ავტორი:

"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი" - მოსამართლის თქმით, სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერში დოროყაშვილზე ძალადობის ფაქტი არ ჩანს

"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი" - მოსამართლის თქმით, სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერში დოროყაშვილზე ძალადობის ფაქტი არ ჩანს

სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის ფაქტი არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ აშშ-ის ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილის მხრიდან მასზე ძალადობას ასახავდა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგინა, რომელიც დაადგენდა, ნამდვილად ასახავდა თუ არა ჩანაწერი ძალადობას.

"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი, ბრალდების მხარე ბრძანებდა, რომ ჩანს ამ ჩანაწერში ძალადობა, დაცვა ბრძანებდა, რომ ძალადობა არ ჩანს. სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის ფაქტი არ ჩანს. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნებოდა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტი დაადგენდა, ჩანდა თუ არა ძალადობის ფაქტი, ამგვარი ექსპერტიზა საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად არ იყო საკმარისი მტკიცებულებები ამ ნაწილში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად“, - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ასევე, მოსამართლის თქმით, საქმეში არსებობს მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ იმ დღეს, როცა ჩანაწერია გაკეთებული, დოროყაშვილი ნახა, თუმცა მას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.

  • ამასთან, მოსამართლის განცხადებით, არსებობს ჩანაწერის თანადროული ფოტო, რომელშიც ნელი დოროყაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ ჩანს.

"ნელი დოროყაშვილი ბრძანებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დატოვა სასტუმროს ნომერი, ის იყო უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მას ჰქონდა მცდელობა თვითმკვლელობის, მცდელობა თუა რა აზრები, თუმცა ამის პარალელურად გვაქვს, რომ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მართლაც ტოვებს ნომერში მარტო ნელი დოროყაშვილს და ნელი დოროყაშვილს ჩანაწერი არ მიაქვს პოლიციის განყოფილებაში და ის მიდის დაბადების დღეზე, სადაც მისი ამ სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე ობიექტურად არ უნდა ჰქონოდა უნარი საათნახევრიანი ძალადობის შემდეგ.

როგორც იუბილარი ამ წვეულების, მოწმე ლანჩავა გვეუბნება, ნელი დოროყაშვილს არ უთქვამს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. თითქმის მთელი ამ დაბადების დღის განმავლობაში ნელი დოროყაშვილი საუბრობდა, რომ მას ჰყავს ცუდი დედამთილი, რომელიც უხეშად ერევა მათ თანაცხოვრებაში, უნგრევს ოჯახს, თუმცა იქვე სთხოვდა ლანჩავას დახმარებოდა, რომ დაედგინათ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილსამყოფელი, რამეთუ „ისე დატოვა ნომერი არ ვიცი სად წავიდა, ვღელავ რაიმე არ დაემართოსო“.

ასევე ეს მოწმე ბრძანებს, რომ ნელი დოროყაშვილს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილზე დაზიანების არანაირი კვალი არ ემჩნეოდა, არადა ლოგიკურად მას დაზიანება უნდა ჰქონოდა, მასზე ძალადობდნენ ხელებით, ფეხებით და 20 კილოიანი ჩანთით.

გვაქვს ფოტო, რომელიც გამოიკვლია დაცვის მხარემ ამ ფოტოს მიხედვით, ამ შესაძლო ძალადობის შემდეგ ნელი დოროყაშვილი იმყოფება ერთ-ერთ დაწესებულებაში, სავარაუდოდ სასტუმროა. ჩანს კარგად თითქმის მთელი მისი სხეული, სახე, ყელი, ხელები, აცვია მოკლე ქვედაბოლო, ჩანს თითქმის მთელს რაკურსში მისი კიდურები, თუმცა არც ამ ფოტოზე არ ჩანს ძალადობის კვალი“, - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ „ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება ორი წლის შემდეგ საქართველოში ანუ სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა“.

  • მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალის ეკონომიკური დანაშაულის ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის ფაქტი.

"დაზარალებული ბრძანებდა, რომ თანაცხოვრების პირობებში მასზე მისი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი ახორციელებდა ეკონომიკურ ძალადობას, უბლოკავდა მას შესაბამის „კარტას“ და იგი იძულებული ხდებოდა, რომ დახმარება მიეღო მეგობრებისგან, ახლობლებისგან და განსაკუთრებით საყურადღებოა ამერიკის ეპიზოდი. დაზარალებული ბრძანებდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ბარათი და იგი იძულებული გახდა დახმარება მიეღო მამის მეგობრის მხრიდან. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ მოვისმენდით იმ პირის ვინაობას, ვინ იყო მამის მეგობარი, რამეთუ დაცვის მხარე, რომელიც ატარებს ალტერნატიულ გამოძიებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს, თუმცა სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი და გვარი. შესაბამისად იმთავითვე გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში.

ამის საპირწონედ დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია საბანკო ანგარიშსწორება, ამონაწერი ბანკიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ იქამდე საქართველოშიც ამ ამონაწერების მიხედვით არ ფიქსირდება რომელიმე ეტაპზე ბარათის დაბლოკვის ფაქტი. შესაბამისად სასამართლოს გაჩნდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე წარმოუდგენდა სასამართლოს სხვა მტკიცებულებას, იგივე ბანკიდან გამოთხოვილ მტკიცებულებას,ს ადაც მითითებული იქნებოდა, რომ მართალია ამ ანგარიშებში, ამონაწერებში არ ჩანს დაბლოკვის ფაქტი, თუმცა რეალურად ეს ბარათი გარკვეულ პერიოდში იბლოკებოდა, თუმცა ამგვარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, არ იქნა წარმოდგენილი. ნელი დოროყაშვილს, რომელიც ახორციელებს ვიდეო-აუდიო გადაღებებს, აარქივებს მიმოწერებს, მას შეეძლო მინიმუმ მობაილბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია და „დასქრინული“ სახით წარმოედგინა სასამართლოზე, თუმცა ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის ფაქტი“, - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედებოდა ბრალი.

ნახეთ ასევე: