ავტორი:

"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე?

"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე?

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მიშა ყაფლანიშვილია (კაპლანი).

მებრძოლის შესახებ მისი მეგობარი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გვესაუბრა:

"მე და მიშა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ბოლო მიმოწერა გუშინ გვქონდა, ფრონტიდან თავის ამბებს და ვიდეოებს მიგზავნიდა. მიშა გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი იყო. ის მე და დათო ქაცარავას 2017 წელს, მაშინ დაგვიკავშირდა, როცა საოკუპაციო ხაზზე პატრულირება დავიწყეთ, ძალიან აქტიურობდა და ჩვენთან ახლო კონტაქტში შემოვიდა. როცა საქართველოში ჩამოდიოდა, პერიოდულად, საოკუპაციო ხაზთან მოდიოდა. ძალიან განიცდიდა და აპროტესტებდა ოკუპაციას. მიშა დადებითი აურის ადამიანი იყო და უცბათ შეგვაყვარა ყველას თავი, ვეხვეწებოდით, ხშირად ჩამოსულიყო. მას ჩვენთან ერთად ეძინა ატოცში, იმ პირობებში ცხოვრობდა, რაშიც ჩვენ ვიყავით. მიშა 40 წლამდე ასაკის იქნებოდა.

მან შეგნებულად გადაწყვიტა უკრაინაში წასულიყო და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყო. საქართველოდან პირველი მოხალისეთა ნაკადი რომ წავიდა, მათ გაჰყვა და სულ იქ იყო, არ დაუტოვია ფრონტის ხაზი. როგორც გვითხრეს, მიშა დღეს ლუგანსკთან დაიღუპა საარტილერიო დაბომბვისას. ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბატალიონში ირიცხებოდა, სადაც უმეტესწილად ქართველები არიან.

  • როგორც ბიჭები მეუბნებიან, მათ ბატალიონს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, მიშა მაგრად იბრძოდა, წინ მიდიოდა და ყელში მოხვედრია ნამსხვრევი. ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს...

მიშა, ზოგადად, ყოველთვის ურთულეს მონაკვეთებზე, სადაც ცეცხლი და ქარბორბალა ტრიალებდა, იქ იყო. ყველა მიმოწერისას სულ იმას ვეუბნებოდი - მიშა, თავს გაუფრთხილდი... მას ალბათ გერმანიაში გადაასვენებენ, სადაც ოჯახი ჰყავს, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მგონია, მიშა იმას იმსახურებს, რომ საქართველოშიც მივაგოთ პატივი და მერე გადაასვენონ. არ ვიცი, ოჯახი რას გადაწყვეტს.

მიშა ყაფლანიშვილია და კაპლანს გერმანიაში ატარებდა. ძალიან აქტიური იყო ყველა კუთხით, გერმანიაში თავისი ბიზნესი და ნორმალური პირობები ჰქონდა, მართლა აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა ოკუპანტებთან საბრძოლველად. მიშასნაირი პატრიოტი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. სხვათა შორის, ის 20 ივნისის აქციაშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც აქციები იყო, მიშა ყველგანჩნდებოდა.

არ მახსოვს მისგან აგრესია, ცუდი მოქცევა, პოლიციელების მიმართ არასდროს ჰქონდა აგრესია, მათ სულ იმას მოუწოდებდა, ბიჭებო, ასეთ ბრძანებას ბნუ შეასრულებთ, პატრიოტები ხართ, ვიცი, ძალიან გიყვართ სამშობლო და მისთანები. ყოველთვის ყველას ეფერებოდა, არ მახსოვს მისგან შეურაცხმყოფელი სიტყვა, ან მოქმედება.

20 ივნისსაც მომიტინგეებს შორის იდგა და ხალხს აშველებდა, ჯაჭვი გავაკეთეთ და შუაში ვიდექით, სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის შეჯახება რომ არ მომხდარიყო. ასეთი ბიჭი იყო მიშა, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდა, ყველგან თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა. ყველგან სწორი, მართალი და გულწრფელი ადამიანი იყო. ძალიან გული მწყდება... სამწუხაროდ, ლუგანსკთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 22-ე ბიჭია დაღუპული, 24 წლის. ისიც მიშას ბატალიონში იყო, მაგრამ არ ვახმაურებთ, იქნებ, ოჯახმა არც იცის...