ავტორი:

ხმაურიანი წასვლა და რბოლა პირველობისთვის: ვინ შეცვლის ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობაზე?

ხმაურიანი წასვლა და რბოლა პირველობისთვის: ვინ შეცვლის ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობაზე?

45-დღიანი მმართველობის შემდეგ, ლიზ ტრასმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

გადადგომისკენ მას კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მთავრობა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ არეულობამ მოიცვა.

”ვაღიარებ, რომ ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რომლითაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია”,- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილი მომავალი კვირის ბოლოს გახდება.

როგორც ცნობილია, პოტენციურ კანდიდატს სხვა კონსერვატორი დეპუტატებისგან მინიმუმ 100 ნომინაცია სჭირდება, რათა ხმის მისაცემ ბიულეტენში მოხვდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა მხოლოდ სამ პოლიტიკოსს შეუძლია, რადგან სულ 357 კონსერვატორი დეპუტატია.

ამ დრომდე არავის დაუდასტურებია კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არის რამდენიმე პოტენციური კანდიდატი.

  • რიში სუნაკი

სუნაკი პრემიერობაზე კენჭს ამ ზაფხულს ბორის ჯონსონის შემცვლელადაც იყრიდა. მაშინ ფინალში ის ტრასთან ერთად გავიდა და კონსერვატორი-დეპუტატების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერაც მიიღო. თუმცა, კამპანიის დროს მან განაცხადა, რომ მისი მოწინააღმდეგის გეგმები დაბეგვრის შესახებ, ეკონომიკას ზიანს მოუტანდა. მისი ეს განცხადება არ მოეწონათ პარტიის წევრებს და საბოლოოდ მან 21 000 ხმით წააგო.

ცნობისთვის, ტრასის გეგმა იყო 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა გუნდში აცნობიერებდნენ იმას, რომ ამისთვის მას დიდი ძალისხმევაც დასჭირდებოდა.

სუნაკი დეპუტატი 2015 წელს გახდა, რიჩმონდის ჩრდილოეთ იორკშირის საარჩევნო ოლქში. ვესტმინისტერის გარეთ ცოტას თუ სმენია მის შესახებ, მაგრამ 2020 წელს ის ხაზინის კანცლერი გახდა. მისი პოპულარობა მალე გაიზარდა. თუმცა, მისი რეპუტაცია დაირღვა ცოლის საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირების შემდეგ და არც ისე დიდი ხნის შემდეგ მან ჩაკეტვის წესების დარღვევისთვის ჯარიმა მიიღო.

კონსერვატორების დეპუტატმა ანგელა რიჩარდსონმა უკვე აღუთქვა მხარდაჭერა ბატონ სუნაკს და განაცხადა: "ზაფხულის შემდეგ, ჩემი შეხედულებები სუნაკის მხარდაჭერაზე არ შეცვლილა. პირიქით, გასულმა ექვსმა კვირამ ის კიდევ უფრო განამტკიცა“.

  • პენი მორდაუნტი

პენი მორდაუნტმა პრემიერ-მინისტრობას გემო ამ კვირის დასაწყისში გაუგო, როცა პარლამენტში სწრაფი გამოკითხვის დროს ლიზ ტრასი დროებით შეცვალა.

თავდაჯერებული მუშაობისთვის მან დადებითი გამოხმაურებები მიიღო, ეს კი არ გამორიცხავს ვარაუდს, რომ ხელმძღვანელობაში ძალები მანაც კვლავ მოსინჯოს. უკანასკნელი არჩევნების დროს მან თანამემამულე დეპუტატებისგან ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა.

ტრასის მხარდაჭერის შემდეგ, იგი დაინიშნა თემთა პალატის ლიდერად და საიდუმლო საბჭოს ლორდ პრეზიდენტად - ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ახალი მეფის საბჭოსთან მიერთებას თავმჯდომარეობდა.

2019 წელს ქალბატონი მორდაუნტი შევიდა ისტორიაში და გახდა გაერთიანებული სამეფოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი.

ქალბატონი მორდაუნტი ამ დრომდე იღებდა მხარდაჭერას პარლამენტის დეპუტატებისგან - ჯონ ლამონტისგან, მარია მილერისგან, ბობ სელისა და დამიან კოლინზისგან.

  • ბორის ჯონსონი

ახალი ლიდერის არჩევამდე მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი, პრეტენდენტიც ბევრი ნაცნობი სახეა და მათ შორის შესაძლოა იყოს ადამიანი, რომელიც პრემიერი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ იყო. ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ ივლისში, მინისტრებისა და დეპუტატების მასობრივი წინააღმდეგობის შემდეგ განაცხადა.

თუმცა მას ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირეები როგორც პარლამენტში, ისე ზოგადად პარტიაში. ჯონსონის დიდი ხნის მხარდამჭერი, ნადინ დორისი ამტკიცებდა, რომ ის უნდა დაბრუნდეს, რადგან 2019 წლის არჩევნებზე მან ბრიტანეთის საზოგადოებისგან მანდატი მიიღო.

სხვა დეპუტატები, რომლებმაც ღიად გამოთქვეს ჯონსონის მხარდაჭერა, არიან: პოლ ბრისტოუ, ბრენდან კლარკ-სმიტი, ანდრეა ჯენკინსი და მაიკლ ფაბრიკანტი.

  • ბენ უოლასი

თავდაცვის მინისტრს ბევრი კოლეგა-დეპუტატი მიიჩნევს სანდო ხელად ამ თანამდებობაზე.

მისტერ უოლასმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიპყრო, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვეტილება ადრევე მიიღო და კიევს იარაღითა და წვრთნებით დაეხმარა.

მიუხედავად ბრექსიტის წინააღმდეგობისა, უოლესი ბორის ჯონსონის მთავარი მხარდამჭერი იყო და მინისტრთა კაბინეტში პოსტი 2019 წელს დაიკავა.

ვიდრე პოლიტიკოსი გახდებოდა, ის გერმანიაში, კვიპროსში, ბელიზსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ჯარისკაცად მსახურობდა, სადაც ირლანდიის რესპუბლიკური ჯარის მხრიდან ბრიტანელ ჯარისკაცებზე თავდასხმა აღკვეთა.

მას შემდეგ, რაც ჯონსონი გადადგა, გაჩნდა წინადადებები, რომ მისტერ უოლასს კენჭი ეყარა - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ლიდერობდა გამოკითხვებში, რომელსაც Conservative Home-ის ვებ-გვერდი მართავდა - თუმცა მან არჩია მხარი ქალბატონი ტრასისთვის დაეჭირა.

  • კემი ბადენოჩი

კემი ბადენოჩი მოულოდნელი კანდიდატი აღმოჩნდა უკანასკნელ რბოლაში და მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოიგო, კონკურსმა მნიშვნელოვნად გაზარდა მისი პოპულარობა.

მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უმცროსი მინისტრი იყო, მან შეძლო და უფროსი კონსერვატორის, მაიკლ გოუვის მხარდაჭერა მოიპოვა. კემი დაიბადა უიმბლდონში, სამხრეთ ლონდონში, იზრდებოდა შეერთებულ შტატებსა და ნიგერიაში, სადაც მისი ფსიქოლოგიის პროფესორი დედა ლექციებს კითხულობდა.

პარლამენტში მოსვლამდე ის მუშაობდა კერძო ბანკში Coutts-ში და ასევე ჟურნალში The Spectator. ყველაზე მაღალი თანამდებობა, რაც დღემდე მთავრობაში ეკავა, იყო საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.

  • სუელა ბრავერმანი

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მისმა გადადგომამ ზეწოლა მოახდინა ლიზ ტრასზე და ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობიდან 24 საათზე ნაკლებ დროში გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ბრავერმანის წასვლა ვითომ მონაცემების დარღვევას შეეხებოდა, მისი გადადგომის წერილი მიუთითებდა მიგრანტების შესახებ წარმოქმნილ უთანხმოებაზე. ყოფილი ადვოკატი არის "ბრექსიტის“ მომხრე. ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ ის არჩევნების ბოლო კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ მეორე ტურში კენჭისყრით შედეგებით გამოეთიშა.

მისი მშობლები ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში კენიიდან და მავრიკიდან წავიდნენ. დედაც და მამაც ადგილობრივი პოლიტიკის წარმომადგენლები იყვნენ.

ბრევერმანი მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრი იყო, რომელმაც დეკრეტული შვებულება გამოიყენა - ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გამოყენება შეეძლოთ. მანამდე, დეკრეტული შვებულების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელი იყო გადადგომა.

ცნობისთვის, გადადგომის შესახებ წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩება მანამ, ვიდრე მის მემკვიდრეს ოფიციალურად აირჩევენ და მეფე ჩარლზ III მას პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი