დაწყება გადაწყვიტა: 1 კვირაში კიევში უნდა შეეღწიათ, დაემხოთ მთავრობა და ზელენსკი და შეექმნათ ახალი მთავრობა, რომელსაც კეთილგონიერი და საღად მოაზროვნე უკრაინელი უმცირესობა აირჩევდა, მომდევნო 1 კვირაში კი ჯარები უკან, რუსეთში უნდა დაბრუნებულიყვნენ", - ამბობს ის.

როგორც ბერლუსკონი აცხადებს, პუტინი უკრაინელებისგან არ ელოდა ამგვარ წინააღმდეგობას. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის გაჭიანურებაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთის მხრიდან უკრაინის თანხებითა და იარაღით მომარაგებამ:

"ომის მესამე დღიდან, უკრაინას, ფულითა და იარაღით დასავლეთი ამარაგებდა. ამის გამო, ორკვირიანი ოპერაციის ნაცვლად, ეს სპეცოპერაცია ორსაუკუნოვან ომად იქცა..“

იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან საუბრისას, სილვიო ბერლუსკონიმ თავისი კომენტარები დაიცვა და განაცხადა:

"ყველაფერი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. ჩანაწერი, დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების მიზნით, ჩემი სიტყვების გლობალური მნიშვნელობის ცოდნის გარეშე გავრცელდა. არ ვუარყოფ პუტინთან წარსულში ჩემს ურთიერთობას, რადგან ამან მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა“, - ამბობს ის.

წყარო: cnn.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა