ავტორი:

"მძაბავს ჟოზეს სიტყვები... ბიჭის შეჩერებას ყველანაირად შეეცდებიან - დასაშვები და არდასაშვები წესებით" - მოურინიოს ხუმრობა "კვარაზე" და აღშფოთებული იტალიელები

"მძაბავს ჟოზეს სიტყვები... ბიჭის შეჩერებას ყველანაირად შეეცდებიან - დასაშვები და არდასაშვები წესებით" - მოურინიოს ხუმრობა "კვარაზე" და აღშფოთებული იტალიელები

"ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიასთვის დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩია. "სერია ა"-ს ფარგლებში ნეაპოლური გუნდი ურთულეს მეტოქეს, "რომას" დაუპირისპრდება, რომლის მთავარი მწვრთნელიც "განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიოა.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიომ კვარაცხელიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და კითხვას, თუ როგორ აპირებენ "კვარას" შეჩერებას, ხუმრობით უპასუხა, რომ "ფეხს დაუდებს და წააქცევს."

"თუ მატჩის დროს ჩემთან ახლოს ჩაივლის, ვეცდები, ფეხი დავუდო. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ახლა ძალიან მარტივია იმის თქმა, რომ ქართველი ყველას აინტერესებდა, მთავარი ისაა, რომ "ნაპოლიში" წავიდა, კლუბმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და ძალიან კარგი ფეხბურთელი დაიმატა. თავის მხრივ, კვარაცხელიამაც კარგი არჩევანი გააკეთა", - უპასუხა მოურინიომ.

მოურინიომ მართალია იხუმრა, თუმცა იტალიურ მედიაში მის ამგვარ ფრაზას დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.

  • ცნობილმა ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ მას "ძაბავს მოურინიოს მიერ ნათქვამის სიტყვები."

"მოურინიოს რეაქცია იმის შესახებ, როგორ შეაჩეროს კვარაცხელია, მე მძაბავს. სინამდვილეში სტრიქონებს შორის წავიკითხე, რომ ბიჭის შეჩერებას ყველანაირად შეეცდებიან - დასაშვები და არდასაშვები წესებით. "რომას" შესაძლო უხეში თამაშის გამო ძალიან ვშიშობ, უფრო იმიტომ, რომ უკვე რამდენიმე თვეა ვაკვირდები მსაჯები როგორ არ აფრთხილებენ ფეხბურთელებს. ხშირად ისინი ამჯობინებენ ბარათი ჯიბეში შეინახონ, ვიდრე წესების დამრღვევს უჩვენონ.

კვარაცხელია მეურვის მოტყუებისკენაა მიდრეკილი და სისტემატურად ურტყამენ ფეხებში. არ დავმალავ: ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, "ჯალოროსი" როგორ შეეცდება 77 ნომრის შეჩერებას, განსაკუთრებით მოურინიოს ნათქვამის შემდეგ. იმედია, მსაჯი მაშინვე გამოიყენებს ყვითელ ბარათებს", - ამბობს ჟურნალისტი.

ცნობისთვის რომა-ნაპოლის დაპირისპირება დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.